ლოს-ანჯელესში მდებარე ეს სახლი უზარმაზარი ფართობითა და დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა. სახლი ამერიკელ წყვილს ეკუთვნის, რომლებმაც მშობლებისგან წამოსვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს. სახლის დიზაინერი გვიყვება, რომ წყვილს მყუდრო და მშვიდი საცხოვრებელი უნდოდა, რომელიც თავიანთი გემოვნების მიხედვით მოაწყვეს.
სახლის შესასვლელში მაგიდას და განსხვავებული დიზაინის სკამს ვხვდებით, მაგიდაზე ქვის დეკორაციული ნივთები და ყვავილებია განლაგებული. სახლის ინტერიერი მოყავისფრო და ღია ფერებშია გადაწყვეტილი, აქცენტი კი სადა და დახვეწილ ფერებზეა გაკეთებული.
მისაღებში ვხვდებით ხის მასალით შექმნილ მაგიდას და მასთან შეხამებულ სკამებს. სახლის მფლობელებმა ოთახის ამ ნაწილში ზეთისხილის ხეების განთავსებაც გადაწყვიტეს.
სახლის დიზაინი 1930-იანი წლებს მოგაგონებთ, ოთახის ერთ კედელს მინა ამშვენებს, რომელიც სახლიდან ბუნების ხედით ტკბობის შესაძლებლობას იძლევა.
მისაღები ოთახის მეორე ნაწილში თეთრი ფერის ავეჯია განთავსებული, რომელსაც ყავისფერი მაგიდა, ქოთნები და მუქი ფერის სანათები ეხამება.
რაც შეეხება სამზარეულოს, აქაურობას მუქ ფერებში შეხამებული მაგიდა, სკამები, განსხვავებული დიზაინის მქონე ჭაღი და სხვადასხვა კერამიკული ნივთები ამშვენებს. სახლის ეს ნაწილი განსაკუთრებული დახვეწილობითა და სილამაზით გამოირჩევა და მისი მფლობელები აღნიშნავენ, რომ დროის უდიდეს ნაწილს სწორედ სამზარეულოში ატარებენ.
საძინებელში ძვირადღირებული ხის მასალაა გამოყენებული. სხვა ოთახების მსგავსად, მცენარეებსა და მუქი ფერის ქოთნებს აქაც ვხვდებით. რაც შეეხება ფერებს, ოთახი მონაცრისფრო ფერებშია გადაწყვეტილი და როგორც თეთრი, ასევე კრემისფერი დეტალები ეხამება.
სახლში შეხვდებით მდიდრულ ბუხარსაც, რომელიც მას სიძველისა და სიმდიდრის ეფექტს სძენს.
აბაზანაში სხვადასხვა ფერის სარკეებს, თეთრ ქოთნებსა და ყავისფერ ნივთებს შეხვდებით, რომლებიც ასევე 1930-იანების სტილის მიხედვითაა შერჩეული. აქვეა ხის რამდენიმე კარადაც და მიუხედავად იმისა, რომ სახლი თანამედროვე დიზაინითაა შექმნილი, თავად მეპატრონეები აღნიშნავენ, რომ აბაზანაში უფრო მეტად ძველებური სახლების განწყობის შექმნა სურდათ.
საბოლოო ჯამში, შენობა მშვიდ და საინტერესო განწყობას ატარებს, რასაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს მის გარშემო არსებული სიმწვანე და ხეების მრავალფეროვნება.