ლალიკო შაშიაშვილი ბავშვობიდან ხატავდა და დაინტერესებული იყო ინტერიერის დიზაინით. მისი ოჯახის წევრებიც ხელოვანები არიან, რის გამოც ამ სფეროსთან ყოველდღიური კავშირი ჰქონდა. ცხადია, ამ გარემოებამ მის პროფესიულ არჩევანზეც იმოქმედა. დღევანდელ ინტერვიუში დიზაინერი საყვარელი პროფესიისა და განვლილი გზის შესახებ საუბრობს.
ლალიკო, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე. როგორ გარემოში იზრდებოდით?
ხელოვანთა გარემოცვაში გავიზარდე, ამიტომ მთელი ბავშვობა ნახატებსა და ნახაზებს ვუყურებდი. სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია. დედა, მერი ბეჟენიშვილი, სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდეგ თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში დაიწყო პედაგოგად მუშაობა. მამამ, არქიტექტორ-დიზაინერმა თამაზ შაშიაშვილმა, სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. იმ პერიოდში ამ მომსახურებით თითქმის არავინ სარგებლობდა, ამიტომ არქიტექტურით დაკავდა. ძირითადად თეატრებს აპროექტებდა, შემდეგ კი მათი ინტერიერის დიზაინზეც მუშაობდა. მას არაერთი პროექტი განუხორციელებია – რუსთაველის თეატრის რეკონსტრუქცია, კონსერვატორიის მცირე დარბაზის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია, მარჯანიშვილის თეატრის რეკონსტრუქცია, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, არაერთი კულტურის სახლი თუ დარბაზი. ერთად ვიმუშავეთ სომხური თეატრის შენობაზეც, რომელიც თავიდან აშენდა.
მეც ბავშვობიდანვე მიყვარდა ხაზვა და ხატვა. თავდაპირველად გრაფიკოსობაზე ვოცნებობდი. იმ პერიოდში სამხატვრო აკადემიაში დიდი კონკურსი იყო, ამიტომ ინტერიერის დიზაინზე შევჩერდი. მოგვიანებით ძალიან შემიყვარდა ჩემი პროფესია და სხვა რამეზე აღარც მიფიქრია. ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც ხელოვანები არიან: ჩემი და, თაკო შაშიაშვილი – გრაფიკოსი, ერთ-ერთი დისშვილი – ფერმწერი, მეორე კი კომპიუტერული გრაფიკოსია. ახლახან ჩემმა შვილმაც ინტერიერის დიზაინი აირჩია და ამ ფაკულტეტის სტუდენტია, რაც ძალიან მახარებს.
გვიამბეთ, როგორ განვითარდა თქვენი კარიერა.
როგორც გითხარით, ბავშვობიდან ვხატავდი. დასთან ერთად ფილარმონიაში დავდიოდი ხატვის წრეზე, უშანგი ლონდარიძის ჯგუფში. შემდეგ მხატვრის სახლში განვაგრძე სწავლა გია გუგუშვილის ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, დამოუკიდებლადაც ბევრს ვსწავლობდი. იმის გამო, რომ ხაზვაც ძალიან მიყვარდა, ინტერიერის შექმნა მიმარტივდებოდა. სამხატვრო აკადემიის დასრულება არეულ პერიოდს დაემთხვა. ქვეყანა ინგრეოდა, ვის ახსოვდა ინტერიერის დიზაინი… ჩემი პროფესიით დასაქმება გამიჭირდა. მეგობართან ერთად პატარა სტუდიის გახსნა გადავწყვიტე, სადაც ბავშვებს ხატვას შევასწავლიდი. ამასობაში ქვეყანამ განვითარება დაიწყო, მშენებლობა აღდგა და ხალხმაც ყურადღება მიაქცია ინტერიერის დიზაინს. მეც ნელ-ნელა დავუბრუნდი ჩემს პროფესიას. მახსოვს, პირველი პროექტი მეგობრის სახლის დიზაინი იყო. შემდეგ სხვა მეგობრების სახლებზეც დავიწყე მუშაობა. ძირითადად კერძო სახლის დიზაინს ვაკეთებდი, პარალელურად კი მამაჩემთან ერთად ვაგრძელებდი საქმიანობას. 2007 წლიდან ჩავერთე თბილისის რეაბილიტაციის პროექტებში მამასა და ბატონ ვაჟა ორბელაძესთან ერთად. არაერთი შენობა დავაპროექტეთ თბილისსა და სხვა ქალაქებში – თელავში, ბათუმში, ახალციხეში, სიღნაღში, წყალტუბოში, ქუთაისში. ამჟამად საქართველოს უნივერსიტეტში ინტერიერის დიზაინს ვასწავლი და ინდივიდუალურ პროექტებზეც ვმუშაობ.
როგორ შეაფასებდით თქვენი პროფესიისადმი დამოკიდებულებას საქართველოში?
ვფიქრობ, არც ისე დიდი ხანია, რაც საქართველოში არქიტექტურის სფეროს დაფასება და განვითარება დაიწყო. ცხადია, საბჭოთა პერიოდშიც არსებობდნენ არაჩვეულებრივი არქიტექტორები, რომელთა ვინაობა ბევრმა დღემდე არ იცის. მგონია, რომ ამ მხრივ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს. გვყავს არაერთი პროფესიონალი არქიტექტორი და დიზაინერი. განსაკუთრებით მომწონს ახალგაზრდა შემოქმედების აზროვნება და გემოვნება.
ეს პროფესია იმითაც გამორჩეულია, რომ მისი წყალობით შექმნილი მრავალწლიანი ნაგებობები არაერთ საინტერესო ისტორიას გვიამბობს. ძალიან სასიამოვნოა, როცა ქალაქში სეირნობისას შენ მიერ შექმნილ შენობებს ხედავ, თუმცა გულდასაწყვეტია, როდესაც შენს ნამუშევარს ყიდიან ან ასხვაფერებენ. ამ დროს თითქოს სხეულის ნაწილი გწყდება.
რას გვეტყვით თქვენს შემოქმედებაზე? რისგან იღებთ შთაგონებას?
შთაგონება შეიძლება ნებისმიერი რამისგან მივიღო. რა თქმა უნდა, პროექტზე მუშაობისას დამკვეთის გემოვნება და ხასიათი უნდა გაითვალისწინო, თუმცა, როდესაც თავისუფლებას გიზღუდავენ და ჩარჩოებში გაქცევენ, ისეთი ნამუშევარი აღარ გამოდის, როგორიც ჩაფიქრებული გქონდა. ამიტომაც ჩემთვის შემოქმედებითი თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია. ვცდილობ, არაფერი გავიმეორო, ამიტომ ყველა შენობა და ინტერიერი განსხვავებულია. ყოველთვის რაღაც ახალს ვეძებ, გამორჩეული დეტალების შექმნა მიყვარს. სამწუხაროდ, შემიმჩნევია, რომ ჩვენთან სიახლის დანერგვის ეშინიათ, ურჩევნიათ, სხვას მიბაძონ, რაც არასწორად მიმაჩნია. ვფიქრობ, ჩემი ხელწერისთვის ფერთა ფართო პალიტრაა დამახასიათებელი. ობიექტების დაპროექტებისას ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო, მე თუ მომეწონებოდა ის სივრცე, რომელსაც ვქმნი და ამის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებას.
თქვენს რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?
ერთ-ერთ საინტერესო ობიექტს გამოვყოფდი, დუპლექსის ტიპის სივრცეს ქობულეთის აღმართზე. დამკვეთს სურდა იატაკი, ჭერი და ნაწილობრივ კედლები ბეტონის ფაქტურით დამუშავებულიყო და რამდენიმე ფერზე გამეკეთებინა აქცენტი, რაზეც დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი. ასევე, ბოლო პერიოდის პროექტებიდან გამორჩეულია საცხოვრებელი სახლი, რომელიც მთლიანად ბუნებაშია ჩაფლული. ულამაზესმა ექსტერიერმა მისი ინტერიერიც განსაზღვრა და საბოლოოდ ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი შენობების ინტერიერში უფრო თავისუფალი ხარ, ის ყველა ადამიანის გემოვნებას უნდა მოარგო და უფრო თამამად შეგიძლია გამოიყენო ფერებიც და განსხვავებული მასალაც.
რას ეტყოდით ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს?
უპირველესად, იმას, რომ ეს პროფესია ძალიან რთულია. მუშაობის პროცესში ნებისმიერი ტიპის ადამიანს ხვდები და მასზე მორგება გიწევს. ამ სფეროში საჭიროა მრავალფეროვნება, თავისუფლება და სიახლისადმი ღიაობა; აუცილებელია სრულყოფილი ცოდნის მიღება და გამოცდილების დაგროვება, რაც პროფესიონალად ჩამოყალიბების საფუძველია.