„ჭკვიანი“ საზომი, ელექტროსახრახნისი და მრავალხელსაწყო — დღეს იმ მოწყობილობებსა და აქსესუარებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ნებისმიერი სახის რემონტის დროს დაგეხმარებათ.
„ჭკვიანი“ საზომი
ესაა ინსტრუმენტი, რომელიც ზედაპირს ზომავს. ჩვეულებრივი საზომი ლენტისგან განსხვავებით, მას რამდენიმე უპირატესობა აქვს. კერძოდ, გაზომვის შედეგი ჩნდება ეკრანზე. მოწყობილობა იმახსოვრებს მაჩვენებლების გარკვეულ რაოდენობას და მათი შეკრებაც შეუძლია, ამიტომ ჩანაწერების გაკეთება არ დაგჭირდებათ. ზოგიერთ მოდელს დამატებითი ფუნქციებიც აქვს, თუმცა, როგორც წესი, მოწყობილობას, სწორის გარდა, ხვეული ხაზების გაზომვაც შეუძლია. „ჭკვიანი“ საზომი კომპაქტური და მსუბუქია, ამიტომ, ავეჯისა თუ სხვა ნივთების გასაზომად მისი მაღაზიაში წაღება მოსახერხებელია.
ლაზერული ნიველირი
ლაზერული ნიველირი მოწყობილობაა, რომელსაც ამზომველები იყენებენ. არსებობს კომპაქტური მოდელებიც, რომლებიც რემონტის გასამარტივებლადაა შექმნილი. მოწყობილობა კედელზე ლაზერის სხივს ავლებს. შპალერის გაკვრის ან ფილების დაგების დროს ის იატაკისა და კედლების მონიშვნას გაგიადვილებთ. მოწყობილობის საშუალებით ადვილად დაამაგრებთ კარნიზებს, გაგიმარტივდებათ თაროებისა და ნახატების დაკიდება და ავეჯის განთავსებაც კი.
ელექტროსახრახნისი
ელექტროსახრახნისი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ მისი დატრიალება არ გიწევთ. ის ბევრად კომპაქტურია, ვიდრე ტრადიციული ვერსია, ამიტომაც დეტალებზე მუშაობისთვის გამოიყენება. ზოგიერთ მოდელს ჩაშენებული ფანარი აქვს, რაც ნივთს კიდევ უფრო პრაქტიკულს ხდის. გარდა ამისა, არსებობს სახრახნისები, რომლებიც სიჩქარის რამდენიმე რეჟიმითაა აღჭურვილი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოწყობილობა გამორთოთ და მექანიკურ რეჟიმზე გადაიყვანოთ.
მრავალხელსაწყო
მრავალხელსაწყო უნივერსალური აქსესუარია, რომელიც კონკრეტული ხელსაწყოებს აერთიანებს. შესაძლოა, კომპლექტები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს და სხვადასხვა ინსტრუმენტით იყოს აღჭურვილი. ჩვეულებისამებრ, მასში შედის: ქლიბი, დანა, სახრახნისი, ბოთლის სახსნელი, მინიხერხი და სხვა სასარგებლო წვრილმანები. მრავალხელსაწყო ინსტრუმენტების სრულ ნაკრებს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა, მცირე სარემონტო სამუშაოსთვის გამოდგება. გარდა ამისა, მისი მანქანაში შენახვა ან სალაშქროდ წაღებაც მოსახერხებელია, რადგან დიდ ადგილს არ იკავებს და ექსტრემალურ სიტუაციაში დახმარების გაწევაც შეუძლია.
მიტრის ყუთი
მიტრის ყუთი ინსტრუმენტია, რომელსაც დურგლები იყენებენ. მისი დახმარებით მასალის მოჭრა ძალიან მოსახერხებელია. ყველაზე მარტივ მოდელს აქვს შაბლონები 90°-იანი, 60°-იანი და 45°-იანი კუთხეებისთვის, რადგან რემონტის დროს, ყველაზე ხშირად სწორედ ისინია საჭირო. მიტრის ყუთი გამოდგება პლინტუსების, კარების ჩარჩოების, ხის, ლითონისა და პლასტმასის ფირფიტების დასაჭრელად, ასევე, სხვა სამუშაოებისთვისაც.
პროფილური შაბლონი
პროფილური შაბლონის დახმარებით, შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რთული, კონტურის ასლი და სხვა ზედაპირზე გადაიტანოთ. აქსესუარი უნდა მიაბჯინოთ ელემენტს, დააფიქსიროთ მისი ფორმა და შემდეგ, უბრალოდ, ქაღალდზე ან სხვა მასალაზე შემოხაზოთ. ამ გზით ნებისმიერი ზედაპირის კონტურების გადატანა მარტივია, მაგალითად, ფილაზე მარკირება მილზე ხვრელის ამოსაჭრელად.
გაყვანილობის დეტექტორი
კედლის ბურღვის დროს ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ელექტროგაყვანილობა დააზიანოთ. ასეთ შემთხვევაში ყველაფრის აღდგენა მოგიწევთ. ზოგიერთი ხელოსანი ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მიიჩნევს, რომ მომხმარებელმა სახიფათო ადგილები თავად უნდა მონიშნოს. ამის გაკეთება საგანგებო მოწყობილობის გარეშე რთულია, ამიტომ რემონტისას აუცილებლად დაგჭირდებათ გაყვანილობის დეტექტორი, რომლის შეძენა ან ქირაობა შეგიძლიათ.
მოწყობილობის მთავარი ფუნქცია გაყვანილობის ადგილმდებარეობის განსაზღვრაა. ამისათვის ის გამოსცემს ხმოვან სიგნალს, ან ეკრანზე ინფორმაციას აჩვენებს. გარდა ამისა, არსებობს მოწყობილობები, რომლებიც სხვადასხვა მასალას პოულობს, მაგალითად, ლითონებს და ხეს.
კუთხის გადამყვანი სახრახნისისთვის
რემონტის დროს, ხშირად ძალიან რთულია, მიუდგეთ ზოგიერთ ადგილს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ხრახნის სწორი კუთხით დამაგრებას ეხება. ამ პრობლემის მოგვარებაში კუთხის გადამყვანი დაგეხმარებათ, რომელიც სახრახნისზე მაგრდება. ამის შემდეგ შეგიძლიათ, ხრახნი სასურველ ადგილას მოათავსოთ. მოწყობილობით ძალიან პატარა სივრცეშიც კი შეძლებთ მუშაობას.
მაგნიტური სამაჯური
აქსესუარი გამოგადგებათ ხრახნებთან, ლურსმნებსა და სხვა ლითონის ნაწილებთან მუშაობისას. ის, უბრალოდ, ხელზე უნდა მოირგოთ და ზედ საჭირო ნივთები დაამაგროთ. თუ ეს მოწყობილობა გაქვთ, ხრახნის ჯიბეში ძებნა აღარ მოგიწევთ. ამასთან, როგორც წესი, მაგნიტის სიმძლავრე, ისეთი მძიმე ნივთების დასაფიქსირებლად, როგორიც სახრახნისია, სავსებით საკმარისია.