in

არქიტექტურისა და ლანდშაფტის გაერთიანებით შექმნილი სახლი ოქროყანაში — TIMM Architecture-ის ნამუშევარი

პროექტი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ოქროყანაში მდებარეობს, მისი შიდა ფართობი  450 მ2-ია. სახლის არქიტექტურულ ნაწილზე „TIMM Architecture“-მა, დიზაინზე კი „Design Bureau“-მ იმუშავა. მთავარი დავალება ისეთი საცხოვრებელი სახლის დაპროექტება იყო, რომელსაც ექნებოდა დიდი მისაღები, აუზი და 4 საძინებელი ოთახი. ვინაიდან დამკვეთს „TIMM Architecture“-ის გუნდთან აქამდეც უთანამშრომლია, სურდა, რომ სახლს თანამედროვე და მინიმალისტური არქიტექტურული ობიექტის სახე ჰქონოდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by TIMM Architecture (@timmarchitecture)

„TIMM Architecture“-ის ამოცანა იყო ლანდშაფტთან მაქსიმალური კავშირის მიღწევა ისე, რომ სახლსა და ეზოს შორის ზღვარი წაშლილიყო. შესაბამისად, თავიდანვე ისე განვითარდა პროექტი, რომ  ორი ხე დაირგა — ერთი ინტერიერში, მეორე კი ექსტერიერში და სწორედ მათ გარშემო შემუშავდა სახლის კონცეფცია.

სივრცობრივად ზონირება ჭრილშია გადაწყვეტილი. შემოსასვლელი ზონა ნულ დონეზე მდებარეობს, რომელიც ხის კორპუსის ძირში განლაგდა, კიბით კი ხის გარშემო ვექცევით.

მეორე სართულზე, მეორე ხის ფოთლების სიმაღლეზე, ოთხი საძინებელია განთავსებული. მათგან ორი მთავარი ოთახია საკუთარი სველი წერტილითა და გარდერობით. ხოლო დანარჩენი მცირე საძილე ზონები ერთ აბაზანას ინაწილებს. ამავე სართულზეა მოწყობილი ტერასა, რომელიც ქვედა აუზიან სივრცეს დამოუკიდებლად უკავშირდება.

სახლში ბევრი დეტალია, რომლებიც კონკრეტულად ამ ობიექტისთვის შეიქმნა. მაგალითად, ჯვრის ფორმის რკინის კოლონები, რომლებიც საქართველოში არ მზადდება და უცხოეთიდან საჭიროებდა ჩამოტანას, რაც საგრძნობლად ზრდიდა ფასს. ამიტომ, „TIMM Architecture“-ის გუნდმა კონსტრუქტორებთან და რკინის მწარმოებლებთან ერთად, კოლონის ტიპოლოგია შექმნა, რომელიც 4 კუთხოვანასგან შემდგარ, ინდუსტრიული სტილის ჭანჭიკებით შეკრულ სკულპტურულ და ამავე დროს კონსტრუქციულ ელემენტს წარმოადგენს.

პროექტში ძირითადად ბეტონი და ხე გვხვდება. შენობის ქვედა დონეზე, სადაც მაქსიმალურად მოშლილია გარე სივრცესთან ზღვარი, ბეტონია გამოყენებული. ზედა მოცულობა კი გამოკვეთილი გეომეტრიული ფორმებით ხასიათდება და ერთიანი სახის მისაღწევად ხითაა დაფარული.

განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს დარაბაც, რომელიც პროექტის ავტორების მიხედვით, იდეალური ელემენტია ქართული კლიმატისთვის — შიდა ფანჯრის გაღების მიუხედავად, ის მაცხოვრებლებს მზისგან იცავს და სუფთა ჰაერის ნაკადით ავსებს შიდა სივრცეს.

ინტერიერში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სინათლე, რომელიც სახლის მთავარ ხასიათს განსაზღვრავს. მაგალითად, მისაღები ოთახის ცენტრალურ ნაწილში არსებული ჭერის ფანჯარა სრულად განათებულ სივრცესა და დღის სხვადასხვა პერიოდში აქცენტირებულ განათებულ მონაკვეთებს ქმნის. სახლი ისეა გადაწყვეტილი, რომ სინათლე მოძრაობს და დაცემული შუქი სივრცის განსხვავებულად აღქმის შესაძლებლობას იძლევა.

„TIMM Architecture“-ისთვის მთავარი გამოწვევა ნაგებობის ლანდშაფტთან შერწყმა და პროექტისათვის დამახასიათებელი ელემენტების სწორად შესრულება აღმოჩნდა, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან წარმატებით განხორციელდა. სახლის არქიტექტურა და ინტერიერი სადა, მინიმალისტური, თანამედროვე და დახვეწილია. პროექტის მთავარი ხიბლი კი იმაში მდგომარეობს, რომ მასში ბუნებასთან სიახლოვის განცდა საკმაოდ მძაფრად აღიქმება.

არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია: „TIMM Architecture

პროექტის ავტორები: თამარ ნეფარიძე, ოუენ ელვერდინგი, ნინო ჩხარტიშვილი, გიორგი პატარიძე, ნიკოლოზ ლეკვეიშვილი

ინტერიერის დიზაინი: Design Bureau

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ჭიშკრის ავტომატური გამღები სისტემა — სპეციფიკა და ფასები ქართულ ბაზარზე

თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკის უპირატესობები — 4 მთავარი მიზეზი