2019 წლის 15 აპრილს, საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დამანგრეველი ხანძარი გაჩნდა, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა ქალაქის უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობას და ფრანგული გოტიკური არქიტექტურის სიმბოლოს. ამჟამად ნოტრ-დამში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც, გეგმის მიხედვით, 2024 წელს დასრულდება და დეკემბრის თვეში ტაძარი მნახველთათვის კვლავ გაიხსნება.
რესტავრაციის პროცესში ჩატარდა ინტერიერის გაწმენდა/დასუფთავების სამუშაოები, ხოლო სადურგლო ნაწილს შუა საუკუნეების ხელობის მცოდნე გამოცდილი ხის ხელოსნები უძღვებოდნენ.
ინტერიერის გაწმენდითი ფაზა 2022 წლის მეორე ნახევარში შესრულდა. თავდაპირველად, ლატექსის მასალის გამოყენებით, კედლებს მტვერი და ჭუჭყი მოაცილეს, რამაც კედლები გაანათა/გაასუფთავა. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრისგან დაზიანებული ნაწილების გაწმენდა წარმატებით მოხერხდა, არაერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ მიღებული შედეგი არ შეესაბამება ტაძრის თავდაპირველ მდგომარეობას და 850-წლიანი კათოლიკური ტრადიცია და რელიკვია დამახინჯდა.
2019 წლის დამანგრეველმა ხანძარმა გაანადგურა ნაგებობის ხის სახურავი, რომელსაც „La Forêt“ (ტყე) მოიხსენიებდნენ, მასში დიდი რაოდენობით გამოყენებული ხის მასალის გამო. სწორედ ამ მიზეზით, სპეციალისტების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მისი თავდაპირველი სახით აღდგენა შეუძლებელი იყო. რესტავრაციაში მონაწილეობას იღებდნენ Guédelon-ის (არქეოლოგიური ექსპერიმენტის შედეგად აშენებული ციხესიმაგრე საფრანგეთში, რომელიც მხოლოდ შუა საუკუნეებში არსებული ხელსაწყოების, მეთოდებისა და ადგილობრივად მოპოვებული მასალის გამოყენებით აიგო) ხელოსნები, რომლებიც შუა საუკუნეების ხის დამუშავების ტექნიკის გამოცდილი დურგლები არიან.
ხანძრის შედეგად დაზიანდა ხის კოშკიც, რომელიც ცეცხლის ერთ-ერთი პირველი კერა იყო. რესტავრაციისას განახლდა კოშკის სტრუქტურა, რომელსაც თავდაპირველი სახე შეუნარჩუნდა. კონსტრუქციაში 1400 ფრანგული მუხის ხე გამოიყენეს და პირველადი ვერსიის ავტორის, არქიტექტორ, Viollet-le-Duc-ის ნახატების მიხედვით აღადგინეს, რათა გოტიკური არქიტექტურის ავთენტურობა მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო.
ამჟამად, სარესტავრაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. რეკონსტრუქციის პროცესი, სავარაუდოდ, 2024 წელს დასრულდება და არაერთ მნახველს კვალავ მიეცემა შესაძლებლობა, მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კულტურული და ისტორიული ნაგებობა იხილოს.