in

რა შედის ლანდშაფტის დიზაინერის საქმიანობაში და რა ჯდება ეს მომსახურება საქართველოში?

ლანდშაფტის დიზაინი და გარე სივრცის დაგეგმვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერის მოწყობა, შესაბამისად, ბაღის კეთილმოწყობისას აუცილებელია პროფესიონალი ლანდშაფტის დიზაინერის ჩართულობა, რომელიც სწორად გადაანაწილებს შესაბამის ზონებს და სასურველ ხე-მცენარეებს შეარჩევს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ და განვიხილავთ ლანდშაფტის დიზაინერის საქმიანობის დეტალებს.

ამ სფეროში მოღვაწე კომპანია „Green Art Georgia“-ს წარმომადგენელი გვიხსნის, რომ ლანდშაფტის დიზაინი ექსტერიერის სივრცობრივ გადანაწილებას გულისხმობს. უპირველესად, ტერიტორიის ანალიზი, მისი სრულყოფილი კვლევა ხდება, რათა სწორად შეფასდეს სივრცე და შესაბამისად დაგეგმარდეს. ამ პროცესში აუცილებელია დამკვეთის სურვილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებაც, ბიუჯეტის განსაზღვრა, ბაღის სტილისტიკის დადგენა და ზონირების მოწყობა.

„ლანდშაფტის დიზაინერმა სწორად უნდა გადაანაწილოს სივრცეები, აღიქვას ტერიტორიის მასშტაბურობა და შესაბამისად დააპროექტოს ის. აუცილებელია ოჯახში ბავშვების, მოხუცების ან სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთა გათვალისწინება, რადგან ბაღიც მათი საჭიროებების მიხედვით დაიგეგმოს. ასევე, ტერიტორიის ანალიზისას დგინდება ადგილის ეკოლოგიური მდგომარეობა, ნიადაგის ხარისხი, კლიმატი, რათა საპროექტო ობიექტზე ამ საკითხების მიხედვით შეირჩეს ხე-მცენარეები“, — აღნიშნავს დარგის ექსპერტი.

ტერიტორიის ანალიზის შემდეგ, ინფრასტრუქტურის  შერჩევა და გადანაწილება ხდება. რა დროსაც გეგმარდება ბილიკები, რადგან სწორედ ბილიკები ქმნის მთავარ ჩონჩხს და ლანდშაფტის სტილისტიკას განსაზღვრავს — სწორხაზოვანი, მომრგვალებული, სტატიკური, დინამიკური, ინგლისური თუ კლასიკური ფრანგული სტილის. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ბილიკებისთვის მასალის შერჩევა ასევე დიზაინერის მოვალეობაა.

ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია წყლის სისტემების მოწესრიგებაც. ლანდშაფტის დიზაინერის გეგმარების მიხედვით უნდა მოხდეს წყლის გაყვანილობაც, რადგან ხე-მცენარეები და გაზონი ინტენსიურად მოირწყეს და არცერთი ზონა არ დარჩეს წყლის გარეშე. დიზაინერი ადგენს დამხარე შენობა-ნაგებობებისა თუ აუზის კეთილმოწყობასაც, რომლებიც ბაღში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ინფრასტრუქტურის შემდგომი საფეხური დეკორატიული ნაწილისა და ხე-მცენარეების შერჩევაა.

„დეკორაციაში დიდ როლს თამაშობს განათების სწორად დაგეგმარება, რომელიც საღამო პერიოდში ბაღის განათებას უზრუნველყოფს, ამავდროულად კი კონკრეტულ ზონებსა და კომპოზიციებს გამოკვეთს და უფრო მიმზიდველს ხდის ექსტერიერს. დეკორატიულ ნაწილში შედის ე.წ „წყლის სარკეების“ დაგეგმარებაც, პატარა შადრევნებისა და წყაროების მოწყობა, რომელიც ბაღში განსაკუთრებულ აქცენტებს ქმნის“, — აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

დიზაინერის მოვალეობაა ღობის მოპირკეთება და ვერტიკალური გამწვანების პროექტირებაც, რომელშიც ხვიარა მცენარეებით მოწყობილი ადგილები და კედელის გამწვანება იგულისხმება.

ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ მცენარეებისა და ხეების შერჩევისას მნიშვნელოვანია ნიადაგის  გათვალისწინება და სახეობების მიხედვით დაჯგუფება — „ხე-მცენარეების შერჩევა შესაბამის ცოდნას მოითხოვს. თუ დამკვეთს ხეხილი სურს, ის აუცილებლად ცალკე უნდა გამოიყოს, სასურველი არაა სხვადასხვა ტიპის მცენარის შერევა, რადგან ამ ტიპის ხეები დაავადების მატარებელია, რომელიც შემოდგომა-ზამთარში, ფოთოლცვენის დროს დეკორატიულ მარად-მწვანე მცენარეებზე გადადის და იქ იბუდებს, შესაბამისად, ამგვარ საკითხებს ყურადღება უნდა მიექცეს“.

დარგის სპეციალისტი სტილისტიკაზეც გვესაუბრება და ამბობს, რომ ყველაზე მოთხოვნად სტილად — იტალიური, ფრანგული, იაპონური, ჩინური, ინგლისური და ქანთრი ანუ ამერიკული სტილი სახელდება. „საქართველოში მთაგორიანობისა და ეკოლოგიური პირობების გამო, უმეტესად, შერეული სტილები გვხვდება. დიზაინერები ცდილობენ, დამკვეთისათვის სასურველი სტილის ნიშან-თვისებები თუ მახასიათებლები ქართულ რეალობას და ადგილობრივ ლანდშაფტს მოარგონ. ამ დროს საყურადღებოა თავად სახლის დიზაინიც. საცხოვრებელი და ბაღი ერთი მთლიანობა უნდა იყოს, ამიტომ, სტილისტიკის შერჩევისას ყოველთვის ნაგებობის დიზაინსაც ვითვალისწინებთ “.   

ჩვენი რესპონდენტის თქმით,  ლანდშაფტის დიზაინერის მომსახურება ორ ნაწილად იყოფა: დაგეგმარება/პროექტირება და მონიტორინგი, რომელიც  მცენარეების შესყიდვას და პროექტის მეთვალყურეობას გულისხმობს. რაც შეეხება მომსახურების ფასს, ის დამოკიდებულია პროფესიონალიზმის სტატუსსა და კვალიფიკაციაზე. თუ დამწყებია დიზაინერი, მისი მომსახურებაც შედარებით იაფი ჯდება. საშუალოდ, პროექტის გეგმარება, 1 მ2-ის გათვალისწინებით, 2-დან — 8 ლარამდე მერყეობს. მონიტორინგის ღირებულება კი ობიექტის სირთულითა და მცენარეების რაოდენობით ითვლება და უმეტეს შემთხვევაში, მცენარეთა ღირებულების 10%-ს შეადგენს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რემონტის შეცდომები — თათია ქარჩხაძის გამოცდილება

კერამიკის ნივთების მოვლა და შენახვის წესი