in

როგორ მოვაწყოთ მყუდრო საძინებელი ოთახი — სტუდია Due-ს რჩევები

საძინებელ სივრცეს მაცხოვრებლები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, რადგან სწორედ აქ სურთ თავი ყველაზე მშვიდად და კომფორტულად იგრძნონ. ამისათვის აუცილებელია, თითოეულ დეტალს სიფრთხილითა და ყურადღებით მოვეკიდოთ — ავეჯი ფუნქციური და ესთეტიკური უნდა იყოს, ფერთა გამა ჩვენს ხასიათსა და განწყობას ერგებოდეს. ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორად დაგეგმარებული განათება და დეკორი. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას საძინებელ ოთახზე გავამახვილებთ და ინტერიერის დიზაინის სტუდია „Due“-ს საინტერესო და პრაქტიკულ რჩევებს გაგიზიარებთ.

თბილი ტონები

ჩვენი რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ სიმყუდროვის შესაქმნელად თბილი ფერების ე.წ „Earthy tones“ (დედამიწის ტონების) გამოყენება იდეალური იქნება. როგორიცაა პასტელური კაკაოსფერი, მწვანე, თბილი თეთრი, თბილი ნაცრისფერი — ეს ტონები მშვიდ ატმოსფეროს შექმნის ოთახში და მიმზიდველობას შესძენს სივრცეს.

ტექსტილი

„პასტელურ, მონოქრომულ ტონებთან ერთად, ინტერიერში დახვეწილობა შემოაქვს სწორად შერჩეულ ტექსტილსაც. საწოლის გადასაფარებლებისთვის შეიძლება შეირჩეს სხვადასხვა ტიპის ქსოვილი. მაგალითად, ტილოს  სადა გადასაფარებელი, ფუმფულა რბილი პლედი და რამდენიმე ტონით განსხვავებული ბალიშების სინთეზი კომფორტისა და სიმყუდროვის მეტ შეგრძნებას მოგვცემს, რაც საძინებლის გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, — აღნიშნავს „Due“-ს გუნდი.

განათება

დიზაინერების აზრით, ნებისმიერი ინტერიერის მთავარი ხიბლი განათებაა, რომელიც გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, დეკორატიული მნიშვნელობითაც გამოიყენება და ოთახს მრავალფეროვან, მომხიბვლელ იერს სძენს — „თბილი და რბილი განათება გადამწყვეტ როლს თამაშობს ინტერიერში სიმშვიდისა და სიმყუდროვის შესაქმნელად. არ უნდა დაგვავიწყდეს ფუნქციური განათებაც, როგორიცაა საკითხავი ბრები ან მაგიდის სანათები, რაც დეკორატიული ელემენტიც არის. საძინებლის გარდერობში საკმაოდ პრაქტიკულია თაროებში დამალული „LED“ განათება, რომელიც არაა მკვეთი, თვალს არ ღლის და ტანსაცმლის თუ აქსესუარების კარგად დანახვის საშუალებას იძლევა. ასევე, ზოგიერთ „LED“ განათებას აქვს ფერის, ტემპერატურის ან ნათების სიმძლავრის შეცვლის ფუნქცია, რომელიც შეგიძლიათ  განწყობის შესაბამისად დაარეგულიროთ“.

მინიმალისტური დეკორი

„Due“-ს გუნდი გვირჩევს, დეკორის შერჩევისას ბალანსი დავიცვათ და არ გადავტვირთოთ ინტერიერი შეუსაბამო ნივთებით:

„ჩვენი აზრით, დეკორი ინტერიერის ისეთი შტრიხია, რომელიც დიზაინს დასრულებულ სახეს აძლევს. მინიმალისტურად განაწილებული დეკორი  სიმყუდროვის საიდუმლოა. თუმცა ბევრს პირიქით ჰგონია, ცდილობენ ბევრი განსხვავებული ნივთი მოათავსონ ოთახში, რაც გადატვირთულობის და არეულობის შეგრძნებას იწვევს. არასწორად დალაგებულმა დეკორმა შეიძლება კარგი დიზაინი გააფუჭოს კიდეც, ამიტომ ჩვენი რჩევაა, ამ დეტალს დიდი ყურადღება მიაქციოთ და შეეცადოთ, თქვენთვის სასურველი ბალანსი იპოვოთ“.

მკვეთრი ფერის აქცენტები

იმ შემთხვევაშიც კი თუ მკვეთრი ფერები გიყვართ, დიზაინერები მიიჩნევენ, რომ ძირითად ფერად, უმჯობესია, მაინც პასტელური/მონოქრომული ტონი შეარჩიოთ, რომელიც ერთ ან ორ კონტრასტულ ფერთან და სხვადასხვა ტექსტილთან ერთად დახვეწილ და საინტერესო გარემოს შექმნის. თუმცა აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო. სხვადასხვა ფერები ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ესადაგებოდეს და ინტერიერს დამღლელსა და მოსაბეზრებელს არ ხდიდეს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ძველი შვედური სახლი თანამედროვე ელემენტებით

როგორ შევარჩიოთ ავეჯისათვის საკარკასე მასალა?