in

თანამედროვეობის შთაგონებით შექმნილი არქიტექტურა და დიზაინი — ინტერვიუ ნინო გიგილაშვილთან

ჩვენი მორიგი რესპონდენტი არქიტექტორ-დიზაინერი ნინო გიგილაშვილია, რომელსაც პროფესიისადმი ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. როგორც თავად ამბობს, ამაში გარემო დაეხმარა: პირველად დედის წყალობით ეზიარა არქიტექტურულ სამყაროს. დღევანდელ სტატიაში ნინო თავის საინტერესო გამოცდილებასა და დაკვირვებებს Homeis.ge-ს მკითხველს უზიარებს.

ნინო, იქონია თუ არა გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზე ბავშვობამ – იმ გარემომ, რომელშიც იზრდებოდით?

ჩემი ბავშვობა მჭიდროდ უკავშირდება არქიტექტურასა და დიზაინს, რადგან დედაჩემი არქიტექტორია. მახსოვს, 5 წლის ვიყავი, როდესაც ვთხოვე, ჩემთვისაც მოეწყო პატარა დაფა, რომელზეც დიდი ინტერესით ვხაზავდი. შემდეგ ეს ინტერესი დიდ გატაცებაში გადაიზარდა: უკვე საკუთარ პროექტებს ვქმნიდი. ამავე ასაკში 3-სართულიანი სახლის პროექტი გავაკეთე, ჭრილებითა და ინტერიერში ავეჯის განლაგებით, რამაც უდიდესი სიხარული და ბედნიერება მომანიჭა. სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევდი, თავს არ ვანებებდი მუშაობას. სკოლის ასაკიდან დედას მშენებლობებზე დავყვებოდი, ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს პროფესია უდიდეს შრომას მოითხოვდა, რადგან არქიტექტორი ქმნის გარემოს, რომელშიც თანამედროვე ადამიანი, უამრავი სირთულის ფონზე, უნდა განვითარდეს. ეს პასუხისმგებლობა თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა.

მოგვიყევით თქვენს განათლებასა და კარიერულ გზაზე.

განათლება, არქიტექტურის მიმართულებით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში მივიღე, სადაც არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი. მათ პროფესია კიდევ უფრო მეტად შემაყვარეს და ახლი ცოდნა და გამოცდილება შემძინეს, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს პროფესიულ ზრდაში. ჩემი ერთ-ერთი პირველი წარმატება „არსის“ მიერ დაარსებული სტუდენტური პრიზის მოპოვება იყო, რომელიც საბავშვო ბაღის პროექტისთვის მივიღე. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაცია გახდა. მოგვიანებით არაერთ საინტერესო პროექტზე ვიმუშავე, რომლებმაც ჩემი დღევანდელი ადგილი განსაზღვრა. ეს პროფესია ბავშვობიდანვე ჩემი არჩევანი იყო, ამიტომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი თავისთავად მოხდა.

კერძო სახლი ვერაზე

როგორია დიზაინის თქვენეული ფილოსოფია და რა არის თქვენი ნამუშევრების მთავარი სათქმელი? 

ჩემთვის არქიტექტურა და დიზაინი განუყოფელია. იდეალურია, თუ ექსტერიერი სრულად ეთანხმება ინტერიერს. ჩემი, როგორც არქიტექტორ-დიზაინერის, მიზანიც ესაა – თითოეული პროექტის საშუალებით მივაღწიო გარემოსთან, დროსთან, ბუნებასთან ჰარმონიას, რადგან ყველაფერი ადამიანისთვის იქმნება. ვფიქრობ, ადამიანის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ამ პროფესიას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს. ჩვენ მიერ შექმნილი გარემო დიდ როლს ასრულებს განწყობის, ხასიათისა და გემოვნების ფორმირებაში.

მუშაობის პროცესში შთაგონებას ყველაფრისგან ვიღებ. ხშირად შთაგონების წყარო კარგი ფილმი ან მაღალი მოდის ჩვენებაც გამხდარა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ განათებას, რომელიც იდეების წყაროა და სივრცეების მრავალფეროვნად წარმოჩენაში მეხმარება.

ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები  ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან სხვადასხვა გარემოში იქმნება, ყველას საკუთარი სივრცითი განწყობა და განსხვავებული ხასიათი აქვს.

როგორ შეაფასებდით არქიტექტურულ სივრცეს საქართველოში?   

ყოველთვის იქმნებოდა და იქმნება ხარისხიანი არქიტექტურა თუ დიზაინი. დღეს ჩვენ ირგვლივ ბევრი გამორჩეული შენობაა, რაც ამ სფეროს განვითარებაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, უკვე არაერთი კარგი მასალაა ხელმისაწვდომი, რისი დახმარებითაც მრავალფეროვანი იდეების განხორციელება გახდა შესაძლებელი. თანამედროვე საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, არქიტექტურა და დიზაინი დიდი გამოწვევების წინაშე დგას და არქიტექტორ-დიზაინერისგან მუდმივად რაღაც ახალსა და საინტერესოს მოელის.

კერძო სახლი დიღომში

როგორია ქართველ დამკვეთთან ურთიერთობის სპეციფიკა?

როდესაც დამკვეთის გემოვნება შენსას ემთხვევა, პროექტზე მუშაობის პროცესი მარტივი და ჰარმონიულია. თუ ეს თანხვედრა არ არის, ძალიან ბევრი დრო იკარგება იმის ასახსნელად, რომ ამა თუ იმ საკითხზე ბევრი იფიქრე და საუკეთესო იდეას სთავაზობ. საბოლოოდ, მაინც ვთანხმდებით ხოლმე, თუმცა ეს პროცესი დროში იწელება. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სტილის შესრულება შეიძლება ხარისხიანად. ყოველთვის ვცდილობ, ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომელიც თანამედროვე არქიტექტურასა და დიზაინს შეესაბამება, რათა ნამუშევარი დროის შესატყვისი იყოს.

ახლა რა პროექტზე მუშაობთ

ამ ეტაპზე მშენებარე პროექტზე ვმუშაობ, რომელშიც არქიტექტურაცა და დიზაინიც ჩემი შესრულებულია. ვფიქრობ, პროექტი არაერთი საინტერესო დეტალით გამოირჩევა, რადგან მთელი კონცეფცია სწორედ ასეთ ნიუანსებს ეფუძნება.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი შანხაის დასახლებაში

დაბოლოს, რას ეტყოდით ახალგაზრდა კოლეგებს?   

ზოგადად, რჩევების მიცემა არ მიყვარს, რადგან ვფიქრობ, რომ უნივერსალური რჩევა არ არსებობს. ყველა შემთხვევა განსხვავებულია. შესაძლოა, რაღაც ჩემთვის მისაღები იყოს, სხვას კი არ გამოადგეს. ადამიანს თავისუფალი ნება აქვს და არჩევანიც მისი გასაკეთებელია. ერთადერთი, რასაც ვიტყოდი, ისაა, რომ ინტერნეტის ეპოქაში უდიდესი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, შესაბამისად, ნებისმიერი რამის მიღწევა უფრო მარტივად შესაძლებელია.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ჩაშენებული ღუმლის 4 მთავარი უპირატესობა

„ვილეროი & ბოხის“ და რუსუდან ფეტვიაშვილის თანამშრომლობით ახალი ნამუშევარი შეიქმნა