in

„სიესტა“ — ქართული ავეჯის კომპანია, რომელიც ამბავს ჰყვება

„სიესტა“ ავეჯის მწარმოებელი ახალგაზრდა ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე სულ რაღაც 1 წელია პოზიციონირებს. ბრენდი ქართველი მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებაზეა ორიენტირებული და ამ ამოცანის შესასრულებლად მმართველი გუნდი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წამყვან მიმწოდებლებთან. „სიესტამ“ დღემდე საკმაოდ მნიშვნელოვანი და შრომატევადი გზა გაიარა, წინ კი დიდი მიზნებია, რომელთა მისაღწევად გუნდში თავდაუზოგავად მუშაობენ.

ჩვენ „სიესტას“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, ელენე წურწუმიას ვესაუბრეთ, რათა კომპანიის შესახებ ვრცელი და დეტალური ინფორმაცია მიგვეღო.

როგორ დაიბადა და განვითარდა თქვენი ბიზნესიდეა? რა გზა გაიარეთ და რა ეტაპზეა ახლა კომპანია?

„სიესტას“ დაარსების იდეა საკმაოდ მარტივად გაჩნდა. გვინდოდა, ისეთი პროდუქტი შეგვექმნა, რომელიც დროს გაუძლებდა და ნებისმიერი ადამიანის საჭიროებებს დააკმაყოფილებდა. მთავარი მიზანი ისეთ სექტორში შებიჯება იყო, რომელიც მზარდი და განვითარებადი იქნებოდა. ავეჯი იმ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც კაცობრიობას ყოველთვის დასჭირდება და სწორედ ამიტომ, არჩევანიც მასზე შევაჩერეთ.

ახლახან გავიდა 1 წელი მას შემდეგ, რაც „სიესტა“ ავეჯის ინდუსტრიაში გამოჩნდა. განვლილი გზა შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი. აღსანიშნავია, რომ განვითარების პროცესში ყველა დასახულ მიზანს ნავარაუდევზე ადრე მივაღწიეთ, რაც სწრაფ წინსვლაში გვეხმარება.

ამ ეტაპზე საკმაოდ სწრაფად ვვითარდებით. გვაქვს არაერთი ინდივიდუალური თუ კორპორაციული შეკვეთა. ჩვენს ბრენდს ერთი შოურუმი აქვს თბილისში, ვაჟა-ფშაველას 65ა-ში. შოურუმი საკმაოდ დიდია (250 მ2), რაც იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მომხმარებელს მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ავეჯი ინდივიდუალურად შეუკვეთოს ან მზა მოდელი შეიძინოს.

როგორ შეიქმნა ბრენდის სახელწოდება?

ყურადღება რამდენიმე ფაქტორს მივაქციეთ. უპირველესად, სახელი მარტივად დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. ამასთან, არ გვინდოდა, მხოლოდ რბილ ავეჯთან დაგვეკავშირებინა. უფრო ღრმა და მრავლისმთქმელი, კომფორტთან, ბედნიერებასა და მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული სიტყვის მოფიქრება გვსურდა. ამიტომაც შევარჩიეთ „სიესტა ჰოუმსთორი“. „სიესტა“ ესპანური სიტყვაა და შუადღის ხანმოკლე ძილს ნიშნავს.

რა არის „სიესტას“ მთავარი ფილოსოფია?

„სიესტას“ მთავარი ღირებულება სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება. ესენია: ხარისხი, კომფორტი და ესთეტიკა. ნებისმიერი მოდელის შექმნისას ვცდილობთ, სამივე კომპონენტი მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.

რა ტიპის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს და რა მასალას იყენებთ წარმოებისას?

ამ ეტაპზე მომხმარებელს რბილ ავეჯსა და საწოლებს ვთავაზობთ. ამასთან, ჩვენს შოურუმში შესაძლებელია იტალიიდან იმპორტირებული მატრასებისა და ბალიშების შეძენაც. დღესდღეობით მხოლოდ ფიქსირებულ დივნებს ვამზადებთ და გასაშლელი რბილი ავეჯის წარმოებისგან დროებით თავს ვიკავებთ, რადგან ქართულ ბაზარზე არსებული მექანიზმები ჩვენს სტანდარტებს არ შეესაბამება. ჩვენი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ისეთი მასალის გამოყენებას, რომელზეც გარანტიის გაცემა არ შეგვიძლია. საქართველოში არსებული თურქული, ირანული და ჩინური მექანიზმები მაღალი ხარისხის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და საკმაოდ მალფუჭებადია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მექანიზმების მოწოდების შესახებ მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს იტალიურ ბრენდთან, რომლის პროდუქციის ხარისხი და ფუნქციონალი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მოლაპარაკება უკვე გადამწყვეტ ეტაპზეა და, სავარაუდოდ, მალე დასრულდება. ამის შემდეგ საქართველოში მათი ექსკლუზიური წარმომადგენლები გავხდებით და პროდუქციას მხოლოდ ჩვენ კი არ გამოვიყენებთ, არამედ სხვა ქართულ საწარმოებსაც შევთავაზებთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ საკუთარი კომპანიის განვითარება არ არის, გვინდა, ქართული წარმოების განვითარებას ხელი შევუწყოთ.

რაც შეეხება ტექსტილს, დაახლოებით 15 სხვადასხვა სახეობის კატალოგი გვაქვს. ყველა მათგანი იტალიურია და ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ყველა ამ ქსოვილის შემომტანი „სიესტაა“, შესაბამისად, მათზე ექსკლუზიური უფლება გვაქვს. ძალიან გვინდა ტექსტილის კატალოგის გამრავალფეროვნება. ამ მიზნით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ესპანურ და გერმანულ მწარმოებლებთან. ვიმედოვნებთ, ქართველი მომხმარებლებისთვის მათი პროდუქციის შეთავაზებას 2023 წლის ბოლომდე შევძლებთ. საერთოდ, ქართულ ბაზარზე არსებულ ქსოვილებს არ ვიყენებთ, თუ ეს მომხმარებლის მოთხოვნა არ არის. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია, საერთო გაყიდვების 5%-ზე ნაკლები.

როგორ შეაფასებთ ქართულ ბაზარს? რა გამოწვევებს აწყდებით და რა შესაძლებლობებს გიქმნით ის?

ქართული ბაზარი ავეჯის ინდუსტრიაში საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ძირითადი გამოწვევა, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმაც უნდა დაძლიოს, მომხმარებელთა ნაწილის უნდობლობაა ქართული პროდუქციის მიმართ. ზოგიერთ მომხმარებელს რატომღაც ჰგონია, რომ არ შეიძლება, ქართული პროდუქტი დახვეწილი და ხარისხიანი იყოს. ცხადია, ზოგ შემთხვევაში ამგვარი დამოკიდებულება გასაგებია, რადგან არაერთი არასასიამოვნო გამოცდილება არსებობს. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა, იმასაც ვაანალიზებთ, რომ ასეთი პრობლემების მოკლე დროში მოგვარება შეუძლებელია. იმედია, ავეჯის მწარმოებელ სხვა ქართულ კომპანიებთან ერთად შევძლებთ, ეს განწყობა შევცვალოთ. პირობას ვდებთ, რომ „სიესტა“ იქნება კომპანია, რომელიც ამ სტერეოტიპს დაამსხვრევს და რამდენიმე წელიწადში ნებისმიერ იმპორტულ ავეჯს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. აუცილებლად ავითვისებთ მომხმარებელთა იმ ნაწილსაც, რომელიც ქართული ავეჯის შეძენის წინააღმდეგია.

მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი მომხმარებელი დეტალებზე ორიენტირებული და მომთხოვნია, ძირითად აქცენტს კი თანამედროვე დიზაინით შექმნილ ავეჯზე აკეთებს. ეს ძალიან გვახარებს და განვითარებისთვის მოტივაციას გვაძლევს.

თქვენი აზრით, რით გამოირჩევა თქვენი კომპანია სხვებისგან?

მთავარი, რაც „სიესტას“ სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს, პროდუქციის მრავალფეროვნება და ინდივიდუალიზმია. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ნედლეული, რომელსაც ვიყენებთ, ქართულ ბაზარზე არ მოიპოვება. ნებისმიერი მომხმარებელი ამაში მარტივად დარწმუნდება, თუკი ჩვენს შოურუმს ეწვევა.

როგორია „სიესტას“ სამომავლო გეგმები?

გვაქვს როგორც მოკლე-, ასევე გრძელვადიანი გეგმები. 2024 წელს ვგეგმავთ კიდევ ორი შოურუმის გახსნას თბილისის ფარგლებს გარეთ. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, „სიესტას“ პროდუქცია საქართველოს ნებისმიერ წერტილში რაც შეიძლება მალე იყოს ხელმისაწვდომი. კომპანიის სახელწოდებიდან გამომდინარე, არ ვაპირებთ მხოლოდ საწოლებსა და რბილ ავეჯზე გაჩერებას, ვგეგმავთ, მყარი ავეჯიც შევთავაზოთ მომხმარებელს: სამზარეულოს ავეჯი, კარადა, მაგიდა, სკამები და ა. შ. 2025 წლისთვის ვაპირებთ მყარი ავეჯის საწარმოს გახსნას. აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით და ვაპირებთ, ეტაპობრივად ვაწარმოოთ ყველა ის პროდუქტი, რომლებიც სახლში კომფორტული ცხოვრებისთვისაა საჭირო. ჩვენი მიზანია, მრავალპროფილური საწარმო გავხდეთ. საბოლოოდ, მთელი ძალისხმევით მივიწევთ დიდი მიზნისკენ — „სიესტა“ საერთაშორისო ბრენდად ვაქციოთ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შევძლოთ საქმიანობა. სწორი მუშაობითა და ამბიციით ეს სავსებით შესაძლებელია.

წლების შემდეგ ყველას გვინდა გავიხსენოთ, საიდან დავიწყეთ და როგორ აღმოვჩნდით მსოფლიო რუკაზე. „სიესტას“ დევიზიც ხომ ესაა: „ავეჯი, რომელიც შენს ამბავს ჰყვება“. გვჯერა, საერთაშორისო ბრენდად ჩვენი ჩამოყალიბება ჩვენივე ისტორია იქნება.

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: გიორგი ბელქანია

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

როგორ გამოვიყენოთ ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფერი სახლში?

8 ადგილი თბილისში, სადაც აბაზანას შეიძენთ