in

ბინა კლასიკური დიზაინით შატბერაშვილის ქუჩაზე — თამარა წითლიძის ნამუშევარი

დიზაინერ თამარა წითლიძის ახალი პროექტი თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 64 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა დამკვეთის სურვილების სრულად დაკმაყოფილებას და საცხოვრებელი სივრცის მეპატრონის მოთხოვნილებებზე მორგებას.

იმის გამო, რომ ბინის მფლობელი ახალგაზრდა გოგოა, რომელსაც დიდი გარდერობი სურდა, საჭირო გახდა ორი საგარდერობე ზონის მოწყობა, სამრეცხაოსა და სველი წერტილის ერთმანეთისგან გამიჯვნა და სააბაზანოში საშხაპისა და აბაზანის დაპროექტება, რათა მაცხოვრებელს კომფორტულად და სასიამოვნოდ ეგრძნო თავი.

დიზაინერის მთავარი ამოცანა იყო თანამედროვე კლასიკური დიზაინის შექმნა, სადაც ბროლის ჭაღი, მოლდინგები და კლასიკური სტილის ელემენტები ჰარმონიულად მიესადაგებოდა თანამედროვე ნახატებს, ავეჯსა და KAWS-ის ფიგურებს.

პატარა ფართის მიუხედავად, გეგმარების შედეგად, სივრცეში ორი საგარდერობო ოთახი, დიდი აბაზანა, კომფორტული საძინებელი, მისაღები და საკმაოდ კომპაქტური სამზარეულო განთავსდა. ინტერიერში ყურადღება  ტილოს ფაქტურებზე, მარმარილოს მასალაზე, მოლდინგებსა და პლინტუსებზე გამახვილდა.

მისაღებ ოთახში თეთრი ფერი დომინირებს, რომელსაც ორგანულად ერწყმის რძისფერი და კრემისფერი. შედარებით მუქი იატაკი ინტერიერს აბალანსებს და კონტრასტულ აქცენტებს ქმნის. დიდი, კომფორტული თეთრი ტახტი და ელეგანტური დიზაინის მოცულობითი სარკე ოთახს მიმზიდველობას ანიჭებს. მნიშვნელოვანი ელემენტია ბროლის ჭაღიც, წითელი ქსოვილის დეტალით, რომელიც ბინას მდიდრულ იერს სძენს.

სამზარეულოში მუქი და ღია ფერები  სასიამოვნო კონტრასტს ქმნის, რასაც ხელოვნური განათება კიდევ უფრო ალამაზებს.

საძინებელი მუქი ყავისფერი ტონით ხასიათდება. ოქროსფერ შტრიხებსა და კრემისფერ, სადა დიზაინის საწოლს  მრავალფეროვნება შეაქვს სივრცეში. თითოეული დეტალი გემოვნებითაა შერჩეული და საძინებელში სახასიათო ატმოსფეროს ქმნის. თბილი ფერებია გამოყენებული საგარდერობო ზონაშიც, რომელიც კომპაქტურადაა დაგეგმარებული.

სააბაზანო დახვეწილი და ელეგანტურია. ღია ცისფერი ავეჯი კლასიკურ და მდიდრულ შტრიხებს მატებს ოთახს, რომელშიც მშვიდი და ინტიმური ატმოსფერო იგრძნობა.

თამარა წითლიძე მიიჩნევს, რომ ეს ნამუშევარი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია მის შემოქმედებაში. მას განსაკუთრებით ხიბლავს ­­კლასიკური კარები, ნაზი ფერები, მოლდინგები, კლასიკური ჭაღი, როზეტები და დახვეწილი ავეჯი, რომელიც დიზაინერის გემოვნებით დამზადდა. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამზარეულოს მიმზიდველი ფერითა და ჭერამდე კარადებით. პროექტის ავტორის აზრით, ყველა ეს დეტალი განსაკუთრებულ და ავთენტურ იერსახეს სძენს სივრცეს.

ობიექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა თავდაპირველი ჩანაფიქრის ზედმიწევნით შესრულება იყო. ამ პროცესს დამკვეთი ონლაინ აკვირდებოდა, ამიტომ, დიზაინერი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდა. პროექტის ავტორის აზრით, ინტერიერი ე.წ. „old money“-ის სტილშია შესრულებული, რომელიც დახვეწილობითა და სისადავით გამოირჩევა და ნაზი, მსუბუქი, ელეგანტური დიზაინით ხასიათდება.

პროექტის ავტორი: თამარა წითლიძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Design Studio Khazi By Tamara Tsitlidze

გამოყენებული მასალები:

იატაკის საფარი: „Kahrs“ — სამშრიანი დაფა

აბაზანის ფილები: „იდეალი“

შემრევები: „VitrA Georgia“

კედლის მოპირკეთება: „Studio Casa“ ­– მოლდინგები, საღებავი, პლინტუსები

განათება: „Art light“

რბილი ავეჯი: „Moderno“

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

სარკეების განლაგება ფენ-შუის წესების მიხედვით: 7 საინტერესო რჩევა

5 ყვავილი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ