in

რომელი ქურა სჯობს — ელექტრო თუ ინდუქციური?

ქურის პანელი სამზარეულოს ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. თანამედროვე სახლებსა და ბინებში მათ უპირატესობას ანიჭებენ, რის გამოც კლასიკური ღუმელები აქტუალობას კარგავს. ენერგიის წყაროსთან კონტაქტის თვალსაზრისით, მათი ორი ძირითადი ტიპი გამოიყოფა: პირველი მუშაობს გაზზე, მეორე — ელექტროენერგიაზე. არსებობს ამ უკანასკნელის რამდენიმე ტიპი. დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ და ვეცდებით გავარკვიოთ, რომელი სჯობს — ელექტრო თუ ინდუქციური პანელი.

მოქმედების მექანიზმი

ელექტროპანელი

ამ ტიპის პანელის სანთურის ქვეშ მოთავსებულია გამაცხელებელი ელემენტი — გოფრირებული ლითონის ლენტი, სპირალი ჰალოგენური ნათურით ან მილისებური ელექტროგამაცხელებელი. დენის მიწოდებისას ჯერ  გამაცხელებელი ელემენტი თბება, შემდეგ – სანთურა და მასზე მოთავსებული ჭურჭელი. ენერგიის უმეტესი ნაწილი ჰაერში გამოიყოფა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ელექტროპანელი არა მხოლოდ სანთურაზე მოთავსებულ ობიექტს ათბობს, არამედ — ჰაერსაც.

ინდუქციური პანელი

ამ ტიპის პანელი ელექტრომაგნიტურ ინდუქციას ეფუძნება. მინა-კერამიკული საფარის ქვეშ მოთავსებულია მავთულის ინდუქციური ხვეული. მასში დენი გადის, რის შედეგადაც მაგნიტური ველი წარმოიქმნება, რომელიც  ჭურჭლის ლითონის მოლეკულებს ათბობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საკვებს ჭურჭელი ათბობს, თვითონ ღუმელი კი ცივი ან ოდნავ თბილი რჩება. ამასთან, ტემპერატურა სივრცეში არ ვრცელდება.

რომელი მოდელით დაზოგავთ ფულს?

იმისათვის, რომ ამ კითხვას ვუპასუხოთ, რამდენიმე გარემოების გათვალისწინებაა საჭირო:

  • პროდუქტის ღირებულება. ინდუქციური მოდელი გაცილებით მეტი დაგიჯდებათ. ფასით თვითონ ელექტროპანელებიც განსხვავდება. მაგალითად, მომინანქრებული საფარის ან უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მოდელები იაფია, მინა-კერამიკული — შედარებით ძვირი.
  • შეკეთების ფასი. თუ ინდუქციური პანელის დაშლა მოგიწევთ, მისი შეკეთება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ.
  • ენერგიის მოხმარება. თუ საკვების გაცხელების თანმიმდევრობას გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ ინდუქციური პანელის შემთხვევაში მოქმედების ჯაჭვი გაცილებით მოკლეა. ასეთი მოდელის ეფექტურობა დაახლოებით 90%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის მთელი ელექტროენერგია უშუალოდ საჭმლის მომზადებას ან გაცხელებას ხმარდება. აქედან გამომდინარე, ნაკლები კვტ იხარჯება და თქვენი გადასახადებიც მცირდება. შედარებისთვის, ელექტროპანელის ეფექტურობა დაახლოებით 30%-ით დაბალია.

უსაფრთხოება

ამ პარამეტრის შეფასების გარეშე შეუძლებელია, თავად განსაზღვროთ, რომელი ვარიანტია უკეთესი — ელექტრო თუ ინდუქციური. მიიჩნევა, რომ ელექტროენერგიაზე მომუშავე მოწყობილობები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე — გაზზე. ახლა გავარკვიოთ, რა განსხვავებაა ამ მხრივ ელექტრო და ინდუქციურ მოდელებს შორის.

არსებობს თუ არა დამწვრობის მიღების საფრთხე?

მოდით, გავიხსენოთ, როგორ მუშაობს თითოეული მოდელი. ელექტროპანელი თბება და სივრცესაც ათბობს. მის გაციებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ასეთ ზედაპირთან შეხებამ შეიძლება მძიმე დამწვრობა გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით საშიშია ოჯახებში, რომლებშიც ბავშვები ცხოვრობენ. უსიამოვნო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ, სითბური ინდიკატორები დაამონტაჟოთ, რომლებიც გიჩვენებთ, გაცივდა თუ არა ზედაპირი. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ცხელი ელექტროპანელის ახლოს პლასტმასის ნივთები არ უნდა დადოთ.

რაც შეეხება ინდუქციურ პანელს, მისით დამწვრობის მიღება ძალიან რთულია, რადგან ზედაპირი მხოლოდ ჭურჭელთან შეხების შემდეგ ცხელდება, მისი გადადგმისთანავე კი ცივდება.

გამორთვა და ტაიმერი

თანამედროვე ქურებს აქვს ავტომატური გათიშვის ფუნქცია იმ შემთხვევისთვის, თუ მოწყობილობა დიდი ხნის განმავლობაში არ იღებს ბრძანებას და გადახურდება. არსებობს ტაიმერით აღჭურვილი მოდელებიც. ეს საშუალებას გაძლევთ, გამორთვის კონკრეტული დრო განსაზღვროთ. სანთურის გამორთვისას, ზოგჯერ ხმოვანი სიგნალიც ისმის. ეს ორივე ტიპის მოდელს ეხება.

ჭურჭლის „ამოცნობის“ ფუნქცია

ინდუქციური პანელები გამოირჩევა სასარგებლო ფუნქციით — მათ შეუძლია ჭურჭლის „ამოცნობა“. სანთურა მაშინ იწყებს მუშაობას, როდესაც მასზე ლითონისგან დამზადებული ქვაბი ან ტაფა მოთავსდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა არ ჩაირთვება, თუ მასზე ჭიქას ან სხვა კონტეინერში მოთავსებულ საკვებს მოათავსებთ.

ორივე მოდელს აქვს ერთი სასარგებლო ფუნქცია — მართვის პანელის დაბლოკვა. ეს განსაკუთრებით პრაქტიკულია ოჯახებში, რომლებშიც ბავშვები და შინაური ცხოველები არიან.

უსაფრთხო გაყვანილობა

ნებისმიერი ქურა, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს, მნიშვნელოვნად ტვირთავს ელექტროქსელს. როგორც წესი, ბინებში, სადაც გაზქურებია დამონტაჟებული, გაყვანილობა კი ძველია, კაბელები ელექტრო ან ინდუქციური მოდელების დატვირთვაზე არ არის გათვლილი. ამის გამო, შესაძლოა, ისინი გადაიწვას. ამიტომ, უმჯობესია, ეს საკითხი წინასწარ მოაგვაროთ და გაყვანილობა განაახლოთ.

გასათვალისწინებელია, რომ ელექტროპანელი არ უნდა დაამონტაჟოთ პლასტმასის ნივთების, მაცივრის ან სხვა ტექნიკის გვერდით.

როგორი ჭურჭელია შესაფერისი?

ინდუქციური პანელის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჭურჭელი კარგი მაგნიტური გამტარობის მქონე ლითონისგან უნდა იყოს დამზადებული. საკმარისია, ეს მასალა მხოლოდ ჭურჭლის ქვედა ნაწილისთვის გამოიყენოთ. როგორც წესი, ასეთ პროდუქტზე საგანგებო იარლიყია დატანილი.

ინდუქციურ პანელთან ჭურჭლის თავსებადობის შემოწმება მარტივია. ამისთვის მხოლოდ ჩვეულებრივი მაგნიტი დაგჭირდებათ — თუ ის ძირს მიეწებება, ჭურჭლის გამოყენება შეგიძლიათ. მაგალითად, თუჯის ტაფები, ემალისა და ფოლადის ქვაბები შესაფერისი ვარიანტებია. მთავარია, მათ საკმარისად სქელი ძირი (არანაკლებ 2 მმ) ჰქონდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კერამიკა, მინა და ალუმინი ინდუქციურ ქურასთან არათავსებადია, რადგან ეს უკანასკნელი, უბრალოდ, ვერ აღიქვამს ასეთ ჭურჭელს. თუ საყვარელ ჭურჭელზე უარის თქმა გიჭირთ, საგანგებო სადგამის გამოყენება მოგიწევთ.

ელექტროპანელების შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. თუ ემალის ზედაპირზე თუჯის სანთურებია მოთავსებული, ნებისმიერი მასალისგან დამზადებული ჭურჭელი გამოგადგებათ. მთავარია, ის შესაფერისი ზომის იყოს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მინა-კერამიკა უფრო პრეტენზიულია. მაგალითად, ალუმინის ან სპილენძის მასალამ შეიძლება ზედაპირი დააზიანოს. ასევე მნიშვნელოვანია, ქვაბებსა და ტაფებს თანაბარი, ბრტყელი ძირი ჰქონდეს.

მოვლის თავისებურებები

ყველა დიასახლისს სურს, ქურა რაც შეიძლება დიდხანს გამოიყურებოდეს ახალივით. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ თავისუფალი დროის დასუფთავებაში გატარება არცთუ ისე სახარბიელო ვარიანტია.

ელექტროქურა მეტ ყურადღებას მოითხოვს. მიზეზი ისევ და ისევ ამ ტიპის პანელის გათბობის სპეციფიკაა. თუ ცხელ ზედაპირზე რაიმე დაიღვარა, ის აუცილებლად დაიწვება. შედეგებთან გასამკლავებლად საკმაო დროისა და ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ.

ამასთან, თუ ელექტროპანელს მინა-კერამიკული საფარი აქვს, მისი გაწმენდა მხოლოდ საგანგებო საშუალებებით შეიძლება. როგორც წესი, ისინი კრემის ან სპრეის სახით იყიდება. გამოგადგებათ საფხეკიც. არ გამოიყენოთ ლითონი, ზედმეტად მყარი ღრუბელი, ჯაგრისი და აბრაზიული პროდუქტები — ამ ყველაფერმა შეიძლება ზედაპირზე ნაკაწრები დატოვოს.

ინდუქციური პანელებიც ხშირად მზადდება მინა-კერამიკისგან. თუმცა, იმის გამო, რომ ასეთი მოდელები მუშაობის დროს თითქმის არ თბება, ნაკლებად ბინძურდება. თუ ზედაპირზე რაიმე დაიღვრება, როგორც წესი, მისი გაწმენდა რბილი ქსოვილით სავსებით საკმარისია.

ორივე მოდელის გაწმენდა გაწმენდა მხოლოდ ზედაპირის სრული გაციების შემდეგაა რეკომენდებული.

დასკვნა

ელექტროქურა შესაფერისია მათთვის, ვისაც ფულის დაზოგვა სურს და ახალი ჭურჭლის შესაძენად მზად არ არის.

თუ სახლში ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ, არ მოგწონთ ღუმელთან დიდხანს დგომა და მარტივ, სწრაფ დასუფთავებას ანიჭებთ უპირატესობას, ინდუქციური მოდელი უნდა აირჩიოთ. ეს ვარიანტი განსაკუთრებით შესაფერისია პატარა სამზარეულოსთვის, რადგან ოთახი არ გადახურდება.

სხვათა შორის, არსებობს კომბინირებული მოდელებიც. ისინი მათ გამოადგებათ, ვინც ვერ წყვეტს, რომელი მოდელი ურჩევნია — ელექტრო თუ ინდუქციური. ასეთი პანელები ორივე ტიპის სანთურებს აერთიანებს. ისინი უფრო მრავალმხრივია, არჩევანის მეტ თავისუფლებას გთავაზობთ, საშუალებას გაძლევთ, თითოეული მოდელის უპირატესობები გამოიყენოთ, უარყოფითი მხარეები კი მაქსიმალურად შეამციროთ.

რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სასწავლო ცენტრი ლატვიაში – Good Pttern-ის ნამუშევარი

ხატვის სიყვარულით ნაპოვნი პროფესია – ინტერვიუ ლალიკო შაშიაშვილთან