ჩაშენებული მაცივრის შერჩევისას, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ყიდვის გადაწყვეტილება კი ამის შემდეგ მიიღოთ. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.
მოკლე აღწერა
ჩაშენებული მაცივრები შეიძლება იყოს როგორც პატარა, ერთკამერიანი, ასევე დიდი, რამდენიმე კამერით. ასეთი აღჭურვილობის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სამზარეულოს კომპლექტში და სხვა ავეჯში ჩაშენების შესაძლებლობაა. ამავდროულად, არსებობს მოდელები, რომლებიც ჩაშენებულია არა მთლიანად, არამედ — ნაწილობრივ.
ჩაშენებულ მაცივარს უბრალოდ ავეჯის ნაწილად ნუ აღიქვამთ, მას დამატებითი ვენტილაცია სჭირდება, ამასთან თბოიზოლაციის ფენა უფრო სქელი უნდა იყოს.
ჩაშენებული მაცივრის მახასიათებლების შესახებ საუბრისას ასევე უნდა ვახსენოთ:
- უნივერსალური დიზაინი. ჩაშენებული მაცივარი საშუალებას გაძლევთ, არ დაარღვიოთ ინტერიერის ჰარმონია, შეგიძლიათ ის იმავე ფერში გააფორმოთ, რომელიც სამზარეულოს ზედაპირისთვის გაქვთ გამოყენებული.
- როგორც წესი, ჩაშენებული მაცივარი უფრო პატარაა, ვიდრე — ცალკე მდგომი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მასში ყველა საჭირო პროდუქტის მოთავსებას თავისუფლად შეძლებთ.
- ამ ტიპის თანამედროვე მოდელები შეიძლება დამონტაჟდეს არა მხოლოდ სახლში, არამედ — ოფისშიც.
ჩაშენებული მაცივრის უპირატესობები
- ხმაურის შემცირებული დონე – ჩაშენებულ მაცივრებს აქვს გარე პანელები, რომლებიც ტექნიკას ფარავს და, ამასთან, ხმაურის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს.
- შეუმჩნევლობა – ჩაშენებიდან გამომდინარე, მაცივარი თითქმის უხილავი ხდება და ოთახის მთლიან ინტერიერს შესანიშნავად ერწყმის.
- უნივერსალურობა – მას საკმაოდ კომპაქტური პარამეტრები გააჩნია. ეს საშუალებას გაძლევთ, ტექნიკა არა მხოლოდ სხვადასხვა ოთახში, არამედ განსხვავებულ პირობებში გამოიყენოთ. მაგალითად, ჩაშენებული მაცივარი შესანიშნავი არჩევანია მცირე ფართობის სამზარეულოსთვის.
ნაკლოვანებები
- უკვე აღინიშნა, რომ ჩაშენებული მაცივრის საშუალებით შეგიძლიათ სივრცე დაზოგოთ, თუმცა ასეთ მოდელს ვენტილაცია სჭირდება, რამაც შეიძლება, სტანდარტულ ტექნიკასთან შედარებით, მეტი სივრცის დაკავება გამოიწვიოს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ზომებზე. მაგრამ ზოგჯერ სივრცის დაზოგვა არ გამოდის და ეს ფაქტორი უპირატესობის ნაცვლად, ნაკლოვანება ხდება.
- ჩაშენებულ მაცივარს აქვს გაძლიერებული თბოიზოლაცია და აქედან გამომდინარე, მისი მუშაობისას ნაკლები ელექტროენერგია უნდა დაიხარჯოს. თუმცა, ეს ასე არ არის, რადგან კომპრესორისა და კონდენსატის გაგრილება დიდ ენერგიას მოითხოვს.
- მაღალი ფასი ჩაშენებული მაცივრების ერთ-ერთი მინუსია. ამავდროულად, ტექნიკის დამონტაჟებისთვის გარკვეული დამატებითი ხარჯები იქნება საჭირო.
ღირს თუ არა ჩაშენებული მაცივრის შეძენა?
ღირს შემდეგ შემთხვევებში:
- არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, სრულყოფილ ინტერიერს მიაღწიონ. თუმცა ზოგჯერ ძნელია ისეთი მაცივრის შერჩევა, რომელიც კონკრეტულ დიზაინს იდეალურად მოერგება. ჩაშენებული ტექნიკა ამ პრობლემას მარტივად წყვეტს.
- მზად ხართ შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ მაცივრის განყოფილებების ზომები უფრო მცირე იქნება, ვიდრე სტანდარტული მოდელების შემთხვევაში.
- თავიდანვე გეგმავდით, რომ მაცივარი ზოგადი ფონისგან გამორჩეული არ ყოფილიყო.
არ ღირს, თუ:
- თქვენთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა დამატებითი პარამეტრი, როგორიცაა ელექტრონული კონტროლი, წყლის ჩამოსხმის ფუნქცია და ა. შ. ჩაშენებულ მაცივრებს ასეთი ფუნქციები არ აქვს.
- დიასახლისი დიდ დროს ატარებს სამზარეულოში კერძების მომზადებაში და მათთვის მაცივარში დიდი სივრცე სჭირდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი მაცივრის ტევადობა შეიძლება სტანდარტულ მოდელზე ნაკლები იყოს.
- თქვენთვის ტექნიკის ფუნქციონირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი იერსახე და დიზაინი.
- თქვენთვის მნიშვნელოვანია ფულის დაზოგვა და „უხილავი“ მაცივრისთვის ზედმეტის გადახდა არ გსურთ.
ჩაშენებულ მაცივარს ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ამიტომ, სანამ ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზოთ, რათა გაიგოთ, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი — სამზარეულოს დიზაინი და გარეგნობა თუ ტექნიკის ფუნქციონირება და ტევადობა.
რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”