in

რისგან მზადდება მოლდინგები და როგორია მათი ფასი ქართულ ბაზარზე?

მოლდინს თანამედროვე ინტერიერში საკმაოდ ხშირად ვხვდებით. ის ელეგანტური და დახვეწილი დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია. მოლდინგი, რომელიც ზედაპირზე დასაკრავი დეკორატიული პროფილია, ძირითადად კედლების, ჭერის, თაღების, კარებისა და ავეჯის გასაფორმებლად გამოიყენება. მაგალითად, კედელზე გამოყვანილი ჩარჩო, რომელიც მომხმარებლებს ხშირად მთლიანი პანელი/დაფა ჰგონიათ, სწორედ მოლდინგის პროფილის ეფექტია. ესთეტიკური დანიშნულების გარდა, მას ასევე იყენებენ:
სივრცის ზონრებისთვის — მოლდინგების საშუალებით შეგიძლიათ, ერთმანეთისგან გამოყოთ ოთახში არსებული სხვადასხვა ნაწილები.
მოცულობის გასაზრდელად — მოლდინგები ხშირად გამოიყენება ჭერის სიმაღლის ეფექტის გაზრდის მიზნით.
ნაკლოვანების შესანიღბავა — კედლებზე არსებული ბზარებისა თუ სხვა დეფექტების დასაფარად მოლდინგები მშვენიერი საშუალებაა.
განათებისთვის — დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთი მოლდინგები, რომლებიც დამატებითი განათების ეფექტის შესაქმნელადაა განკუთვნილი. ასეთ მოლდინგებში საგანგებო დიოდური ლენტები მონტაჟდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მწარმოებლებმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს ისეთი მრავალფუნქციური პროფილების წარმოება, რომელთა გამოყენებაც როგორც კედლისთვის, ასევე ჭერის კარნიზად ან იატაკის პლინტუსად შეიძლება.
მოლდინგებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად, „Mardom Decor“-ის წარმომადგენელ  კომპანია „Mardom Decor Georgia“-ს მივმართეთ. კომპანიის წარმომადგენელი გვიხსნის, რომ მოლდინგებს სხვადასხვა მასალისგან ამზადებენ: თაბაშირისგან, ხისგან, MDF-ისგან, პოლიურეთანისგან, პოლიმერისგან (დუროპოლიმერი), პოლისტიროლისგან (ქაფპოლისტიროლი) და ა. შ.

კლასიკური მოლდინგი თაბაშირისგან მზადდებოდა, რომელიც შემდეგ იაფი, უფრო პრაქტიკული მასალით შეიცვალა. თაბაშირ ფრთხილ და სათუთ მუშაობა სჭირდება, საკმაოდ მძიმეცაა, თუმცა მისგან დამზადებული პროდუქტი მდიდრულად გამოიყურება და სათანადო მოვლის წყალობით, კლასიკურ ინტერიერში ათწლეულების განმავლობაში ძლებს “, — აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

თაბაშირი

ინტერიერში ხის გამოყენება მრავალი წელია, საკმაოდ აქტუალურია. ამ მასალისგან არა მხოლოდ პლინტუსები და მოლდინგები, არამედ კედლის პანელები და ინტერიერის მთლიანი კომპოზიციებიც მზადდება. ექსპერტის თქმით, ასეთი ინტერიერი ესთეტიკური სილამაზით გამოირჩევა, თუმცა, ნაკლებად პრაქტიკულია, რადგან საკმაოდ ძვირი ჯდება და, ამავდროულად, მუდმივ მოვლას საჭიროებს.

ხე
ხე

MDF-ი შედარებით ხელმისაწვდომი მასალაა. მისგან დამზადებული ნაკეთობები მარტივად იღებება და მონტაჟდება, თუმცა ნესტის მიმართ არამდგრადი და ძალიან მყიფეა, რის გამოც დროთა განმავლობაში ნაკაწრები და ბზარები უჩნდება.

MDF
MDF

რომელი მასალა გამოიყენება ყველაზე ხშირად მოლდინგების დასამზადებლად?

ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მოლდინგებს ყველაზე ხშირად პოლიურეთანისგან, პოლიმერისა და პოლისტიროლის ქაფისგან ამზადებენ.

პოლიურეთანი — პოლიურეთანი ორკომპონენტიანი ქიმიური შენაერთია, რომელიც გარეგნულად აქაფებულ ფხვნილს წააგავს. მისი ნაკეთობები დაფარულია პრაიმერის ფენით (გრუნტით), რაც მათ საბოლოო დამუშავებას (შეღებვას) აადვილებს. ამ მასალისგან დამზადებული პროდუქტი თაბაშირს ჰგავს. პოლიურეთანის მოლდინგები მსუბუქი და დრეკადია. მათი დამონტაჟება, შეღებვა და გაწმენდა მარტივია. თუმცა, ამ მასალით (ძვირადღირებული პროცესის გამო) არ იქმნება უნიკალური ორნამენტები (არა სერიული წარმოების ნაკეთობები), რადგან მწარმოებლები დეკორის შექმნისას სტანდარტულ ყალიბებს იყენებენ.

პოლიურეთანი

პოლიურეთანის უპირატესობები:

  • სწრაფი და მარტივი მონტაჟი;
  • მომხიბვლელი იერსახე. პროდუქტი თანაბარ და გლუვ ზედაპირს ქნის;
  • მდგრადობა — დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ტემპერატურის პირობებში, პოლიურეთანი არ დეფორმირდება. ის მზის პირდაპირი სხივებისა და ტენიანობის მიმართ მდგრადია. ამ მასალაზე ობი და სოკო არ ჩნდება. საჭიროების შემთხვევაში, მისი გაწმენდა სველი ტილოთია შესაძლებელი, აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის;
  • ეკომეგობრულია — გახურებისას პოლიურეთანი ტოქსიკურ ნივთიერებებს არ გამოყოფს, არ აბინძურებს გარემოს და არ მოქმედებს ოთახის მიკროკლიმატზე.

პოლიმერი (ასევე დიუროპოლიმერი) — პოლიმერი ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომელიც პოლიურეთანზე მტკიცეა. პოლიმერისგან დამზადებული პროდუქტი უფრო მძიმეა და მეტი გამძლეობით ხასიათდება. ამ მასალისგან შექმნილი მოლდინგის დეკორი მდგრადია მექანიკური დაზიანებისა და ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ, ამასთან ერთად, წყალგამძლეა. პოლიმერული ნაკეთობები გარეგნულად მკვეთრად არ განსხვავდება პოლიურეთანის დეკორატიული ელემენტებისაგან, თუმცა ორნამენტიანი რთული ფორმები, წარმოების ტექნიკური მახასიათებლების გამო, შეიძლება მხოლოდ პოლიურეთანისგან დამზადდეს.

პოლიმერი

პოლიმერის უპირატესობები:

  • მექანიკური დაზიანებისა და ტენიანობის მიმართ 100%-იანი მდგრადობა. არ ექვემდებარება შეკუმშვა-გაფართოებას, როგორც გრძივს, ასევე განივს;
  • არ იბზარება. მისი ექსპლუატაციის ვადა შეზღუდული არ არის. 

პოლისტიროლის ქაფი (პენოპლასტი) — პოლისტიროლის ქაფის მოლდინგები ყველაზე ხელმისაწვდომია, თუმცა, პოლიურეთანსა და პოლიმერთან შედარებით, ნაკლებად მტკიცე და გამძლე.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მონტაჟი უმარტივესია, საკმაოდ ბევრი ნაკლოვანება აქვს: პოლისტიროლი მყიფე მასალაა, რომელიც ნებისმიერი მექანიკური ზემოქმედების მეშვეობით მარტივად იშლება. მას არ აქვს საკმარისი ელასტიკურობა, ამიტომ გადაბმები უხეშად გამოიყურება. მასალა  გარემოს მიმართ მგრძნობიარეა, სჭირდება დამატებითი დამუშავება და განსაკუთრებული ზრუნვა. თითქმის ყველა პროფილის მოდელს  გლუვი კონტურები აქვს, რაც მათი გამოყენების არეალს მნიშვნელოვნად ავიწროებს.

პოლისტიროლის ქაფი

მონტაჟის სპეციფიკა  

Mardom Decor Georgia“-ში გვიხსნიან: პროდუქციის უმეტესობა სტანდარტული სიგრძით (2 მეტრი) იწარმოება და წინასწარ დამუშავებულია პრაიმერის (გრუნტის) ფენით, რათა შეღებვისას მაღალი ხარისხის შედეგ მივიღოთ. არჩეული დიზაინის მიხედვით, მოლდინგები შესაბამის ზომაზე, კონკრეტული კუთხით იჭრებ (ყველაზე ხშირად 45). ზედაპირი, რომელზეც მოლდინგი მონტაჟდება, წინასწარ მომზადებული, გაზომილი და მტვრისგან გაწმენდილია. მორგების შემდეგ პროფილზე ნაწილდება წებო და თანაბრად მაგრდება ზედაპირზე. დასაწებებლად საჭიროა შესაბამისი მახასიათებლების მქონე წებო ან აგანგებოდ მწარმოებლისგან შემოთავაზებული პროდუქტის გამოყენება, რომელიც დეფექტებს ფარავს. ზოგჯერ ხელოსნები სილიკონის წებოს იყენებენ, რაც საბოლოო შედეგზე უარყოფითად აისახება: გადაბმის ადგილები – ერთმანეთს ან თავად ნაკეთობა შორდება ზედაპირ, ასევე, შესაძლოა, წებოს გამოჟონვის ადგილებში საღებავი არ მიოს ზედაპირმა და სხვა

დარგის სპეციალისტი გვირჩევს, მოლდინგები პირდაპირ შპალერზე არ განვათავსოთ, რადგან ამ დროს მისი კედელზე დამაგრების ხარისხი შპალერის წებოს ხარისხზეა დამოკიდებული. ასევე, შესაძლო დეფექტების დასაფარად, სასურველია, გამოვიყენოთ საგანგებო ფითხი (Filler). პოლიურეთანის მოლდინგების გადაბმების დასაწებებლად საჭიროა პოლიურეთანზე დაფუძნებული ძლიერი ადგეზიის მქონე წებოს გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში დაერთების ადგილას ჩნდება ბზარი, რომელიც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგია.

კომპანიის წარმომადგენელი გვიხსნის, რომ მოლდინგები აუცილებლად უნდა შეიღებოს. სასურველი შედეგის მისაღებად, უკეთესია, ეს მონტაჟის შემდეგ გავაკეთოთ. საღებავად წყლის ბაზაზე დამზადებული ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება შეიძლება, თუმცა, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, უმჯობესია, მოლდინგი საღებავის გამფრქვევი დანადგარით შეიღებოს.

რაც შეეხება პროდუქტის ფასს, ის მასალაზე, მის დამუშავებასა და ზომაზეა (სიგანე და სისქე) დამოკიდებული და, საშუალოდ, 50 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, პოლიურეთანისა და პოლიმერის მოლდინგების 1 მეტრის ღირებულება, რომლის სიგანე 2 სანტიმეტრიდან იწყება, 6-8 ლარს შეადგენს, ხოლო პოლისტიროლის ქაფისგან დამზადებული 1 მეტრის ფასი 1 ლარიდან იწყება. მოლდინგების მონტაჟის ღირებულება, პროფილის მეტრის გათვალისწინებით, 5-20 ლარამდე მერყეობს.

გარეკანის ფოტო: ოთო გორდელაძე 

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ლოს-ანჯელესში მდებარე ტრადიციული სახლი შავი აქცენტებით

House in Torón — ბუნების პატივისცემითა და მასთან უწყვეტი კავშირის განცდით შექმნილი არქიტექტურა