in

„Casa Vôlt“ — თავშესაფრად ქცეული სახლი არგენტინაში

Alliance Group
Alliance Group

პროექტი „Casa Vôlt“, რომელიც 230 მ2 ფართობის მქონე სახლია, არგენტინაში მდებარეობს. კონცეფციის მიზანია ხაზი გაუსვას ირგვლივ არსებულ უნიკალურ ლანდშაფტს და ნაგებობას ბუნებასთან სიახლოვე შეუნარჩუნოს, რაც მასიური ფანჯრების გამოყენებით მიიღწევა. სწორედ ფანჯრები წარმოადგენს ინტერიერისა და ექსტერიერის ერთგვარ, გამაერთიანებელ ელემენტს.

ობიექტი, რომელიც ლათინურ ასო „L“-ს მოგვაგონებს საჯარო და პრივატულ სივრცეებად იყოფა. სახლის ამგვარი დაყოფა ზამთარსა და ზაფხულში ენერგიის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ამავდროულად, არსებულ ფართობს უფრო მოცულობითსა და საინტერესოს ხდის.

აგურის კონსტრუქციის წყალობით, გარე ქუჩებისგან დაცული, მშვიდი და მყუდრო საცხოვრებელი მიიღება, რომელიც ექსტერიერსა და ინტერიერს ჰარმონიულად ესადაგება, გარდა ამისა, ორგანულად ერწყმის შიდა და გარე სივრცეში არსებულ მცენარეებს.

მისაღები ოთახის მყუდროებას ბეტონის თაღოვანი ჭერი განსაზღვრავს, რომელსაც განათება უფრო მიმზიდველს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ განათება  ინტერიერში ცენტრალურ როლს ასრულებს და გარკვეულ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. ბეტონის კონსტრუქცია სახლის გარე ნაწილშიც ჰორიზონტალურად გრძელდება და უწყვეტ ერთიანობას ქმნის, რომელსაც მთლიან კედელზე ჭერამდე განთავსებული ფანჯრები უფრო აძლიერებს.

სახლის წინ, შესასვლელთან, პანდუსის დასაწყისი გვხვდება, რომელიც ტერასას უკავშირდება. ტერასა იდეალური ადგილია ღამე ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად ან დღის განმავლობაში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

პროექტის განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ მასში ბუნებრივი მასალებია გამოყენებული: აგური, ბეტონი, ხის ავეჯი.

„Casa Vôlt“-ის მთავარი მიზანი ერთგვარი თავშესაფრის შექმნაა, სადაც მაცხოვრებლები უქმე დღეებს სასიამოვნოდ გაატარებენ და მშვიდი, თბილი ატმოსფეროთი დატკბებიან, რომელიც გარე სამყაროს ბუნებრივად უკავშირდება.

არქიტექტურული ფირმა: Estudio PK 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ავტორი: მეკო მეტრეველი

სიმწვანეში ჩაფლული სახლი კიკეთში — ანანო ქორქიასა და ნიკოლას მასუტის ინტერიერი

6 ხერხი ინტერიერის საათზე ნაკლებ დროში გასაახლებლად