ნებისმიერ ადამიანს სურს, სახლში მიმზიდველი ინტერიერი შექმნას და საცხოვრებელს განსაკუთრებული იერსახე მინიჭოს. ხარისხიანი რემონტის გაკეთება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა, პროფესიონალებს თუ დავუჯერებთ, მცირე ბიუჯეტის შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი. ინტერიერის დიზაინერი ანი მაჭავარიანი დღეს იმ მთავარ პრინციპებს გაგვაცნობს, რომლებიც მცირე თანხით ელეგანტური ინტერიერის შექმნაში დაგვეხმარება.
მინიმალიზმი
დიზაინერი გვირჩევს, უპირატესობა მინიმალისტურ სტილს მივანიჭოთ. მისი შექმნა საკმაოდ მარტივია, თუ ქვემოთ მოცემულ რჩევებს გავითვალისწინებთ.
კედელი
„კედლებზე შეგიძლიათ მხოლოდ საღებავი გამოიყენოთ და ფერების კომბინაციით, მოლდინგებისა და პანელების გამოყენების გარეშე, მიიღოთ ორიგინალური დიზაინი. მასში საინტერესო შტრიხების შეტანა ნახატებით, სარკით ან რაიმე მარტივი დეკორატიული ელემენტით შეგიძლიათ, რაც ეფექტურიცაა და ფინანსურად ხელმისაწვდომიც. ასევე გამოგადგებათ პატარა დასაკიდი თაროები, რომლებზეც წიგნებს, აქსესუარებსა და მცენარეებს მოათავსებთ“, – აღნიშნავს ანი მაჭავარიანი.
ჭერი
ჩვენი რესპონდენტის თქმით, მცირე ბიუჯეტის პირობებში კარგი გამოსავალია ე. წ. ფრანგული გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება, რომელიც, თანხასთან ერთად, დროსაც ზოგავს – მის მონტაჟს დაახლოებით 2 საათი სჭირდება. გარდა ამისა, გასაჭიმი ჭერი საკმაოდ მოქნილი მასალისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც შესაძლებელია რთული, თაღოვანი ფორმებისა და შეკიდული ჭერის ეფექტის მიღება. ამასთანავე, ამ ტიპის ჭერი ფერებისა და ტექსტურის ფართო არჩევანითაც გამოირჩევა და წყლის მიმართაც მდგრადია, რაც მისი კიდევ ერთი უპირატესობაა.
იატაკი
„ძვირადღირებული პარკეტი შეგიძლიათ კარგი ხარისხის ლამინატით ჩაანაცვლოთ, რომელიც ბევრად უფრო ხელმისაწვდომია. ლამინატი გამძლე და მარტივად მოსავლელი მასალაა. მიუხედავად იმისა, რომ წყლის მიმართ 100%-იანი მდგრადობით არ ხასიათდება, საკმაოდ კარგად უძლებს ნესტს და მისი გამოყენება სველ წერტილებშიც შესაძლებელია. ამასთანავე, ლამინატის დაგება, პარკეტთან შედარებით, ბევრად იაფი ჯდება, რაც რემონტის ხარჯებს ამცირებს“, – ამბობს ანა.
სააბაზანო
ჩვენი რესპონდენტის თქმით, სასურველია, სველ წერტილებში, ჯაკუზის ნაცვლად, საშხაპე კაბინა გამოვიყენოთ. საუკეთესო გამოსავალი კი შუშის ტიხრის დადგმაა, რომელიც, კაბინასთან შედარებით, ბევრად ნაკლები დაგიჯდებათ.
კარი
დიზაინერი გვირჩევს, MDF-ის კარი გამოვიყენოთ, რომელსაც საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს: „ხის კარი შეგიძლიათ MDF-ის ან, უკიდურეს შემთხვევაში, ლამინატის კარით ჩაანაცვლოთ. MDF-ის კარი, ხელმისაწვდომობისა და პრაქტიკულობის გამო, თანამედროვე ინტერიერის დიზაინში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, იგი მრავალფეროვანი დიზაინითა და ხმის საიზოლაციო თვისებებითაც გამოირჩევა. ამასთანავე, ვინაიდან გადამუშავებული ხისა და ნარჩენი მასალისგან მზადდება, ეკომეგობრულია“.
ავეჯი
პროფესიონალის თქმით, თუ მინიმალისტური ინტერიერის შესაქმნელად სივრცის ავეჯით გადატვირთვა საჭირო არ არის. კარგი გადაწყვეტილებაა ძველი ავეჯის რესტავრაცია, რაც დამოუკიდებლადაც შეგვიძლია გავაკეთოთ. გარდა იმისა, რომ ამით თანხას დავზოგავთ, ინტერიერს ინდივიდუალურ შტრიხებსაც შევძენთ: „აქსესუარების დამზადება ჩვენივე ხელით შეგვიძლია, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს ჰმატებს ინტერიერს. სახლის პირობებში შეგიძლიათ შექმნათ კედლის დეკორი, გაალამაზოთ სარკე, ან უბრალო სანათი ორიგინალურ აქსესუარად გადააქციოთ“.
საგარდერობო
პრაქტიკული და მოხდენილი ინტერიერის შესაქმნელად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საგარდერობო ზონაც, რომლის მოწყობაც დეკორატიული ტიხრით ან ფარდით შეიძლება.
განათება
განათება ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მის იერსახესა და ხასიათს განსაზღვრავს. „ფერებისა და ტექსტურის, ასევე ფართის დანიშნულების (საცხოვრებელი, საოფისე თუ სხვა) მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, ინტერიერში თბილ განათებას გამოვიყენებთ თუ ცივს, რა აქცენტებს შევქმნით ბრების, მაგიდის სანათებისა თუ ტორშერების გამოყენებით. ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი ლენტური სანათებია, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სამზარეულოს წინსაფრის, ღია თაროების, სხვადასხვა ავეჯის გასანათებლად და საკმაოდ მიმზიდველ შედეგსაც იძლევა“, – აღნიშნავს ანი.
ინტერიერის ხასიათის შექმნა
„ინტერიერის ხასიათის შესაქმნელად ქსოვილისა და ტექსტურის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს როგორც ავეჯის, ასევე ფარდის დეკორატიული ბალიშებისა თუ თეთრეულის ტექსტურა, რომელიც ერთ ფერში გადაწყვეტილი კედლების ფონზეც კი შეძლებს, მრავალფეროვანი გახადოს სივრცე. ეს ყველაფერი კი – დიდი დანახარჯების გარეშე“, – ამბობს დიზაინერი.
ანის თქმით, ინტერიერის გასახალისებლად დიდი ზომის ქოთნის მცენარეებიც დაგვეხმარება, რომლებიც, ერთი შეხედვით, მოსაწყენ სივრცეში საინტერესო აქცენტებს შექმნის და მინიმალური დანახარჯით სახლს გაამშვენიერებს.