სახლში მაქსიმალური კომფორტისა და მყუდროების შესაქმნელად ინტერიერის თითოეულ ელემენტს დიდ მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი მათგანია ელექტროკარნიზები, რომელთა საშუალებითაც დისტანციურად მართავთ ფარდებს/ჟალუზებს და ბუნებრივი სინათლის ინტენსივობას დაარეგულირებთ. გარდა ამისა, ელექტროკარნიზები კარგი გამოსავალია მაღალი ჭერის შემთხვევაში, რათა ყოველდღიურად არ მოგიწიოთ ფარდის სწორება. დღეს ელექტროკარნიზების ძირითად მახასიათებლებსა და ქართულ ბაზარზე მათ ფასს გაგაცნობთ.
უპირატესობები:
გამოყენების სიმარტივე – ღილაკის ერთი დაჭერით შესაძლებელია ფარდების გადაწევა ან დახურვა, რაც მომხმარებელს უდიდეს კომფორტს უქმნის, განსაკუთრებით მძიმე ფარდებისა და მაღალი ჭერის შემთხვევაში. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სახლის ნებისმიერი წერტილიდან აკონტროლებთ ოთახში შემომავალი სინათლის ინტენსივობას.
ავტომატიზებული პროგრამები – ელექტროკარნიზები შეიძლება ისე დაპროგრამდეს, რომ ფარდები გაიხსნას და დაიხუროს ზუსტად თქვენთვის სასურველ დროს, მაგალითად, დილით, განსაზღვრულ დროს გაიხსნას, საღამოს კი დაიხუროს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახლში არ ხართ, დისტანციურად შეძლებთ ფარდების მართვას.
არჩევანის მრავალფეროვნება – არსებობს ელექტროკარნიზების უამრავი მოდელი, რომლებიც მარტივად მოერგება თქვენს სივრცეს. მათი მონტაჟი შეგიძლიათ როგორც ჭერზე, ასევე კედელზე. სხვადასხვა სიმძლავრის წყალობით, განსხვავებული სიმძიმისა და ზომის ფარდების რეგულირებას თავისუფლად შეძლებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტროკარნიზი გამოიყენება არა მხოლოდ ფარდებისთვის, არამედ ჟალუზებისთვისაც.
ნაკლოვანებები:
მაღალი ფასი – ამ ტიპის კარნიზები გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე სტანდარტული მოდელები, ამიტომ, სანამ მათ შეძენას გადაწყვეტთ, ღირებულებაზე წინასწარ უნდა დაფიქრდეთ.
მონტაჟის სპეციფიკა – ელექტროკარნიზების განთავსებისას აუცილებლად დაგჭირდებათ სპეციალისტის დახმარება, რომელიც დაამონტაჟებს ძრავას, საჭიროების შემთხვევაში კი – დენის წყაროს გაყვანილობას. შესაძლოა, პროცესში გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას, რისთვისაც მზად უნდა იყოთ.
ელექტროკარნიზებზე მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად კომპანია „ხოსრო ტექსტილს“ მივმართეთ. მისი წარმომადგენელი, აბდულა ყურბანოვი, გვიხსნის, რომ ამ ტიპის კარნიზები მაგრდება როგორც კედელზე, ასევე ჭერზე. კედელზე ნებისმიერი მოდელის მონტაჟია შესაძლებელი, ჭერზე კი მხოლოდ 5 ან 12 სმ-იანი სისქის ძელი/ლიანდაგი თავსდება, იმისდა მიხედვით რამხელა ადგილია ძელისთვის გამოყოფილი.
ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ არსებობს ორი ტიპის ძრავა, რომლითაც ელექტროკარნიზებია აღჭურვილი – ჩინური და ფრანგული: „ჩინური წარმოების ძრავა 450 ჰერცი სიმძლავრისაა, ფრანგული კი – უფრო მძლავრი (550 ჰერცი). რაც უფრო გრძელია ფარდის ძელი და მძიმეა ფარდა, მით მეტი სიმძლავრის ძრავა სჭირდება ასამოძრავებლად. ამიტომ სასტუმროებსა და კომერციულ ობიექტებზე ძირითადად ფრანგული სიმძლავრის ძრავას იყენებენ“.
აბდულას თქმით, 12 სმ-იანი სიგანის ლიანდაგს/ძელს არ სჭირდება დენის წყაროსთან შეერთება, რადგან მასზე ისეთი ძრავა მონტაჟდება, რომელიც ავტომატურად იტენება. 5 სმ. სიგანის ლიანდაგის გამოყენებისას კი აუცილებელია ძრავის დენის წყაროსთან მიერთება. სასურველია, იგი ჭერიდან 1,40 მ. არეალში დამონტაჟდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებითი გადამყვანი დაგჭირდებათ.
რაც შეეხება მასალის ღირებულებას, ელექტროკარნიზის 1-მეტრიანი ლიანდაგის/ ძელის ფასი 95 ლარია, ჩინური ძრავის მქონე მოდელი საშუალოდ, 650-700 ლარი ჯდება, ხოლო ფრანგული – 800-850 ლარი. მონტაჟის ღირებულება კი 1 მეტრზე 15 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ელექტროკარნიზების მართვა პულტითაა შესაძლებელი, რაც მათ გამოყენებას საგრძნობლად ამარტივებს.