სოლოლაკში მდებარე სახლი, რომლის საერთო ფართობი 270 მ2-ია, თეა მაქაცარიას ეკუთვნის. იგი პროფესიით ბალეტის მსახიობი და დამდგმელი ქორეოგრაფია. 2014 წელს თეამ ახალ საქმიანობას მიჰყო ხელი – მეგობრებთან ერთად ავეჯის სახელოსნო „Baum“-ი დააარსა, კომერციულ შეკვეთებზე დაიწყო მუშაობა და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში. 2019 წელს კი მეუღლესთან ერთად ავეჯის სახელოსნო „Me and Elvis“-ი ჩამოაყალიბა, სადაც 50-60-იანი წლების ავეჯის გარდაქმნის შედეგად ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს სძენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი რესპონდენტი პერიოდულად ინტერიერის დიზაინის მიმართულებითაც მუშაობს, რაც საკუთარი სახლის განახლებაში ძალიან დაეხმარა.
სოლოლაკში მდებარე ეს სახლი 25 წლის წინ მისმა შვილმა სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ საგაზეთო განცხადებაში აღმოაჩინა. ნანახით აღფრთოვანებულმა ოჯახმა ფართი მაშინვე შეიძინა. თავდაპირველად საცხოვრებელი ერთსართულიანი იყო. მეორე სართული და მანსარდა მას მოგვიანებით დააშენეს. თეა მიიჩნევს, რომ სახლის უნიკალურობას მისი მდებარეობა განსაზღვრავს: შენობის უკანა გზა ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება, ხედი კი მთელ ქალაქზე იშლება.
სახლის ინტერიერზე თავად თეამ იზრუნა. ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დიზაინს მუდმივად აახლებს: „სახლი ჩემი ხასიათისა და ცხოვრების კონკრეტული ეტაპების მიხედვით იცვლება. ვფიქრობ, ის ცოცხალი ორგანიზმია, იმდენად, რომ ადამიანებს ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩებათ, თითქოს ერთნაირი ხასიათი გვაქვს“.
ყურადღებას იქცევს ინტერიერში არსებული ნივთები, რომლებიც სახლის მფლობელის მიერაა დამზადებული. ასევე გამორჩეულია მაია აბაშიძის ნახატები და გიორგი დადიანის ფოტოები, რომლებიც სივრცეს განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს.
სახლი ნათელი, ღია სივრცეებით გამოირჩევა. ფუნქციური ზონები კი ავეჯისა და ტიხრების საშუალებით ისეა გამოყოფილი, რომ ერთიანობა არ ირღვევა.
პირველ სართულზე ვხვდებით გაერთიანებულ, დიდი სივრცეს, რომელშიც სამზარეულო, სასადილო და მისაღებია განთავსებული. კედლებისთვის – თეთრი, იატაკისთვის კი ღია ტონალობაა შერჩეული. საინტერესო და მრავალფეროვანი იერსახის შესაქმნელად გამოყენებულია ფერადი ავეჯი და ორიგინალური დიზაინობიექტები, რომლებსაც ინტერიერში რეტრო სტილის ელემენტები შეაქვს.
ყურადღებას იპყრობს მუქი მწვანე ფერის კარადა, ცისფერი და ღია ვარდისფერი დივნები, რომლებიც მყუდრო და ფერად გარემოს ქმნის. ხის ავეჯსა და ბუხარს სივრცეში თბილი და სასიამოვნო განწყობა შემოაქვს.
უხვი ბუნებრივი განათების მიუხედავად, ინტერიერში დიდ როლს ასრულებს ხელოვნური განათებაც, რომელსაც სხვადასხვა ზონაში ვხვდებით.
საძინებლების თეთრი კედლები ფერადი აქცენტებითაა დაბალანსებული. ოთახებს მყუდროებას სძენს შედარებით მუქი ხისფერი იატაკი, რომელიც კონტრასტს ქმნის კედლებსა და ჭერთან. სივრცის სხვა ნაწილების მსგავსად, აქაც მთავარ როლს ორიგინალური დიზაინის სანათები და აქსესუარები ასრულებს, განსაკუთრებით ეს ითქმის ნახატებზე, რომლებიც მთელ სახლს ამშვენებს. ერთ-ერთ ოთახში გვხვდება წიგნების კარადა და მუსიკალური კუთხე, რომელიც ინტერიერის გამორჩეული ელემენტია.
ბოლო სართული ორიგინალურობითა და საინტერესო იერსახით გამოირჩევა. აქ ვხვდებით გაერთიანებულ მოსასვენებელ სივრცეს, სამზარეულოსა და საძილე ზონას. სახლის ამ ნაწილშიც წამყვანი ტონი თეთრია. წითელი სკამი, მწვანე მომცრო კარადა, ყვითელი რადიო და შავი სავარძელი მცირე ჩამონათვალია იმ უცხო და ელეგანტური ავეჯისა, რომელიც ინტერიერში გვხვდება. სამზარეულო ძალიან მყუდრო და კომპაქტურია. კერძების მომზადებასა და მირთმევასთან ერთად, აქედან ლამაზი პეიზაჟით ტკბობაცაა შესაძლებელი.
სოლოლაკში მდებარე სახლი სახასიათო, ყველასგან გამორჩეული შტრიხებით, ჰარმონიული და მრავალფეროვანი ინტერიერით ხასიათდება. რეტრო სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი გადატვირთული არ არის, თუმცა, მდიდარია ფერადი ელემენტებით. აქ ყველაფერი მაცხოვრებლების გემოვნებასა და განწყობაზე მიუთითებს და ნებისმიერ სტუმარს თავს სასიამოვნოდ აგრძნობინებს.
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის