in

როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად რემონტის გარეშე

თეთრი ფერი, დახურული სათავსოები და პრიალა ზედაპირები — დღეს იმ ხერხებს გაგიზიარებთ, რომლებიც რემონტის გარეშე სივრცის ვიზუალურად გაზრდაში დაგეხმარებათ.

გამოიყენეთ ნათელი ფერები.

სივრცის ვიზუალურად გასაზრდელად ყველაზე გავრცელებული მეთოდი ნათელი პალიტრის, კერძოდ, თეთრის გამოყენებაა. ამ ფერთან მუშაობა მარტივია, რადგან იგი შეეფერება ყველა სტილს, ფერს, ბნელ და ღია ოთახებს. თუ გსურთ, ბინა უფრო დიდი გამოჩნდეს, კედლები თეთრად გააფორმეთ და დიდი ავეჯი გამოიყენეთ. ინტერიერის ნათელი ელემენტებია ასევე თეთრი დეკორი და ტექსტილი. თუ თოვლივით თეთრი ფერი არასასიამოვნოდ გეჩვენებათ, სხვა ღია ტონები შეარჩიეთ, მაგალითად, რძისფერი, კრემისფერი, სპილოსძვლისფერი. ისინი თეთრის იდენტურ ეფექტს იძლევა, თბილი ნახევარტონის წყალობით კი, უფრო მყუდროდაც გამოიყურება.

მოერიდეთ კონტრასტებს.

იმისათვის, რომ ინტერიერი უფრო მსუბუქი და ფართო გამოჩნდეს, უარი თქვით კონტრასტებზე. მაგალითად, ასეთია მუქი ავეჯი ღია ფონზე, მკვეთრი ორნამენტები შპალერზე. ასეთი დეტალები ყურადღებას იპყრობს და ხაზს უსვამს საზღვრებს, რაც ოთახის ნამდვილ ზომას გამოკვეთს. ამის საპირისპიროდ, გამოიყენეთ მშვიდი პალიტრა ფერების შეუმჩნეველი გადასვლებით, ან, ერთი ფერის სხვადასხვა ელფერის გამოყენებით შექმენით მონოქრომული სტილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კონტრასტებზე მთლიანად უარის თქმა არ ღირს. იმისათვის, რომ სივრცე მოსაწყენად არ გამოიყურებოდეს, მასში პატარა თვალისმომჭრელი დეტალები შეიტანეთ, მაგალითად, კონტრასტული დეკორი ან პატარა ნათელი ავეჯი.

გამოიყენეთ გამჭვირვალე ავეჯი.

გამჭვირვალე ავეჯი სივრცის ვიზუალურ აღქმაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. მისი წყალობით, ინტერიერი მსუბუქი, სუფთა და გაცილებით ფართო ჩანს. ასეთი ავეჯი იდეალურად გამოიყურება სკანდინავიური, იაპონური, თანამედროვე, მინიმალისტური თუ ეკლექტური სტილის ინტერიერში. მინის ავეჯი ერგება ქანთრის და ეკო სტილსაც. თუ ბუნებრივი მასალის გამოყენებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, შეგიძლიათ, პლასტმასის სკამები ან სასადილო მაგიდაც გამოიყენოთ.

დაამატეთ ამრეკლავი ზედაპირები.

სარკეებისა და პრიალა ზედაპირების გამოყენება სივრცის ვიზუალურად გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტური საშუალებაა. სარკე იმის საშუალებასაც გაძლევთ, რომ ოთახი უფრო ნათელი გახადოთ. ეს ეხება პრიალა ზედაპირებსაც: კედლის ან იატაკის მოპირკეთებას, ავეჯის ზედაპირებს. მბზინავი საფარი შუქს ირეკლავს, რაც სივრცეს ვიზუალურად უფრო ნათელსა და ფართოს ხდის.

გამოიყენეთ დახურული სათავსოები.

კარგად დაგეგმარებული სათავსოების სისტემა როგორც წესრიგის, ასევე სივრცის ვიზუალურად გაზრდის გარანტიაა. რაც უფრო ნაკლები არასაჭირო ნივთი იქნება გარეთ, ოთახი მით უფრო ფართო გამოჩნდება. სასურველია, დამალოთ ყველაფერი, რაც ოთახის დიზაინში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს და ხშირად არ გამოიყენება. უმჯობესია, დახურული სათავსოები გამოიყენოთ (უმჯობესია, სარკისებური ფასადებით). თუ ღია თაროები გაქვთ, ისინი კალათებით, ყუთებითა და სხვა აქსესუარებით შეავსეთ, რომლებშიც წვრილმანების შენახვას შეძლებთ.

პატარა სააბაზანოს გეგმარება – რამდენიმე მაგალითი რეალური პროექტებიდან

სამყაროს მთლიანობის განცდითა და ბუნებრივ გარემოზე ზრუნვით შექმნილი არქიტექტურა — ინტერვიუ ნოდარ კვანჭიანთან