in

ღირს თუ არა ორთქლის ღუმლის შეძენა? – უპირატესობები და ნაკლოვანებები

ორთქლის ღუმელი ერთ-ერთი ინოვაციური ტექნიკაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, საკვები ჯანსაღად და გემოვნური თვისებების დაკარგვის გარეშე მოამზადოთ. თუმცა, მაღალი ფასი და საკვების სახეობათა შეზღუდულობა ამ ტექნიკის ყველაზე დიდ ნაკლოვანებებად მიიჩნევა. დღევანდელ სტატიაში  ორთქლის ღუმლის დადებით და უარყოფით მხარეებს განვიხილავთ, რათა სწორი არჩევანის გაკეთება გაგიმარტივოთ.

რა არის ორთქლის ღუმელი?

სტანდარტული და კონვექციური ღუმლებისგან განსხვავებით, რომლებიც ჰაერს გაზის ან ელექტროგამაცხელებელი ელემენტის საშუალებით ათბობს, ორთქლის ღუმელი წყალს ორთქლად გარდაქმნის. წარმოქმნილი ორთქლი საკმარისად ცხელია საიმისოდ, რომ მისი საშუალებით საჭმელი მოამზადოთ. ამ ტიპის ღუმლების უმეტესობა კედელზე მონტაჟდება, თუმცა, არსებობს უფრო პატარა, სამზარეულოს ზედაპირისთვის განკუთვნილი მოდელებიც. ისინი ზოგჯერ სტანდარტული ან კონვექციური ღუმლების დამატებადაც გამოიყენება.

როგორ მუშაობს ორთქლის ღუმელი?

ორთქლის ღუმელი წყლის 100°C-მდე გასათბობად გაზს ან ელექტროენერგიას იყენებს. ამ ტიპის ღუმლების უმეტესობას დახურული ქვაბი  აქვს, რომელიც მზადების დაწყებამდე წყლით ივსება. ეს, როგორც წესი, ღუმლის წინა მხარეს არსებული პატარა განყოფილების დახმარებით ხდება. სხვა ტიპის ორთქლის ღუმლები სახლის წყალმომარაგებას პირდაპირ უერთდება.

როგორც კი ქვაბში წყალი ორთქლად გადაიქცევა, ის ღუმლის შიდა ნაწილში გამოიყოფა. ვინაიდან წყალი, ჰაერთან შედარებით, სითბოს უკეთესი გამტარია, ორთქლის ღუმელი, შესაძლოა, უფრო სწრაფი იყოს, ვიდრე — კონვექციური.

ქვემოთ განვიხილავთ ორთქლის ღუმლის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს.

უპირატესობები:

  • მზადების ჯანსაღი მეთოდი. სტანდარტული ან კონვექციური ღუმლის საშუალებით საჭმლის მომზადებისას, როგორც წესი, საკვებს კარაქს ან ზეთს უმატებენ, რათა ხარშვისას ტენიანობა შეინარჩუნოს. ვინაიდან ორთქლით მზადების დროს მსგავსი პრობლემა არ იქმნება, ზედმეტი ცხიმის დამატება საჭირო აღარაა. გარდა ამისა, სტანდარტულ ან კონვექციურ ღუმელში მომზადებული საკვებისგან განსხვავებით, რომელიც კარგავს ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებს, ორთქლის ღუმელში მომზადებული საკვები ჯანსაღი და ვიტამინებით სავსეა.
  • გაუმჯობესებული გემო და ტექსტურა. როდესაც საკვები ტენიანობას ინარჩუნებს, უფრო სასიამოვნო ტექსტურა, ცოცხალი ფერი და კარგი გემო აქვს. რომელი საკვებია ამ მხრივ საუკეთესო ორთქლის ღუმელში მოსამზადებლად? თევზი და ბოსტნეული იდეალური არჩევანია, რადგან ისინი ტენიანობასა და არომატს სრულყოფილად ინარჩუნებს. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ხორცი სოუსით, პელმენი, ბრინჯი და ისეთი დესერტები, როგორებიცაა სუფლე და პუდინგი.
  • მზადების მცირე დრო. ვინაიდან წყალი სითბოს ჰაერზე უკეთ ატარებს, ორთქლის ღუმელს საჭმლის მოსამზადებლად უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე, თუნდაც — კონვექციურს. გარდა ამისა, სტანდარტულ ღუმელთან შედარებით, ის უფრო თანაბრად თბება, რის გამოც საჭმლის მზადების პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს გამორიცხავს.
  • ხელახალი გაცხელების უკეთესი შესაძლებლობა: მიკროტალღური ან სტანდარტული ღუმლისგან განსხვავებით, ორთქლის ღუმელში შექმნილი ტენიანობა საშუალებას გაძლევთ, საკვები ხელახლა, გამოშრობის გარეშე გაათბოთ.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი: ორთქლის ღუმლის ფასი მნიშვნელოვნად აღემატება სტანდარტული ან თუნდაც კონვექციური მოდელის ღირებულებას.
  • ტემპერატურის შეზღუდული დიაპაზონი. ორთქლის ღუმელს საკვების სრულყოფილად მომზადება არ შეუძლია, რადგან საამისოდ გაცილებით მაღალი ტემპერატურაა საჭირო.
  • მუდმივი შევსების საჭიროება. ორთქლის ღუმლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლოვანება ისაა, რომ ყოველ გამოყენებამდე მისი წყლით შევსებაა საჭირო. თუ ამ ტიპის ღუმელი წყალმომარაგების სისტემასთან არაა დაკავშირებული, ქვაბი ყოველი მზადების წინ უნდა შეივსოს. თუ მზადების პროცესი გახანგრძლივდა, შესაძლოა, წყლის დამატებაც გახდეს საჭირო, რაც არცთუ ისე კომფორტულია.
  • წმენდის სირთულე: როგორც წესი, ორთქლით მზადებისას ღუმლის შიდა კედლებზე ნარჩენები გროვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაიწმინდოს და გაშრეს, რათა კონდენსატის დაგროვება თავიდან აიცილოთ. ასევე, პერიოდულად უნდა დასუფთავდეს ქვაბის ავზიც, რათა მისი კედლები ობმა, ჭუჭყმა და წყლის ლაქებმა არ დაფაროს.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

House in Torón — ბუნების პატივისცემითა და მასთან უწყვეტი კავშირის განცდით შექმნილი არქიტექტურა

არქიტექტურა, როგორც სილამაზის, ლოგიკის და ინჟინრული აზროვნების შედეგი — ინტერვიუ ნინო იმნაძესთან