კედლის პანელები შედარებით ახალი, თუმცა საკმაოდ პოპულარული პროდუქტია. ის არაერთი უპირატესობით ხასიათდება და მიმზიდველ, მრავალფეროვან, ელეგანტურ ინტერიერს ქმნის, რის გამოც დიზაინერები მას ხშირად იყენებენ.
თანამედროვე ბაზარზე კედლის პანელების ფართო არჩევანი გვხვდება. თითოეული მოდელის თვისებები და ექსპლუატაციის შესაძლებლობები დამოკიდებულია მასალაზე, ფილის სისქეზე, მისი წარმოების ტექნოლოგიასა და მწარმოებელ კომპანიაზე. პანელებს, შიდა კედლის მოპირკეთების სხვა ვარიანტებთან შედარებით, რამდენიმე ფაქტორი გამოარჩევს:
მონტაჟის სიმარტივე — შპალერისა და კერამიკული ფილებისგან განსხვავებით, პანელების გასაკრავად საჭირო არ არის კედლის გასწორება და ზედაპირის გასუფთავება. ინსტალაციისთვის მთავარია მხოლოდ მათი დამაგრება კონსტრუქციული შესაკრავებითა და სპეციალური წებოთი.
ხმისა და სითბოს იზოლაცია — პანელები ერთგვარ შრეს ქმნის კედლისა და მასალის უკანა ზედაპირს შორის, რაც ოთახში ხმისა და სითბოს იზოლაციას უზრუნველყოფს.
კომუნიკაციების დაფარვა — კედელსა და პანელს შორის არსებულ ნაწილში თავისუფლად თავსდება სადენები, საკომუნიკაციო სისტემები, რაც ოთახს უფრო კომფორტულსა და ესთეტიკურად მიმზიდველს ხდის.
მრავალფეროვანი არჩევანი — ბაზარზე კედლის პანელების მასალისა და დიზაინის ფართო არჩევანია, ამიტომ ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელი მისთვის სასურველ მოდელს მარტივად შეარჩევს.
ფასის ხელმისაწვდომობა — კედლის პანელებს განსხვავებული საფასო ღირებულება აქვს. მათი უმეტესობა საკმაოდ იაფია, რაც პროდუქციის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს. თუმცა მაღალ თანხებთანაა დაკავშირებული ძვირფასი ხის, ნაწრთობი მინისა და საავტორო დიზაინის 3D მოცულობის პანელები. ამგვარად, მომხმარებელს შესაბამისი ბიუჯეტის მიხედვით, შესაფერისი პროდუქტის შეძენა შეუძლია.
კედლის პანელების სახეობებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, კომპანია „Mardom Decor Georgia“-ს მივმართეთ.
კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თანამედროვე ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად მასალად — ხის, MDF-ის, პოლიმერის (დუროპოლიმერი) და პოლიურეთანის პანელები ითვლება, მათი მრავალფეროვნება კი ფასების ფართო სპექტრს განაპირობებს.
ხის და MDF-ის პანელები — გვხვდება როგორც მზა, ასევე ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული. მზა პანელები ადვილად დასამონტაჟებელია, შესაძლებელია მათი შეღებვა, ვინირირება და ლამინირება. არსებობს მყარი და თექის ნაჭერზე დამაგრებული MDF პანელები, რომლებიც მარტივად ერგება მომრგვალებულ ზედაპირს. ხისა და MDF პანელები ძალიან მგრძნობიარეა ტენიანობისა და ტემპერატურის მიმართ, რის გამოც, დროთა განმავლობაში, პირველად სახეს კარგავს და ფორმას იცვლის. ხის მასალა შედარებით ძვირია, მისი ღირებულება, საშუალოდ, 1 მ2-ზე 250 — 500 ლარს შეადგენს, MDF-ის ფასი კი 1მ2-ზე 100 — 300 ლარია.
პოლიმერის (დუროპოლიმერი) პანელები — ბაზარზე გვხვდება, როგორც ლამინირებული, შეღებილი, ისე შესაღები ვარიანტები, რომლებიც მონტაჟისას შეღებვას საჭიროებს. პოლიმერული პანელები ერთმანეთისგან ლამინირების ხარისხით განსხვავდება (ტექსტურა, ფაქტურის განმეორებადობა). მასალის შერჩევისას გასათვალისწინებელია პოლიმერის შემადგენლობა და წარმოების ტექნოლოგია. ასეთი პანელები ტენიანობის მიმართ მდგრადია და დროთა განმავლობაში არ დეფორმირდება, მათი დამონტაჟება სველ წერტილებშიც შეიძლება, ამიტომ ისინი ხშირად გამოიყენება კერამიკული ფილების ნაცვლად. პოლიმერული პანელების ღირებულება 1 მ2-ზე, საშუალოდ, 120 — 250 ლარია.
პოლიურეთანის პანელები — პოლიმერული მოდელისგან განსხვავებით, პოლიურეთანის პანელი რელიეფისა და ორნამენტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოდელები ბაზარზე მხოლოდ შესაღები სახით გვხვდება, დამატებითი ლამინირების გარეშეა და გრუნტითაა დამუშავებული. ამ მასალის მთავარი უპირატესობა ტენიანობის მიმართ სიმტკიცეა. მისი ფასი პოლიმერულ და MDF პანელებს აღემატება და 1 მ2-ზე 250 — 400 ლარს შეადგენს.
„Mardom Decor Georgia“-ში აცხადებენ, რომ არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომელთაც პანელები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის უპირველესია ეკოლოგიური სისუფთავე: „ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და უსაფრთხო, ცხადია, ბუნებრივი ხისგან დამზადებული პანელებია. თუმცა აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სინთეტიკური და ნახევრად სინთეზური მასალები, ჯანმრთელობისთვის საშიში ტოქსიკური კომპონენტების გარეშე მზადდება. ეს საშუალებას გაძლევთ, ისინი ცვალებადი ტემპერატურის მქონე ოთახებშიც დაამონტაჟოთ, რადგან ადამიანისთვის საშიში ნივთიერებების აორთქლების რისკი არ არსებობს“.
დარგის ექსპერტი გვირჩევს, რომ ყურადღება კედლის პანელების მარკირებასაც მივაქციოთ. შესაძლოა, მწარმოებლებს ხანძრის საშიშროების და ტოქსიკურობის სხვადასხვა ინდიკატორი ჰქონდეთ, რაც პროდუქტის შესაბამის სერტიფიკატებშია მითითებული.
ასევე, პანელის შერჩევამდე გასათვალისწინებელია სამონტაჟო ადგილიც, რადგან მაღალი ტენიანობის ოთახებში შესაბამისი მოდელი შეარჩიოთ, რომელიც ტენიანობის მიმართ მდგრადია.
სპეციალისტის აზრით, აუცილებელია პროდუქტის სიმტკიცისა და თერმული სტაბილურობის დადგენაც: „მასალის გამძლეობას განაპირობებს მისი წინააღმდეგობა წონის, მექანიკური და დარტყმითი დატვირთვების მიმართ. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პანელების შერჩევისას, რომლებიც ბავშვთა და მაღალი დატვირთვის მქონე ოთახებში მონტაჟდება. ასევე საგულისხმოა თერმული სტაბილურობაც. ტემპერატურის ცვლილების გამო კედლის ფილის ფორმისა და გეომეტრიის შეცვლა სერიოზულ პრობლემებს იწვევს და ოთახის ესთეტიკას აზიანებს, შესაბამისად, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მასალის თბომედეგობას“.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰიგიენაც. დეკორატიული კედელი ადვილად უნდა ირეცხებოდეს, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული დასუფთავების სირთულე და მიმზიდველი იერსახის ხანგრძლივობაც.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პანელების უმეტესობა, გარდა შეკვეთთ დამზადებული მოდელებისა, საკმაოდ მარტივი დასამონტაჟებელია. ინსტალაციის დაწყებამდე საჭიროა ზომების აღება, მტვრისგან ზედაპირის გაწმენდა და წებოს საშუალებით მასალის დამაგრება. არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ დაგრუნტული მოდელები შეღებვას მოითხოვს. სერიული წარმოების პანელების მონტაჟი მომხმარებელს თავადაც შეუძლია, კვალიფიციურ ხელოსანთან კი ეს მომსახურება 1მ2-ის გათვალისწინებით 50 ლარიდან იწყება. იმ შემთხვევაში თუ პანელი შესაღებია, ღირებულებას ღებვის სამუშაოს ფასი, 20-30 ლარი, ემატება.