დეკორატიულ ლესვას ექსტერიერსა თუ ინტერიერში ხშირად მიმართავენ, რადგან მისი მეშვეობით კედლებს ესთეტიკური მრავალფეროვნება და მიმზიდველობა ენიჭება. ის დიზაინში გამორჩეულ, სახასიათო სტილს ქმნის და სივრცეს ამდიდრებს. დეკორატიული ლესვა იდეალური გზაა ზედაპირის ნაკლოვანებების დასაფარად და ეფექტური იერსახის მისაღებად. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ, საინტერესო ინფორმაციას კი დარგის ექსპერტები — დეკორატორი თაკო კამკამიძე და ტექნოლოგი და დეკორატორი ზეზვა ზავარდაშვილი გაგვიზიარებენ.
„დეკორატიული ლესვა კედელზე ფუნქციონალური და ორნამენტული შემოქმედებითი ნამუშევარია, რომელიც განსხვავებულ მხატვრულ სახესა და სტილს სძენს ინტერიერსა თუ ექსტერიერს. მის შესასრულებლად კი სპეციალური დეკორატიული ფითხები და საღებავები გამოიყენება“, — აღნიშნავენ ჩვენი რესპონდენტები.
დეკორატიული ლესვის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი შესრულება სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე შეიძლება. თუმცა ამისათვის აუცილებელია მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს ისეთ ეტაპებს, როგორიცაა ზედაპირის მდგრადობისა და მანამდე შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება, გარემოს ტემპერატურის შემოწმება (სამუშაოებისთვის რეკომენდებული ტემპერატურა +5°с დან + 25°с-ია, მაქსიმალური ზღვარი კი 30 — 35°с-ია), ზედაპირის მტვრისგან გაწმენდა და გრუნტით დამუშავება, ბოლოს კი დეკორატიული ლესვისთვის საჭირო შრეების მოწყობა.
თაკო და ზეზვა გვიხსნიან, რომ დეკორატიული ლესვა, ხშირ შემთხვევაში, გარდა მისი გარეგნული უპირატესობისა, გარკვეული დეფექტებისა და დაზიანებების დასაფარად გამოიყენება. ამავდროულად, მასალა სიმყარითაც გამოირჩევა და ხანგრძლივად ინარჩუნებს პირველად სახეს.
„დეკორატიული ლესვა ჩვეულებრივი სამღებრო სამუშაოებისგან განსხვავებით, მხატვრულ ხედვასაც მოითხოვს. შემსრულებელმა სამუშაო პროცესში უნდა შეძლოს ინდივიდუალურად შექმნას ან შეცვალოს ორნამენტი თუ შესრულების ტექნიკა. ამიტომ ეს სამუშაო, რომელიც შემოქმედებითი საქმიანობაცაა, დიდ ძალისხმევასა და დატვირთვას საჭიროებს“, — გვიხსნიან სპეციალისტები.
დეკორატიული ლესვა სხვადასხვა ტიპისაა, შესაბამისად, მასალებიც ორ ჯგუფად იყოფა – მინერალურ და არა მინერალურ პროდუქტებად. გაჯის იმიტაციის მქონე დეკორატიული ლესვა, ე.წ „ტოსკანას“ ეფექტი, რომელზეც ჩვენი რესპონდენტები გვესაუბრებიან, მინერალური შემადგენლობისაა. ის სამუშაოების დაწყებამდე შესაბამისი საფუძვლის მომზადებას საჭიროებს, რათა დროთა განმავლობაში ნალესი არ დაიბზაროს ან ჩამოიშალოს. ზედაპირი აუცილებლად მშრალი უნდა იყოს, მტვრისგან გაწმენდილი ფუყე, შლად და ცარცვადი ფენისგან გათავისუფლებული. კედლის მდგომარეობის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა დაგრუნტვაც. აღსანიშნავია, რომ „ტოსკანას“ ეფექტი ვერ შესრულდება იატაკზე, მეტალის ზედაპირებზე, პლასტმასაზე, მეტალო-პლასტმასასა და მარტივად დეფორმირებად ადგილას, მაგალითად, ხეზე.
ჩვენი რესპონდენტები გვიხსნიან, რომ გალესვის შემდეგ მასალის სრულად გასაშრობად საჭიროა 7 დღე. მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდგომ ხდება დამცავი სილიკატური ლაზურის დატანა, რათა ლესვის მჟავა-ტუტოვანმა პროცესმა ლაზურის შრე არ დააზიანოს. ლაზურის ფერთა პალიტრა საკმაოდ მდიდარია, რაც მრავალფეროვანი და მიმზიდველი დიზაინის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა.
რაც შეეხება ღირებულებას, ფასი საკმაოდ ცვალებადია, რადგან ის დამოკიდებულია ზედაპირის ტიპსა და ლესვის ტექნიკაზე, თუმცა, საშუალოდ, 1 მ2-ის გათვალისწინებით, მასალის ღირებულება 20-დან — 200 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხელობის ფასი კი 12-ზე 50 ლარიდან იწყება.