in

არქაული ელემენტებით შექმნილი განსხვავებული დიზაინი პლეხანოვზე — პიტო სეთურის ინტერიერი

დღევანდელ სტატიაში პიტო სეთურის სახლს გაგაცნობთ, რომელიც ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 60 მ2-ია. პიტო სხვადასხვა სფეროში საქმიანობს, თუმცა ყველა მათგანს დიზაინი და ახალი საგნის შექმნის იდეა აერთიანებს. ამ ეტაპზე ის, ძირითადად, პროდუქტის დიზაინითაა დაკავებული და ხისგან, რკინისგან, კერამიკისგან, ბეტონისგან თუ მინისგან საინტერესო კოლექციებს ქმნის. ასევე აქვს საკუთარი ვერცხლის სამკაულების ხაზიც. პიტო უკვე რვა წელია ტატუ არტისტიცაა და საკუთარი თავის გამოხატვას სხეულის დიზაინის მეშვეობითაც ცდილობს. საინტერესოა ისიც, რომ პიტო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა, ამიტომ ახლო შეხება აქვს ფორმასთან, კონსტრუქციასთან და ფერთან. შესაბამისად, ბინის ინტერიერზეც თავად იმუშავა და ის საკუთარი გემოვნებით მოაწყო.

ჩვენმა რესპონდენტმა საცხოვრებელი 2022 წელს შეიძინა. როგორც თავად ამბობს, ეძებდა ძველ შენობას სქელი კედლებით, მაღალი ჭერითა და ესთეტიკურად მიმზიდველი არქიტექტურით.

„ჩემთვის გარდა შიდა სივრცისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, შენობის ესთეტიკა, უბნის ხასიათი და ის სული, რაც გარშემოა. ბინა ქალაქის ერთ-ერთ ძველ ნაწილში, პლეხანოვზე მდებარეობს. თავად კორპუსი კი საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა“, — აღნიშნავს პიტო სეთური.

იმის გამო, რომ ახლად შეძენილ ბინაში რემონტი ძველი გაკეთებული იყო, საჭირო გახდა კომუნიკაციების, ცენტრალური გათბობის, ელექტრობის სრულად განახლება. შეიცვალა თავდაპირველი გეგმარებაც და ზონირება სწორედ გადანაწილდა. მაგალითად, თავდაპირველი პროექტი დერეფნული სისტემის იყო, ამიტომ საძინებელსა და საერთო დერეფანს შორის გამსვლელი კარი ამოშენდა, ეს კედელი კი სამუშაო მაგიდის ძალიან საინტერესო სამზონიან სივრცედ გადაკეთდა. შეიცვალა სამზარეულოს მდებარეობაც და ის მისაღებ ოთახთან გაერთიანდა, ხოლო სამზარეულოს ადგილას, რომელიც პატარა და არაკომფორტული იყო, სააბაზანო მოეწყო.

მიუხედავად იმისა, რომ სარემონტო სამუშაოები საკმაოდ რთული იყო და გაუთვალისწინებელმა გართულებებმაც იჩინა თავი, პროექტის ავტორისთვის ეს პროცესი მაინც ძალიან სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მან თავიდანვე ზუსტად იცოდა თუ რა ტიპის სამუშაოების ჩატარება მოუწევდა — „როდესაც ძველი ბინა ავარჩიე, ზუსტად ვიცოდი, რასთან მქონდა საქმე. ჩემი გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ მინიმალური ხარჯებით მიმეღო მაქსიმალურად კრეატიული ინტერიერი ამ სივრციდან, რაც ზუსტად გამოხატავდა ჩემს ხასიათს“.

გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო მსუბუქი და მინიმალისტურია. სივრცეში ძველებური სტილის პარკეტი და თეთრი კედლები გვხვდება, ამიტომ აქცენტი საინტერესო დიზაინის ავეჯსა და  ორიგინალურ დიზაინობიექტებზე კეთდება. ყურადღებას იქცევს თანამედროვე სტილის ვერცხლისფერი სავარძელი, დახვეწილი ფორმის პატარა სასადილო მაგიდა და ლურჯი სკამები, რომლებიც ჰარმონიულად ეხამება ცისფერ ნახატს და მიმზიდველად გამოიყურება. ავეჯის შავი და წითელი აქცენტები სივრცეს მრავალფეროვნებას მატებს, ბუნებრივი გამწვანება კი სახლს ახალი ენერგიითა და სიცოცხლით ავსებს. აღსანიშნავია, ორიგინალური დიზაინის  სანათებიც, რომლებიც დეკორაციას ამდიდრებს, აქსესუარები კი ოთახს სიძველის ეფექტს სძენს.

სამზარეულოს ზონა სადა, მარტივი და კომფორტულია. ძალიან საინტერესო გადაწყვეტაა სარკის ფასადის გამოყენება ავეჯზე, რადგან ამ გზით სივრცე ვიზუალურად იზრდება და თვალისთვის მეტად სასიამოვნო ხდება.

საძინებელში არქაული ელემენტები მრავლად გვხვდება. განსაკუთრებით თვალშისაცემია კედლები, რომელთა ნაწილები ძველებური სტილის კედლის ქაღალდით არის დაფარული, დარჩენილი ადგილები კი თეთრადაა დატოვებული.

ძველებური ეფექტი აქვს კარადასაც, რომლის ყვითელი დეტალები ოთახს აფერადებს. ყურადღებას იქცევს ხის საინტერესო დიზაინის საწოლიც, რომელიც ბინის მფლობელის მეგობრის, არქიტექტორისა და დიზაინერის, ნანა ზაალიშვილის ნამუშევარია. ეს საწოლი საგანგებოდ ამ სახლისთვის შეიქმნა.

არაორდინალური დიზაინი აქვს სამუშაო მაგიდასაც, რომელიც მთელ კედელზეა გაშლილი და ბეტონის ელემენტებითაა შექმნილი.

პიტოსთვის ერთ-ერთი საყვარელი ნივთია ორიგინალური ფორმის სარკეც, რომელიც პროექტის ავტორმა გილიოტინას შთაგონებით თავად დაამზადა.

აბაზანა საკმაოდ სადა და უბრალოა, ის მთლიანად ბეტონითაა მოპირკეთებული, იატაკის ნარინჯისფერ ფილებს კი სიხალისე შეაქვს სივრცეში.

„ვფიქრობ, რომ ნივთები არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც სივრცეს კარგ სახლად აქცევს. სწორედ ნივთები ქმნის განწყობასა და კომფორტს. შესაბამისად, მგონია, რომ გარდა ავეჯისა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არტისტული გადაწყვეტა და ნამუშევრების კომპოზიციური გადანაწილება კარგად შესრულებული ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია“.

მარტივი და საინტერესო დეტალებით ინტერიერი საკმაოდ განსხვავებულ და ორიგინალურ სახეს იღებს, მასში იგრძნობა არქაული ესთეტიკა, ბუნებრიობა და სიმშვიდე. სივრცეს ინდივიდუალური სტილი აქვს და მეპატრონის ხასიათს კარგად გამოხატავს, რის გამოც ის ავთენტური და ძალიან ორიგინალურია.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ხმის იზოლაციისა და ხმის შთანთქმის სისტემები – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

7 არაბანალური ფერი სამზარეულოს ავეჯისთვის