in

რა შედის მებაღის მომსახურებაში და როგორია მისი ფასი ქართულ ბაზარზე?

ბაღის მოვლითა და ლანდშაფტის დიზაინით ბევრი ადამიანია დაინტერესებული, განსაკუთრებით, გაზაფხულზე და ზაფხულში. იმისათვის, რომ თქვენი სახლის ექსტერიერი მუდმივად მოწესრიგებულად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს, პროფესიონალის დახმარება აუცილებლად დაგჭირდებათ. დღევანდელ სტატიაში მებაღის საქმიანობის სპეციფიკასა და მომსახურების ფასებს გაგაცნობთ.

რა შედის მებაღის მომსახურებაში, როდესაც ბაღის მოვლა გსურთ?

ბაღის დიზაინერი ანა დავრიშაშვილი გვიხსნის, რომ მებაღეს სხვადასხვა რამ ევალება, იმის მიხედვით, თუ რა სურს დამკვეთს: „უკვე გაშენებულ ბაღში მებაღე ზრუნავს მცენარეების დარგვაზე, საჭიროების შემთხვევაში, მათ მკურნალობაზე, გადარგვაზე, გასხვლაზე, გაზონის გაკრეჭაზე, სარეველების ამოძირკვაზე და ა. შ. იგი პასუხისმგებელია, თქვენი ბაღი ყველა სეზონზე შთამბეჭდავა გამოიყურებოდეს“.

ანა გვიხსნის, რომ ნებისმიერი მცენარის დარგვამდე აუცილებელია, მომხმარებელმა მებაღეს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია მიწის მჟავიანობისა (PH) და ბაღის განლაგების შესახებ (არსებობს მზის, ჩრდილისა და ნახევრად ჩრდილის მოყვარული მცენარეები). ჩვენი რესპონდენტის თქმით, წინასწარ უნდა მომზადდეს სუბტრატი (მიწის ნაზავი). ეს მცენარისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ის ცოცხალი არსებაა და გადარგვისას სტრესს განიცდის: ჯანსაღი მცენარისთვის აუცილებელია სასუქი. მებაღე წყვეტს, რა ტიპის სასუქია საჭირო – ქიმიური თუ ბიოლოგიური. დღესდღეობით ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიოსასუქს, იქნება ეს კომპოსტი თუ გამომწვარ ნაკელი“.

მებაღის მოვალეობაში შედის დაავადებების აღმოჩენაც, მცენარეების სწორი მკურნალობა და კვირაში ერთხელ მათი შემოწმება. დაავადების აღმოჩენის შემდეგ ტარდება შეწამვლის პროცედურა, რომელიც მცენარისთვის აუცილებელია. ანა გვიხსნის, რომ ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ბიოშეწამვლას, რადგან ქიმიური ნივთიერების მოხმარება როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოსთვისაც საშიშია.

ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მებაღის მომსახურება ასევე გულისხმობს მცენარის გასხვლა-ფორმირებასა და სარწყავი სისტემის გამართულ მუშაობაზე ზრუნვასაც: „გასხვლა-ფორმირება კონკრეტულ სეზონზეა მიზანშეწონილი. მებაღე წელიწადში რამდენჯერმე მიმართავს ფორმირებას. ეს მცენარეზეა დამოკიდებული – ცოცხალი ღობისთვისაა, საბორდიურეა თუ ტოპიარიული. რაც შეეხება გასხვლას, ეს პროცედურა ძირითადად ადრეულ გაზაფხულზე ტარდება. მებაღის მოვალეობაში შედის სარწყავი სისტემის მოწესრიგებაც: იგი უზრუნველყოფს სისტემის სწორად მუშაობას და არეგულირებს მორწყვის გრაფიკს. საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია დააყენოს ახალი სარწყავი სისტემაც“.

ანა გვიხსნის, რომ მნიშვნელოვანია, დამკვეთმა ერთმანეთისგან განასხვაოს მებაღე და ბაღის დიზაინერი და მებაღისგან არ მოითხოვოს ბაღის დაგეგმარება, რაც უშუალოდ დიზაინერის მოვალეობაა. მებაღე პროექტის მიხედვით ასრულებს სამუშაოს. მას შეუძლია, მომხმარებელს კონსულტაცია გაუწიოს, ბაღის მდგომარეობა შეაფასოს ან რეკომენდაცია გასცეს მცენარეების შერჩევისა და მოვლის, ასევე დაავადებების პრევენციისა და ნიადაგის გაუმჯობესების შესახებ.

„შესაძლოა, სხვადასხვა მებაღე სხვადასხვა მომსახურებას გთავაზობდეთ. ზოგიერთი სპეციალიზებულია კონკრეტულ სფეროში, მაგალითად, ორგანულ მებაღეობაში ან სპეციფიკური მცენარეების მიმართულებით. სასურველია, მასთან უშუალოდ თქვენი საჭიროებები და მოლოდინები განიხილოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი იდეების განხორციელება ნამდვილად შესაძლებელია“, – აღნიშნავს ანა.

ჩვენი მეორე რესპონდენტი, კომპანია „Green Side Service“-ი, ლანდშაფტის დიზაინსა და გამწვანებასთან ერთად, მომხმარებელს ბაღისა და ეზოს მოვლის მომსახურებასაც სთავაზობს. მომსახურებაში შედის ხე-მცენარეების მოვლა, შეწამვლა, გაზონისა და ბილიკების მოწესრიგება.

„მოვლილი ეზო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანზე და მის ყოველდღიურობას გაცილებით კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ, სასურველია, ეზოში არსებული მწვანე საფარისა და ხე-მცენარეების მოვლა პროფესიონალს მივანდოთ. ლანდშაფტის დიზაინის პროექტირებასა და გამწვანებასთან ერთად, ჩვენი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება  ეზოს მოვლის მომსახურებაა, რომელიც გულისხმობს მწვანე საფარის მოვლას, გაზონის გათიბვას, ხე-მცენარეების შეწამვლა-ფორმირებას როგორც სეზონურად, ასევე ინდივიდუალურად, ბილიკების მოწესრიგებასა და სივრცის დასუფთავებას“, – გვიხსნიან „Green Side Service“-ში. 

რა შედის მებაღის მომსახურებაში, როდესაც ოთახის მცენარეების მოვლა გსურთ?

ანა დავრიშაშვილის თქმით, ოთახის ყვავილების მოვლა რამდენიმე მომსახურებას გულისხმობს. ესენია:

მორწყვა – შიდა მცენარეების რეგულარულად მორწყვა მათი სპეციფიკური საჭიროებიდან გამომდინარე, რაც უზრუნველყოფს ნიადაგის შესაბამის ტენიანობას.

გასხვლა და მოვლა – მკვდარი ან გაყვითლებული ფოთლების მოჭრა და მოცილება, მცენარის მთლიანი იერსახის შენარჩუნება.

განაყოფიერება – მცენარეების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მათი უზრუნველყოფა შესაბამისი სასუქითა და მცენარეული საკვებით.

დაავადებების აღმოჩენა – მცენარეებზე დაკვირვება და დაავადებების აღმოჩენა.

გადარგვა – საჭიროების შემთხვევაში მცენარეების გადარგვა, რაც მათი ფესვების ზრდისთვის აუცილებელია.  

რა ღირს მებაღის მომსახურება საქართველოში და რა განსაზღვრავს მის ფასს?

ანა დავრიშაშვილი აღნიშნავს, რომ მებაღის მომსახურების ღირებულება საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული:

  • ადგილმდებარეობა – ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს მდებარეობის მიხედვით. დიდ ქალაქებში მებაღის მომსახურების ფასი უფრო მაღალია. ამის ძირითადი მიზეზი ცხოვრების ხარისხი და მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნაა.
  • ბაღის ზომა და სირთულე – დიდი, რთული მახასიათებლების მქონე ბაღებს მეტი დრო, ძალისხმევა და საგანგებო აღჭურვილობა სჭირდება, რაც მებაღის მომსახურების ფასზეც აისახება.
  • მომსახურების ტიპი – ყველა მომსახურებას განსხვავებული ფასი აქვს. მაგალითად, გაზონის თიბვა და სარეველა ბალახის მოცილება შედარებით ნაკლები ღირს, ვიდრე მცენარეების დარგვა, ფორმირება ან ლანდშაფტის დიზაინი.
  • მომსახურების სიხშირე – რამდენადაც ხშირად იყენებთ მებაღის მომსახურებას, მით უფრო მეტი თანხის გადახდა გიწევთ. როგორც წესი, მცენარეების რეგულარული მოვლა უფრო ძვირი ჯდება.
  • გამოცდილება – მებაღის კვალიფიკაცია, გამოცდილება და საქმიანი რეპუტაცია ასევე მოქმედებს ფასზე. ცხადია, მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ მებაღეს სხვებთან შედარებით მაღალი ტარიფები აქვს.
  • დამატებითი ხარჯები – გასათვალისწინებელია, რომ ისეთი დამატებითი ხარჯები, როგორიცაა მცენარეების, სასუქის ან ბაღისთვის საჭირო სხვა მასალის შეძენა, მებაღის მომსახურების საფასურში არ შედის.

ანა აღნიშნავს, რომ მებაღის ერთჯერადი ვიზიტის საშუალო ღირებულება 80-იდან 200 ლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია ეზოს სირთულესა და ზომაზე.

კომპანია „Green Side Service“-ში ამბობენ, რომ მათი გამოცდილებით, ეზოს მოვლის შემთხვევაში მებაღის მომსახურება საშუალოდ 500-იდან 1000 ლარამდე მერყეობს. ფასში შედის თვეში 4 ვიზიტი. კომპანია უზრუნველყოფს ბაღის მოვლისთვის საჭირო ყველა ინვენტარსა და პრეპარატს. მომსახურების ღირებულება ძირითადად სამუშაოს სირთულით, მცენარეების სპეციფიკითა და ტერიტორიის ფართობით განისაზღვრება. ამ ყველაფერს კომპანიის წარმომადგენელი ადგილზე, უფასო კონსულტაციის ფარგლებში აფასებს.

რაც შეეხება ოთახის ყვავილების მოვლის სერვისს – „ოთახის ყვავილების მოვლის მომსახურების ღირებულება ისეთი ფაქტორების მიხედვით განისაზღვრება, როგორებიცაა: მცენარეების რაოდენობა და სახეობები, მებაღის ვიზიტის სიხშირე და მოვლის სპეციფიკა. ერთი ვიზიტი, დაახლოებით, 80-დან 150 ლარამდე ღირს“, – აღნიშნავს ანა დავრიშაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ფასების დიაპაზონი სავარაუდოა და შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული მოთხოვნების, მდებარეობისა და მებაღეობის მომსახურების მიხედვით.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

„სახლი თვალით“ — საინტერესო პროექტი შვეიცარიაში

ველური ბუნებით შთაგონებული ბინა ლისის მიმდებარედ – ელიზაბეტ ლეფსის ინტერიერი