in

როგორ შევარჩიოთ სასურველი ტიპის ფარდა-ჟალუზი? – ყველაფერი, რაც უნდა გავითვალისწინოთ

არც ისე დიდი ხნის წინ ჟალუზები მხოლოდ ოფისში გამოიყენებოდა. ისინი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ესთეტიკური მახასიათებლებით, უკიდურესად მინიმალისტურად და ასტილურად გამოიყურებოდა, ამიტომაც მხოლოდ პრაქტიკული მიზეზების გამო თუ ირჩევდნენ. ბოლო წლებში ეს მიდგომა შეიცვალა: ინტერიერის დიზაინერებმა ჟალუზების პოტენციალი დააფასეს და საცხოვრებელ პროექტებში მათი აქტიური გამოყენება დაიწყეს. როგორია ჟალუზები, რომლებიც ინტერიერს არ დააუშნოებს? რა მასალა და ვარიანტებია ამჟამად აქტუალური? დღევანდელ სტატიაში ამ საკითხებზე დეტალურად ვისაუბრებთ.

როდის და რატომ უნდა ავირჩიოთ ჟალუზები?

დღეს ფანჯრის დეკორაციის მრავალი სახეობა არსებობს: მძიმე და მსუბუქი ფარდები, ნახევრად გამჭვირვალე ტიული, რომაული, ფრანგული, ინგლისური, ავსტრიული ფარდები და ა. შ. მაშ, რატომ უნდა ავირჩიოთ ჟალუზები?

უპირატესობები:

  • უნივერსალურობა. ისინი შეიძლება ნებისმიერი ტიპის ფანჯარაზე დამონტაჟდეს, იქნება ეს სტანდარტული თუ რთული (მაგალითად, დახრილი) ღიობი. შეზღუდვას არც ზომა ქმნის. ჟალუზები დღეს სხვადასხვა სტილის ინტერიერში თანაბრად გამოიყენება: მინიმალიზმი, ეკო სტილი, თანამედროვე კლასიკა და ა. შ.
  • მოვლის სიმარტივე. პლასტმასის, ლითონისა და ხის ფირფიტები გაცილებით ნაკლებ ჭუჭყს იკრავს, ვიდრე ტექსტილი. ამასთან, ქსოვილისგან განსხვავებით, ისინი არ შთანთქავს სუნს. მასალის დაბინძურების შემთხვევაში მისი გარეცხვა მარტივია – ამისთვის მხოლოდ სველი ქსოვილია საჭირო.
  • კომპაქტურობა. ისინი დიდ ადგილს არ იკავებს, ამიტომ მინიატიურული ოთახებისთვისაც ზედგამოჭრილია. გარდა ამისა, თუ მათ ფანჯრის ჩარჩოზე დაკიდებთ, რაფაზე თავისუფალი სივრცე დარჩება.
  • განათების რეგულირება. ჟალუზები საშუალებას გაძლევთ, ბუნებრივი განათების დონე მარტივად არეგულიროთ.

ნაკლოვანებები:

  • მწირი დიზაინი. კლასიკური და რომაული ფარდები ფერის, ნიმუშისა და სტილის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, ჟალუზების შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა: ძირითადად მათი პალიტრა შავი, თეთრი და ყავისფერი ფერებით შემოიფარგლება.
  • მაღალი ფასი. საცხოვრებელი ფართებისთვის დღეს უფრო ხშირად ლითონისა და ხის მოდელები გამოიყენება. ორივე ვარიანტი საკმაოდ ძვირია. თუმცა, თუ ხარისხი თქვენთვის უმთავრესია, ეს სულაც არ იქნება პრობლემა.
  • დაზიანების საფრთხე. ჟალუზების კონსტრუქცია კომპლექსურია. რაც უფრო რთულია დიზაინი, რაც უფრო მეტ ელემენტს აერთიანებს ის, მით უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ რომელიმე ნაწილი დაზიანდება.

ჟალუზების სახეები

„ჟალუზების“ გაგონებისას ბევრს თვალწინ პლასტმასის ან ნაჭრის საოფისე მოდელი წარმოუდგება. თუმცა, ეს მოძველებული შეხედულებაა. ჟალუზების მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც ორი ძირითადი პრინციპის მიხედვით იყოფა.

  1. მოქმედების პრინციპი
  • ვერტიკალური

ასეთი ჟალუზები ყველაზე ხშირად სინთეტიკური, მკვრივი ქსოვილისგან მზადდება. გახსნისას ფირფიტები ერთმანეთს შორდება და ზედა ნაწილი კედელზე მაგრდება.

ვერტიკალური ფარდები საშუალებას გაძლევთ, ბუნებრივი განათების დონე არეგულიროთ: ფირფიტები შეიძლება გადატრიალდეს სასურველი კუთხით ან მთლიანად დაიხუროს, რათა ბუნებრივი განათება დაბლოკოს.  ვერტიკალური მოდელები მხოლოდ სტანდარტული ფანჯრებისთვის გამოდგება. მათ დახრილ ღიობებზე ვერ დაკიდებთ.

თანამედროვე ინტერიერში ვერტიკალური ჟალუზები, ჰორიზონტალურთან შედარებით, ნაკლებად გავრცელებულია. ისინი უფრო ხშირად ოფისებსა და სამუშაო სივრცეებში გამოიყენება.

  • ჰორიზონტალური

ამ ტიპის ჟალუზებს ინტერიერის დიზაინერები ხშირად ირჩევენ. ამ შემთხვევაში ფირფიტები ჰორიზონტალურადაა განლაგებული. ეს დიზაინი საშუალებას გაძლევთ, ჟალუზი დახრილ ფანჯარაზეც კი დაამონტაჟოთ. ფირფიტების დახრის კუთხის შეცვლით შეგიძლიათ, განათება დაარეგულიროთ.

ვერტიკალურისგან განსხვავებით, ჰორიზონტალური მოდელები სხვადასხვა მასალისგან მზადდება. ესენია: პლასტმასა, ლითონი, ხე.

არსებობს ნაკეცებიანი ჟალუზიც, რომლის ქსოვილიც ერთიანია. ასეთი მოდელისთვის ნაჭერი ან ქაღალდი გამოიყენება.

  1. მასალა
  • ტექსტილი. ეს მასალა, როგორც წესი, ვერტიკალური ან ნაკეცებიანი ჟალუზებისთვის გამოიყენება. ნებისმიერი ქსოვილი იწოვს სუნსა და ჭუჭყს, თუმცა, საბედნიეროდ, ისეთი მოდელებიც არსებობს, რომლებიც მტვრისა და წყლისადმი მდგრადია. მოსახერხებელია ისეთი მოდელების გამოყენებაც, რომელთა ქსოვილის სარეცხ მანქანაში გარეცხვაა შესაძლებელი.
  • პლასტმასა. ამ მასალას თავისი უპირატესობები აქვს: გამძლეა, ტენიანობისადმი მდგრადია, მარტივად იწმინდება, რა დროსაც საწმენდი საშუალებების გამოყენებაც დაშვებულია. გარდა ამისა, პლასტმასის მოდელები ძალიან მსუბუქია. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უნდა გახსოვდეთ, რომ დაბალი ხარისხის პლასტმასა მზეზე ფერს იცვლის და საკმაოდ ადვილად ფუჭდება.
  • მეტალი. ძალიან ხშირად დიზაინერები ლითონის მასალას ანიჭებენ უპირატესობას, რადგან მისი სტრუქტურა ძლიერი, საიმედო და მსუბუქია. სათანადოდ დამუშავებულ ლითონზე ტენი და ტემპერატურის ცვლილება არ მოქმედებს. ამასთან ერთად, მისი გაწმენდა სველი ქსოვილითაც შესაძლებელია. ასეთი ჟალუზები მინიმალისტურია, რის გამოც თანამედროვე ინტერიერში აქტიურად გამოიყენება.
  • ხე. ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალა დიზაინერებს ისევე უყვართ, როგორც — ლითონი. ხის ჟალუზები განსაკუთრებულ გარემოს ქმნის, რომელიც სოფლის ან ზღვის სანაპიროზე მდებარე სახლებს მოგაგონებთ. ისინი ხშირად გამოიყენება ეკო, რუსტიკულ, სკანდინავიურ, იაპონურ და სხვა პოპულარულ სტილებში. თუმცა, ხის მოდელების შერჩევისას ფრთხილად უნდა იყოთ. გახსოვდეთ: ხე უნდა დამუშავდეს საგანგებო ნაერთის საშუალებით, რომელიც მას ტენიანობისგან, მავნებლებისა და ხანძრის ზემოქმედებისგან იცავს.

ჟალუზების სწორად შერჩევა

ერთი შეხედვით, არჩევანის გაკეთება არც ისე რთულია, თუმცა, სინამდვილეში, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ:

  • ხშირ შემთხვევაში ფანჯრის ჩარჩო პლასტმასისგანაა დამზადებული. როგორი ჟალუზები უნდა შეარჩიოთ ასეთი ფანჯრებისთვის? მსუბუქი და კომპაქტური – ანუ ისინი, რომელთა დამონტაჟებასაც ჩარჩოს გახვრეტა არ სჭირდება.
  • განსაზღვრეთ კონსტრუქციის ტიპი (ვერტიკალური ან ჰორიზონტალური). ეს, ძირითადად, გემოვნების საკითხია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ჰორიზონტალური მოდელი უფრო კომპაქტურია და ნაკლებ ადგილს იკავებს, ვერტიკალური კი — უფრო მეტს.
  • სწორად შეარჩიეთ მასალა. ეს სივრცის სტილსა და დანიშნულებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ლითონის, პლასტმასის ან ხის ჟალუზები, ქსოვილის მოდელებთან შედარებით, სამზარეულოსთვის უფრო პრაქტიკულია.
  • იფიქრეთ მართვის მეთოდზე. ტრადიციული მექანიკური მოდელის გარდა, დღეს დისტანციური, ელექტროძრავით აღჭურვილი მექანიზმიც ხელმისაწვდომია.
  • ყურადღება მიაქციეთ ფერს. ყველაზე მრავალმხრივი აქრომატული ფერებია: თეთრი, შავი და ნაცრისფერი. თუ გსურთ, სივრცეს მეტი მყუდროება შესძინოთ, ბუნებრივი ხის ელფერში გაფორმებული მოდელები შეარჩიეთ.
  • განსაზღვრეთ ზომა. ჟალუზის სიგანე ღიობის იმავე პარამეტრზე დაახლოებით 10 სმ-ით მეტი უნდა იყოს. თუ ჟალუზი ღიობზე მაგრდება, გვერდებზე დაახლოებით 1,5 სმ-ის სიდიდის ჩაღრმავება დატოვეთ.

„გალერეა რუმ დიზაინი“ – პრემიუმ კლასის ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი

რა უნდა შეიცვალოს ინტერიერში, რომელიც მოსაწყენად გვეჩვენება?