in

7 მშვიდი ელფერი, რომლებიც ჩაძინებას გაგიადვილებთ

საძინებლის მშვიდ სივრცედ გარდასაქმნელად ზოგჯერ მხოლოდ კედლების გადაღებვაც საკმარისია. თუმცა ფერის შერჩევისთვის უნივერსალური რჩევა არ არსებობს: ზოგს მთელი დღის სტრესს ნათელი ინტერიერი ავიწყებს, ზოგი კი მუქი ფერით გაფორმებულ ოთახში უფრო მარტივად იძინებს. დღევანდელ სტატიაში თავი მოვუყარეთ წლის ყველაზე მოდურ ფერებს, რომლებიც განტვირთვასა და ჩაძინებაში დაგეხმარებათ.

  1. თბილი მოყავისფრო-ყვითელი

ერთი შეხედვით, თითქოს შეუმჩნეველი მოყავისფრო-ყვითელი ელფერი ძალიან მიმზიდველია. მას აქვს საოცარი უნარი, ინტერიერში მშვიდი გარემო შექმნას. გრაფიკული დეტალების გამოყენებით ყოველთვის შეგიძლიათ, სადა გარემო გაამრავალფეროვნოთ — შავი აქცენტები ინტერიერს ელეგანტურობასა და მოდურ, თანამედროვე ეფექტს შემატებს.

  1. ნაზი აკვამარინი

ნაზი ლურჯ-მწვანე ტონები ზღვას მოგვაგონებს, დაღლილ თვალს ამშვიდებს, ზაფხულში კი ინტერიერს სასიამოვნო სიგრილით ავსებს. გასაკვირი არ არის, რომ აკვამარინის ნათელი ფერები საძინებელს განტვირთვისთვის იდეალურ ადგილად აქცევს. ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ავეჯი და დეკორი ამ ეფექტს აძლიერებს.

  1. ტოსკანური წითელი

ტერაკოტის წითელი ელფერი არანაკლებ სიმშვიდეს ასხივებს და საძინებლის გასაფორმებლად იდეალური არჩევანია. თუ ოთახში საკმარისი ბუნებრივი განათება არაა, შეგიძლიათ, ტოსკანური წითელი დახვეწილ ფრანგულ ნაცრისფერ ელფერს შეუხამოთ, თუმცა, კონტრასტებს მაინც მოერიდეთ.

  1. მტვრიანი ვარდისფერი

მტვრიანი ვარდისფერი კრემისფერი ტონების პოეტური ალტერნატივაა. უკვე დიდი ხანია, რაც ამ ფერმა დიზაინერების ყურადღება მიიპყრო. მტვრიანი ვარდისფერი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს. სხვათა შორის, ტოსკანური წითლის მსგავსად, ეს ფერიც მშვენივრად ეხამება ფრანგულ ნაცრისფერს — ეს ორი ელფერი საძინებელში მშვიდი გარემოს შესაქმნელად შესანიშნავი კომბინაციაა.

  1. მუქი ლურჯი

დატვირთული დღის შემდეგ გონების დასამშვიდებლად მუქი ლურჯი ერთ-ერთი საუკეთესო ელფერია. ეს ტონი უნაკლოა როგორც კედლებზე, ისე ჭერზე და ოთახს მყუდრო სივრცედ აქცევს. სურვილის შემთხვევაში, მუქ ლურჯს ყოველთვის შეგიძლიათ შეუხამოთ თბილი მწვანე, ყვითელი და სხვა ბუნებრივი ელფერები.

  1. ალუბლისფერი

მუქი ალუბლისფრის გამოყენება მხოლოდ ერთი შეხედვითაა თამამი გადაწყვეტილება. სინამდვილეში, ეს ბუნებრივი ტონი საძინებელში დამამშვიდებელ გარემოს ქმნის. მეტი სიმყუდროვის შეგიძლიათ რბილი ფარდები და ტალღოვანი ქსოვილი გამოიყენოთ.

  1. ლურჯ-შავი

ინტერიერში შავი ფერი შეიძლება არა პირქუში, არამედ ძალიან მყუდროც კი იყოს — მთავარია, სწორი ელფერი შეარჩიოთ. კარგი გადაწყვეტილებაა ლურჯ-შავი ელფერის გამოყენება თბილი ნახევარტონით. ეს ფერი შესანიშნავად ერწყმის ღია ფერის ავეჯს, ასევე – ყვითელ ლითონებს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

Miele-ს სარეცხი მანქანა – რა გამოარჩევს მას მსოფლიო ბრენდებისგან?

უნიკალური, ფერადი სახლი ნიდერლანდებში