in

მარადიული ელეგანტურობის სურვილით შექმნილი დიზაინი — ინტერვიუ ილია ზაქარაიასთან

ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი ინტერიერის დიზაინერი ილია ზაქარაიაა. როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვობიდანვე გააზრებულად აინტერესებდა და უყვარდა ეს პროფესია, რამაც შემდგომ მისი კარიერული გზა განსაზღვრა. ილიასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელშიც გაიზარდა, რადგან ესთეტიკისა და ხელოვნების დაფასება, სამყაროს განსხვავებულად აღქმა სწორედ მისი წყალობით ისწავლა. დღეს ჩვენს მკითხველს ის საკუთარ ცხოვრებისეულ თავგადასავალს უამბობს.

ილია, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე. 

ბავშვობამ მნიშვნელოვან როლი შეასრულა ინტერიერის დიზაინისადმი ჩემი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ისეთ გარემოცვაში ვიზრდებოდი, რომელშიც შემოქმედებითობასა და ესთეტიკას აფასებდნენ. შესაბამისად, მცირე ასაკიდანვე განმივითარდა დეტალებისადმი მახვილი თვალი და სივრცის გარდაქმნისადმი ინტერესი. სწორედ ამ გარემომ განსაზღვრა ჩემი სიყვარული დიზაინის, ხელოვნებისა და არქიტექტურისადმი, შემდგომ კი – პროფესიული არჩევანიც.

ბინა წყნეთის გზატკეცილზე

მოგვიყევით თქვენს კარიერულ გზაზე.

უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე მივიღე. ჩემი კოლეგების მსგავსად, მეც არქიტექტურაზე შევაჩერე არჩევანი, რადგან ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი მაშინ, სამწუხაროდ, არ არსებობდა. უნივერსიტეტში ყოფნის დროს გამიმძაფრდა ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ და სწავლის დასრულების შემდეგ კარიერა ამ მიმართულებით განვაგრძე.

ბინა ჟვანიას ქუჩაზე

ვფიქრობ, ჩემი კარიერა საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილებებითაა სავსე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპროექტო „კათედრალში“ დავიწყე, სადაც საკმაოდ ღირებული გამოცდილება მივიღე. მოგვიანებით გადავწყვიტე, საკუთარი სტუდია დამეარსებინა. ასე შეიქმნა ინტერიერის დიზაინის სტუდია „კუბი“. ამან შესაძლებლობა მომცა, თავისუფლად გამომეხატა და გადმომეცა ჩემი დიზაინის ფილოსოფია, მჭიდროდ მეთანამშრომლა კლიენტებთან და ერთობლივად განგვეხორციელებინა საინტერესო პროექტები. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში არაერთ ნიჭიერ პროფესიონალთან მითანამშრომლია, რაც განვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში ძალიან დამეხმარა.

ბინა მინდელის ქუჩაზე

გვესაუბრეთ თქვენს შემოქმედებაზე. როგორია თქვენი დიზაინის ფილოსოფია და მუშაობის პროცესი?

ვფიქრობ, ჩემი დიზაინის ფილოსოფია ისეთი სივრცეების შექმნას ეფუძნება, რომლებიც არა მხოლოდ გარეგნულადაა მომხიბვლელი, არამედ ფუნქციური და ადამიანებისთვის კომფორტის შემქმნელია. მჯერა, რომ დიზაინმა უნდა ასახოს დამკვეთის პიროვნება და მოერგოს მის საჭიროებებს. ყოველთვის ვცდილობ, დიზაინის მდგრადი ელემენტების ჩართვით შევქმნა ბალანსი ესთეტიკას, ფუნქციურობასა და კომფორტს შორის. მგონია, რომ ჩემი ნამუშევრების არსი და გზავნილი სწორედ ესაა: გადმოვცე დიზაინის ძალა, რომელიც ცხოვრებას აუმჯობესებს და მყუდრო გარემოს ქმნის.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

მუშაობის პროცესში შთაგონებას თითქმის ყველაფრისგან ვიღებ: ბუნებისგან, ხელოვნებისგან, მოგზაურობისა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაკვირვებისგან. ვფიქრობ, სხვადასხვა კულტურისა და დიზაინის ტრადიციების შესწავლა ხედვას აფართოებს და საშუალებას მაძლევს, ჩემს შემოქმედებაში უნიკალური ელემენტები შევიტანო. მგონია, რომ ჩემი ნამუშევრები კარგად გამოხატავს ჩემს ხელწერას, რომლის მიზანიც დახვეწილობის, ფუნქციურობისა და მარადიული ელეგანტურობის ჰარმონიული შერწყმით უნიკალური დიზაინის შექმნაა.

თქვენი პროექტებიდან რომელიმეს ხომ არ გამოარჩევდით?

რთულია საყვარელი პროექტებიდან ერთის შერჩევა, რადგან თითოეულს განსაკუთრებულად მიყვარს.  თუმცა, თუ არჩევა მაინც მომიწევს, ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს გამოვყოფდი – ბინას მიცკევიჩის ქუჩაზე. მგონია, რომ სწორედ ამ ობიექტზე მუშაობისას მომეცა შესაძლებლობა, სრულად გამომეხატა ჩემი დიზაინის ფილოსოფია და ხელოვნების, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის უწყვეტი ერთობლიობით გადმომეცა სათქმელი. შედეგს, დამკვეთის მოწონებასთან ერთად, სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცხადია, პროექტის განხორციელებაში თავად დამკვეთსაც დიდი როლი ჰქონდა, რადგან საკმაოდ გემოვნებიანი აღმოჩნდა.

ბინა მიცკევიჩის ქუჩაზე

გამიმართლა, რომ ახლა რამდენიმე საინტერესო პროექტში ვარ ჩართული, სადაც საშუალება მეძლევა, შევქმნა მიმზიდველი სივრცე. ინტერიერის დიზაინთან ერთად, ლანდშაფტის დიზაინზეც ვმუშაობ. ძალიან მინდა, სამომავლოდ ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების დიზაინიც შევქმნა.

ბინა მიცკევიჩის ქუჩაზე

როგორ შეაფასებდით ინტერიერის დიზაინის სფეროს ჩვენს ქვეყანაში?

ქართული არქიტექტურული და დიზაინის სივრცე დიდ გარდაქმნას განიცდის. მზარდი მოთხოვნაა როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე დიზაინის სტილისადმი, რისი წყალობითაც უამრავი მრავალფეროვანი პროექტი შეიქმნა. ჩემი აზრით, ქართული დიზაინის სივრცე სტაბილურად ვითარდება და უზარმაზარი პოტენციალიც აქვს.

ბინა პოლიტოვსკაიას ქუჩაზე

ვფიქრობ, ქართველ დამკვეთი აფასებს პროფესიონალიზმს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინდივიდუალური ხასიათის სივრცეებს, რომლებიც მის პიროვნებასა თუ კულტურულ იდენტობას გამოხატავს. ჩემი შეფასებით, ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რადგან ხალხი აცნობიერებს დახვეწილი და ფუნქციური საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოს შექმნის მნიშვნელობას.

ბინა ჭავჭავაძის გამზირზე

დაბოლოს, რას ეტყოდით თქვენს ახალგაზრდა კოლეგებს?

ახალგაზრდებს, რომლებსაც ინტერიერის დიზაინის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა სურთ, ვურჩევდი, არასოდეს შეწყვიტონ შემეცნებისა და განვითარების პროცესი. უნდა ახსოვდეთ, რომ ეს პროფესია უწყვეტ ზრდასა და უახლესი ტენდენციების  შესწავლას მოითხოვს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაც, რადგან დამკვეთსა თუ კოლეგებთან თანამშრომლობა ერთდროულად საინტერესოცაა და რთულიც.

ლანდშაფტის დიზაინი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ადგილობრივ გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული სახლი ავსტრალიაში

“Casa Ocal” – ევკალიპტის ხისგან აგებული სახლი ეკვადორის მთებში