in

რა უნდა შეიცვალოს ინტერიერში, რომელიც მოსაწყენად გვეჩვენება?

დღეს ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს სახლში მოწყენილობა, გაღიზიანება, სხვა უარყოფითი ემოციები და ამ მოცემულობის შეცვლის გზებს შემოგთავაზებთ.

დაამატეთ განათება

გავრცელებული მიზეზი, რის გამოც შეიძლება ინტერიერი გამაღიზიანებელი და დამღლელი ჩანდეს, ბუნებრივი და ხელოვნური განათების ნაკლებობაა. პირველ მათგანზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებას ვერ შეძლებთ, მაგრამ რამდენიმე დეტალის შესწორება შესაძლებელია:

  • დიდი ავეჯი, რომელიც სინათლის ნაკადის ნაწილს ოთახში შემოღწევაში ხელს უშლის, ფანჯარასთან არ დადგათ. თაროები და კარადები შორეულ კედელთან განათავსეთ.
  • დაკიდეთ უფრო მსუბუქი და ნათელი ფარდები (შესაძლოა, მათზე საერთოდ უარი თქვათ).
  • რემონტის ეტაპზე ნათელი ფერის მოსაპირკეთებელ მასალებზე კონცენტრირდით.
  • დაკიდეთ მეტი სარკე და დაამატეთ პრიალა ზედაპირები.

თუ ეს პუნქტები ვერ გეხმარებათ, ხელოვნურ განათებაზე ფოკუსირდით. დაამატეთ განსხვავებული სიმძლავრის სანათები და ისინი სხვადასხვა სიმაღლეზე დაამონტაჟეთ. რაც უფრო მრავალფეროვანია განათება, მით უფრო კომფორტული და სასიამოვნოა ინტერიერი.

სივრცე გარდაქმენი

გადაწყობა შესანიშნავი გზაა სივრცის განცდის გასაუმჯობესებლად და ფუნქციური ტერიტორიების უფრო მოხერხებულად დასაგეგმად. გაანალიზეთ, ბინის რომელ ნაწილში გრძნობთ ყველაზე ხშირად მოწყენილობას ან გაღიზიანებას. თუ ეს სამუშაო სივრცეა, დაფიქრდით იმაზე, თუ სად შეიძლება სამუშაო მაგიდის გადატანა. მაგალითად, ის ფანჯარასთან უფრო ახლოს მოათავსეთ. საძინებელში სამუშაო მაგიდამ შეიძლება მოტივაციის ნაკლებობა გამოიწვიოს, რადგან ეს ოთახი რელაქსაციასთან ასოცირდება. ამ შემთხვევაში ის სხვა ოთახში გადაიტანეთ. ანალოგიურად შეგიძლიათ ადგილმდებარეობა შეუცვალოთ სკამებს, დივნებს, წიგნების კარადებს, საწოლს და ა. შ.

განაახლეთ ტექსტილი

ცუდი განწყობა შეიძლება გამოწვეული იყოს ინტერიერის ზოგადი უსახურობის შეგრძნებით. ამ შემთხვევაში, სასარგებლოა ტექსტილებთან მუშაობა:

  • ყველა რბილი ავეჯი, რომელიც გაცვეთილია, ახალი ქსოვილით უნდა შეიცვალოს ან სრულად ჩანაცვლდეს.
  • დააგეთ ახალი ხალიჩა, ამასთან დივანს ახალი ბალიშები და პლედი დაამატეთ.
  • ფარდების უფრო ნათელი ნაკრები შეარჩიეთ.
  • შეცვალეთ თეთრეული. შეარჩიეთ ნაკრები, რომლის ვიზუალი და ქსოვილი თქვენთვის სასიამოვნოა.
  • განაახლეთ ყველა პირსახოცი სამზარეულოსა და სააბაზანოში.

დაამატეთ ფერები

ფერი მნიშვნელოვნად მოქმედებს იმ განწყობაზე, რომელსაც ინტერიერი ქმნის. თუ კონკრეტული ოთახი გაღიზიანებთ, შეიძლება ამის მიზეზი მოპირკეთებისთვის ან ავეჯისთვის არასწორად შერჩეული პალიტრაა. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ნეიტრალურ ფერებს, როგორიცაა კრემისფერი და ნაცრისფერი, რომლებიც უნივერსალურ, მაგრამ არა ყველასთვის შესაფერის ტონებად ითვლება. შექმენით შთამაგონებელი პალიტრა და ფერები თქვენს ინტერიერს ეტაპობრივად დაამატეთ: შეარჩიეთ ტექსტილი და აქსესუარები, შეღებეთ კედლის ნაწილი, შეიძინეთ ავეჯი.

გამოიყენეთ ოთახის მცენარეები

მცენარეები სივრცეში ბუნებასთან სიახლოვის განცდას ქმნის, ამიტომ თუ სახლში ისინი არ გაქვთ, ოთახის მცენარეების შეძენაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. დაიწყეთ მარტივი და უპრეტენზიო სახეობებით: მონსტერა, კროტონი, დრაცენა. რაც უფრო დიდია ოთახი, მით მეტი მოზრდილი და საშუალო ზომის მცენარე იქნება საჭირო შესამჩნევი ეფექტის მისაღწევად.

თავიდან მოიშორეთ ზედმეტი ნივთები

კიდევ ერთი კარგი გზა ინტერიერის აღქმის შესაცვლელად ყველა არასაჭირო ელემენტის თავიდან მოშორებაა. სივრცის გასუფთავება დაიწყეთ დიდი ნივთების მოშორებით, როგორიცაა სკამი, რომელსაც არავინ იყენებს. შემდეგ გადადით საშუალო ზომის ნივთებზე, საბოლოოდ კი — წვრილმანებზე. რაც უფრო მეტი თავისუფალი ადგილია სახლში, მით უფრო ადვილია მასში კომფორტულად ცხოვრება.

კონცენტრირდით სასიამოვნო არომატზე

ფერების მსგავსად, ჩვენს განწყობაზე არომატებიც ზემოქმედებს. შეარჩიეთ ინტერიერის სუნამო დიფუზორისთვის ან სურნელოვანი სანთლები, რომლებიც თქვენში სასიამოვნო ემოციებს იწვევს. შეგიძლიათ სხვადასხვა ოთახისთვის განსხვავებული არომატი გამოიყენოთ.

როგორ შევარჩიოთ სასურველი ტიპის ფარდა-ჟალუზი? – ყველაფერი, რაც უნდა გავითვალისწინოთ

მინიმალისტური სახლი ლისზე — ზაალ გუგუშვილის ინტერიერი