in

ახალგაზრდა არქიტექტორების, ნინა ავდალიანისა და ვანო გვენცაძის, ნამუშევარმა „TerraVivas“-ს საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი დაიმსახურა

2023 წლის „TerraVivas“-ს საერთაშორისო კონკურსში, რომელშიც პროფესიონალი არქიტექტორები და სტუდენტები მონაწილეობდნენ, ქართველმა ახალგაზრდა არქიტექტორებმა, ნინა ავდალიანმა და ვანო გვენცაძემ, 30 ფინალისტს შორის პირველი ადგილი დაიმსახურეს.

TerraViva Competitions“-ი, რომელიც საერთაშორისო კონკურსების პლატფორმაა, არქიტექტურული გამოწვევების მსოფლიო სივრცეა. „TerraViva“-ს საერთაშორისო კონკურსები ღიაა არქიტექტორებისთვის, ურბანისტებისა და დიზაინერებისთვის მთელი მსოფლიოდან. იტალიური ორგანიზაცია ნიჭიერ შემოქმედებს ერთმანეთთან აკავშირებს და ხელს უწყობს არქიტექტურული, ინტერიერის დიზაინისა და ურბანული პროექტების განხორციელებას. მისი ორგანიზებით ევროპასა და ლათინურ ამერიკაში დღემდე გამართულია 10 წარმატებული საერთაშორისო კონკურსი, რომლებშიც მოწვეული იყო ჟიურის 80-მდე წევრი მთელი მსოფლიოდან.

კონკურსის მიზანი იყო კაფეს, რესტორნის ან ბარის დიზაინის გარდაქმნა, გეგმარებითი სტრუქტურის მთლიანი ან ნაწილობრივი ცვლილება. უნდა შექმნილიყო სრულიად ახალი სივრცე, რომელიც გააერთიანებდა ობიექტის პირვანდელ ფუნქციასა და სამუშაო სივრცის ელემენტებს. კონკურსის მონაწილეებისთვის მთავარი სირთულე ინტერიერის დიზაინის ძალისა და პოტენციალის აღმოჩენა იყო, რომელსაც შეუძლია, ერთი შეხედვით, სტატიკური სივრცეები მრავალფუნქციურ ადგილებად გარდაქმნას.

პროექტი „Hybrid coworking“ სამ ნაწილად იყოფა. ესენია: ბუნებრივი შუქით მდიდარი სასადილო სექცია, გარდამავალი „სარკინიგზო“ ზოლი, რომელიც ბარს და სხვადასხვა დასასვენებელ, გასართობ მოწყობილობებს აერთიანებს, და სამუშაო სივრცე. ამგვარი დაყოფა ხელს უწყობს სამუშაო გარემოს, სასადილო და დასასვენებელი სივრცეების ჰარმონიულ თანაარსებობას, მენტალური გარემოს გაუმჯობესებას და სოციალურ ინტერაქციას.

„მენტალურ ჯანმრთელობაზე მსჯელობისას არ შეიძლება, არ ვიფიქროთ ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე. ამიტომ, ჩვენი დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ბიოფილიაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ შეთავაზებული ავეჯის ტიპოლოგიების მრავალფეროვნება, რომელიც თითოეულ ადამიანზეა მორგებული: მაგიდები მდგომარე პოზიციაში მუშაობისთვის, „მფრინავი“ სკამები დასვენებისთვის. ყველაფერი იმ სურვილების დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი, რომლებიც ამ სივრცეში მოსულ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს“, — ამბობენ პროექტის გამარჯვებულები.

დიზაინში გათვალისწინებულია სივრცეები როგორც ინდივიდუალური მუშაობისთვის, ისე – სოციალური თავყრილობებისთვისაც.

რაც შეეხება კონცეფციას, სივრცის განახლება, უპირველესად, გულისხმობდა რეტროფუტურისტული დიზაინის ჰარმონიულ შერწყმას ობიექტის მომავალ ფუნქციასთან; წარსულისა და მომავლის ელემენტების დაკავშირებას, რათა, საბოლოოდ, უნიკალური და შთამაგონებელი გარემო შექმნილიყო.

პროექტის ავტორების თქმით, რეტროფუტურისტული სტილის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიები ძველ იერსახის გვერდით ჰარმონიულად გამოიყურება. დახვეწილი, თანამედროვე მოწყობილობები და ფუტურისტული ტექნოლოგიური ელემენტები ბუნებრივად ერწყმის ვინტაჟური ავეჯის ელემენტებს და ძველისა და ახლის უწყვეტ კავშირს უსვამს ხაზს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

აუზის მოვლის მომსახურება — სპეციფიკა და ფასები ქართულ ბაზარზე

რატომ ღირს ინვესტირება მაღალხარისხიან საყოფაცხოვრებო ტექნიკაში? – 5 აშკარა მიზეზი