მისაღები ოთახი სახლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. სწორედ ის აღძრავს მნახველში პირველ შთაბეჭდილებას და სახლის საერთო ხასიათს განსაზღვრავს. ამ ოთახის ინტერიერისა და გეგმარების სწორად შემუშავებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დღეს მისაღები ოთახის გეგმარების ძირითადი პრინციპების შესახებ ინტერიერის დიზაინერი ელენე ბერაძე გვესაუბრება.
„მისაღები ყველაზე მნიშვნელოვან ზონად მიიჩნევა, რადგან ამ სივრცეში, ოჯახის წევრების გარდა, სტუმრებიც იყრიან თავს. ამავდროულად, ეს ოთახი მთლიანი სახლის ხასიათს განსაზღვრავს და ძირითად განწყობას ქმნის“, – აღნიშნავს ელენე.
სივრცის გეგმარება
მისაღები ოთახის მოწყობისას მთავარი ყურადღება სწორ გეგმარებას ექცევა. ზონირების შემდგომ სივრცე შესაბამისი ავეჯითა და სახასიათო დეტალებით ივსება. დიზაინერი გვირჩევს, მისაღების დაგეგმვისას უპირველესად განვსაზღვროთ სივრცე გადაადგილებისთვის, რაც დაახლოებით 1 მეტრი უნდა იყოს (შეზღუდული ფართობის შემთხვევაში ამ მანძილისთვის 70-80 სმ. მაინც უნდა გავითვალისწინოთ).
როგორც წესი, მისაღები სამზარეულოს გვერდით მდებარეობს, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ოთახის ფართი ვიზუალურად გაიზარდოს – ვიტრაჟის კედელი დამონტაჟდეს, ან სივრცეები გამჭოლი მასალით გამოიყოს.
დისტანციის დაცვა
„საჭიროა, დავიცვათ გარკვეული დისტანცია. აუცილებელია, სასადილო მაგიდა და დივანი ხელს არ უშლიდეს ერთმანეთს და ადამიანს მათ შორის მოძრაობა თავისუფლად შეეძლოს“, – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.
კომფორტული მოსასვენებელი ადგილის შესაქმნელად აუცილებელია, დივანსა და ჟურნალის მაგიდას შორის არსებობდეს დაახლოებით 35-45-სანტიმეტრიანი დისტანცია, რათა მაგიდაზე მოთავსებული ნივთები დივანზე მჯდომი ადამიანისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. ელენე გვირჩევს, დივანი კედლიდან, სულ მცირე, 8 სმ-ის დაშორებით დავდგათ, რაც სივრცის განტვირთვას შეუწყობს ხელს.
თუ კედლის ნაცვლად მინას გამოვიყენებთ, სივრცე ვიზუალურად გაიზრდება. ამ შემთხვევაში ზემოთ მოცემული რჩევის გათვალისწინება არ იქნება საჭირო, რადგან მინაზე მიბჯენილი დივანი გადატვირთულობის განცდას არ ტოვებს.
ავეჯის ზომების გათვალისწინება
დიზაინერის თქმით, მისაღები ოთახის მოწყობისას ავეჯის ზომების გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს: „თუ კონსოლი დივანზეა მიდგმული, მისი ზომა არ უნდა აღემატებოდეს დივნის საზურგის სიმაღლეს. ამ გზით ინტერიერის მთლიანობას შეინარჩუნებთ და მას ბევრად უფრო მიმზიდველად აქცევთ“.
სიმყუდროვის შექმნა
ინტერიერს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ხალიჩა სძენს. სივიწროვის შეგრძნების თავიდან ასარიდებლად, სასურველია, ხალიჩაზე მოთავსდეს ავეჯის წინა ორი ფეხი მაინც. მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ სხვა აქსესუარებიც: მაგალითად, სარკე – სივრცის გასადიდებლად, ან მცენარეები – ბუნებასთან კავშირის ხაზგასასმელად. დიზაინერი გვირჩევს, ვიტრაჟების ირგვლივ მაქსიმალურად თავისუფალი ადგილი დავტოვოთ.
განათება
ელენე განათების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს: „თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, განათებას ფუნქცია შეეცვალა. ადრე მხოლოდ ერთი ჭაღი იყო საკმარისი მთელი სივრცის გასანათებლად. ახლა ძირითადად წერტილოვანი განათება გამოიყენება, ჭაღი კი ინტერიერში მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით შეაქვთ, ამიტომ გირჩევთ აქტიურად გამოიყენოთ წერტილოვანი განათება”.
ვიზუალურ მხარე
ჩვენი რესპონდენტის თქმით, მომცრო მისაღები ოთახის შემთხვევაში, უმჯობესია, კედლის ფერი ღია ნეიტრალურ ტონში გადაწყდეს, რათა უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი სივრცე მივიღოთ. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ავეჯის დიზაინსაც. „სტილის მიხედვით ირჩევა ავეჯის ფორმა – მომრგვალებული ან კუთხოვანი. სხვადასხვა ფორმის შერევა სასურველი არ არის, რადგან სტილი ირღვევა. პატარა ფართობის შემთხვევაში, აჯობებს, მრგვალი ფორმები გამოვიყენოთ“, – აღნიშნავს ელენე.
ვფიქრობთ, მოცემული რჩევები მისაღები სივრცის ინტერიერის შექმნასა და განახლებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ და თქვენს სახლს გაცილებით მყუდროსა და კომფორტულს გახდის.