in

მიკრო ბინა მარჯანიშვილის მოედანზე — სალომე მეტრეველის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე სახლზე მოგითხრობთ, რომელზეც დიზაინერმა სალომე მეტრეველმა იმუშავა. ბინა, რომლის საერთო ფართობი 15 მ2-ია, დიდი ხნის წინ სალომეს დედამ შეიძინა. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. როგორც სალომე აღნიშნავს, მისი შეძენისას გადამწყვეტი როლი ადგილმდებარეობამ და ჭერის სიმაღლემ  (5 მ) შეასრულა.

პროექტის ავტორის თქმით, ბინაში ცხოვრება თითქმის შეუძლებელი იყო, ვინაიდან არ არსებობდა სველი წერტილი და ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები. გეგმარების მთავარი კონცეფცია სივრცის მაქსიმალურ ათვისებასა და ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას დაეფუძნა. სალომე თავის მეგობარსა და პარტნიორთან, არქიტექტორ ელენე ედიშერაშვილთან ერთად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დასახული ამოცანა ორივეს საკმაოდ რთული და მიუღწეველი მოეჩვენა, საბოლოოდ, მიზანს მიაღწიეს და სასურველი შედეგი მიიღეს.

პროექტის ავტორების გადაწყვეტილებით, ჭერის სიმაღლის გათვალისწინებით, მეორე სართული დაემატა, რის შედეგადაც ქვედა სართულზე – სველი წერტილი, ზედაზე კი საძინებელი ზონა განთავსდა.

„პირველ ეტაპზე შეიქმნა კონსტრუქცია, რომელიც სივრცეს ორ ნაწილად გაყოფდა. ამის შემდეგ უშუალოდ პირველი სართულის დაგეგმვაზე გადავედით. მოგეხსენებათ, როგორი რთულია ძველ აშენებულ ბინებში გაყვანილობის მოწესრიგება, ამიტომ, პირველ ყოვლისა, ისეთი ადგილი შეირჩა, რომელიც მაქსიმალურად შეამსუბუქებდა ამ ვითარებას“, — იხსენებს სალომე.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ბუხარი, რომელიც სახლში დახვდათ, თითქმის პირვანდელი სახით შენარჩუნდა. არ შეცვლილა შემოსასვლელი კარიც, რომელიც  ჭერამდე ადის და სახლს ავთენტურ იერს სძენს.

ბუხრის მხარეს სასადილო კუთხე მოეწყო, სამზარეულო კი კიბის ქვედა ნაწილში განთავსდა. სამზარეულო ზონა ისე დაგეგმარდა, რომ მაცივრისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის გვერდით სარეცხი მანქანის მოთავსებაც მოხერხდა.

კედლები, მცირე ფართობის გამო,  სპილოსძვლისფრად შეიღება, აქცენტი კი ბუხარზე, მეტალის ფერსა და სამზარეულოს ფილებზე გაკეთდა, რომელთა ტონალობა ტერაკოტისფერშია გადაწყვეტილი. სამზარეულო – პატარა, თუმცა მყუდრო და კომფორტულია. ტექნიკა სამზარეულოს ავეჯის მეშვეობით არის დამალული, რის გამოც ერთიანი, ჰარმონიული სივრცე იქმნება. მთელ სახლში გვხვდება ხის ფაქტურისგან დამზადებული ავეჯი და ვერცხლისფერი ქრომირებული დეტალები, რომლებიც ინტერიერის წამყვან ფერს იდეალურად ესადაგება.

ბუხართან მოწყობილია მცირე სასადილო კუთხე. ინტერიერის ხასიათს ძველებური ბუხარი ქმნის, რომელზე მოთავსებული მცენარეებიც სახლს მომხიბვლელ იერსახეს სძენს. აღსანიშნავია კედელზე მოთავსებული ნახატი და სანათები, რომლებიც ესთეტიკურად ამდიდრებს სივრცეს. კიბის საფეხურებში მოეწყო სათავსოები, რომლებშიც წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა განთავსდა.

დომინანტური ტერაკოტისფერი აბაზანაშიც მეორდება. მთელ სახლში გვხვდება ხის ფაქტურისგან დამზადებული ავეჯი და მრავალფეროვნების მისაღწევად  გამოყენებული ვერცხლისფერი ქრომირებული დეტალები.

საძინებელი მინიმალისტური, სადა სტილით გამოირჩევა. სიმარტივისა და ადგილის სიმცირის მიუხედავად, ეს ზონა ისეა მოწყობილი, რომ დასვენებისთვის იდეალური პირობები იქმნება.

ჩვენი რესპონდენტის აზრით, პროექტი დასახული მიზნის მიხედვით განხორციელდა და ბინა საკმაოდ მყუდრო და კომფორტული გამოვიდა. მცირე ფართობზე სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო გარემო შეიქმნა, რომელშიც სიმსუბუქე და დადებითი განწყობა იგრძნობა.

პროექტის ავტორი: სალომე მეტრეველი

აბაზანის ფილები: „VitrA Georgia

კედლის მოპირკეთება: „პეპელა“

განათება: „ახალი ნათება“, „IKEA“ 

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

2023 წლის პარიზის დიზაინის კვირეული 7-16 სექტემბერს ჩატარდება

რატომ არის ნაცრისფერი აქტუალური ინტერიერის დიზაინში? — 5 მთავარი მიზეზი