in

არქიტექტურა, როგორც იდენტობის ძიების პროცესი — ინტერვიუ ნიკა ლეკვეიშვილთან

თანამედროვე ქართულ არქიტექტურულ სივრცეში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს არქიტექტორ ნიკა ლეკვეიშვილის შემოქმედება იკავებს. ნიკა საერთაშორისო კომპანია — „TIMM Architecture“-ის დამფუძნებელია. სტუდია არქიტექტურულ დიზაინსა და კვლევებზეა ორიენტირებული და სხვადასხვა მასშტაბის კერძო თუ საჯარო პროექტებზე მუშაობს. ნიკას გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანია. გარდა იმისა, რომ მას სტამბოლისა და მილანის უნივერსიტეტებში აქვს განათლება მიღებული, არაერთ საერთაშორისო სტუდიასა და კომპანიაში უმუშავია და მსოფლიოს მნიშვნელოვან არქიტექტორებთან უთანამშრომლია.

როგორც თავად ამბობს, არქიტექტურა შენობისთვის უნიკალური ფილოსოფიის ძიებაა, ეს იდეა კი მის შემოქმედებას თან სდევს. დღევანდელ სტატიაში ის განვლის გზას იხსენებს და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით საინტერესო ხედვებს გვიზიარებს.

“HOUSE AROUND THE TREE”

ნიკა, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როდის დაინტერესდით არქიტექტურით?

გავიზარდე არქიტექტორების ოჯახში. ჩვენთან გმირებად აღიქვამდნენ არქიტექტორებს, მხატვრებს, მოქანდაკეებსა და რეჟისორებს. მახსოვს, სახლში, ფორტეპიანოს თავზე, დიდი და მოჩარჩოებული ფრანკ ლოიდ რაიტის პროექტის ფოტო ეკიდა… შეიძლება ითქვას, ამ გარემომ დიდი გავლენა იქონია როგორც ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, ასევე პროფესიულ არჩევანზე.

“HOUSE TO LOOK TO THE SEA” – მიმდინარე პროექტი

მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ – როგორ მოხვედით იქამდე, სადაც ახლა ხართ?  

სკოლის დასრულების შემდეგ, საბაკალავრო საფეხური სტამბოლის „მიმარ სინანის სახელობის სახელოვნებო უნივერსიტეტში“ დავამთავრე, მაგისტრატურა კი იტალიაში, მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უნივერსიტეტის პერიოდმა. სტამბოლში სწავლისას გავიმარჯვე ეროვნული მასშტაბის არქიტექტურულ კონკურსში, რის შემდეგაც ყველა სამსახურში, სადაც კი მიმუშავია, საკონკურსო განყოფილებაში ან დიზაინის გუნდში ვხვდებოდი, რაც საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო. საბაკალავრო საფეხურის დასრულებისას სტაჟირება გავიარე მიუნხენში, მას შემდეგ კი ინდოეთში გადავედი და მუშაობა დავიწყე აბინ ჩადჰურის სტუდიაში, რომელიც იმ პერიოდში „ჰერცოგ დე მეირონთან“  თანამედროვე მუზეუმის პროექტზე მუშაობდა და საერთაშორისო გუნდს აყალიბებდა. ინდოეთში დაახლოებით ერთი წელი გავატარე, შემდეგ კი იტალიაში განვაგრძე მაგისტრატურაზე სწავლა. უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე ფრანჩესკო ადორნის სტუდიაში გავაგრძელე პროფესიული საქმიანობა, ის დღემდე ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ჩვენ ერთად ვმუშაობდით კრიტიკულ, გამოწვევებით აღსავსე, საინტერესო პროექტებზე.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მილანის პოლიტექნიკურში სწავლისას ჩემი თეზისის პროექტის ხელმძღვანელი ცნობილი იტალიელი არქიტექტორი, სტეფანო ბოერი იყო, რომელთანაც სადიპლომო ნამუშევრის გარდა, კიდევ ერთი პროექტი განვახორციელე.

2017 წელს, უცხოეთში ყოფნისას საინტერესო შემოთავაზება მივიღე. პორტუგალიიდან არქიტექტორი  ნუნო ლეონიდასი დამიკავშირდა, რომელსაც იმ დროს თბილისში ჰქონდა ერთი პროექტი და ადგილობრივი პარტნიორი სჭირდებოდა. სწორედ ამის გამო დავბრუნდი საქართველოში და აქ ჩემი სტუდია „TIMM Architecture“ დავაარსე, სადაც დღემდე, ჩემს მეუღლესთან და ყოფილ სტუდენტებთან ერთად ვმუშაობ. 2022 წელს შემოგვემატა ორი უკრაინელი არქიტექტორიც. შეიძლება ითქვას, რომ ამ გამოცდილებებმა და საინტერესო პროექტებმა თუ ადამიანებმა ჩემი კარიერული გზა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

“MICRO CITY HOUSE ON GERGETI STR.” — მიმდინარე პროექტი

როგორ ფიქრობთ, როგორია XXI საუკუნის არქიტექტურა?  

ვფიქრობ, ნებისმიერი არქიტექტურა თავის თავში უნდა მოიცავდეს ინოვაციას. სხვა მხრივ ეს არ არის ხელოვნება, არამედ დაცლილი მიდგომის ბრმა გამეორებაა. XXI საუკუნის არქიტექტურა არის ლოკალური, ინოვაციური და ამავდროულად, გლობალური კულტურის ნაწილი. პირადად ჩემთვის, არქიტექტურაში ყველაზე საინტერესოა თანამედროვე ფორმებით გამოხატული ერთგვარი „ფლირტი“ სინათლესთან და ადგილობრივ სამშენებლო მასალებთან.

“VISITOR CENTER IN BOTANICAL GARDEN” — მიმდინარე პროექტი

როგორ დაახასიათებდით ქართულ არქიტექტურულ რეალობას?  

ამჟამად, სამყარო დგას ცირკულარული ეკონომიკის ეტაპზე. ყველაფერი, რაც არ არის გადამუშავებული ან გადამუშავებადი, უკვე გუშინდელი დღეა. სულ ახლახან ევროკავშირმა დაამტკიცა ახალი ევროპული ბაუჰაუსის პროექტი. ანალიტიკურ საკითხებში მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის როლიც. ამ ყოველივეს ფონზე სად არის ქართული არქიტექტურა? მგონია, მუდმივად უნდა ვმსჯელობდეთ იმაზე, თუ რა ადგილი აქვს თანამედროვე ქართულ არქიტექტურას სამყაროში. საერთოდ ვჭირდებით სამყაროს? მაგალითად, იტალიური არქიტექტურის ენა 50-იან წლებში ჩამოყალიბდა, როდესაც ახალი თაობა რადიკალურად განსხვავებულ იდეოლოგიაში გაიზარდა და ახალ ფასეულობათა სისტემა შექმნა. ამ პროცესში მუდმივად მიმდინარეობდა მსჯელობები და ექსპერიმენტები. არქიტექტურა და დიზაინი კი ამ მსჯელობის ფიზიკური მანიფესტაცია გახდა. ჩვენ შემთხვევაში გაგვიმართლა, რომ ახლა იმ მომენტში ვართ, როდესაც ქართული თანამედროვე არქიტექტურა ჯერ ჩამოყალიბებული არაა, ეს კი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მივიღოთ მის შექმნაში.

 

 

“DECONSTRUCTED CUBE HOUSE”

კუბის ფორმის მაგიდა

რას გვეტყვით ქალაქგეგმარებითი და ურბანული განვითარების ტენდენციების შესახებ?

თუ 60 —70-იან წლებში ითვლებოდა, რომ ქალაქის განვითარებისთვის მთავარი ხერხემალი სამანქანო გზებია, დღეს ეს იდეა სრულიად არარელევანტურია. თანამედროვე სამყაროში გეგმარებითი პრიორიტეტების პირამიდა პირიქითაა მოწყობილი — ქვეითის უფლებები უპირველესია, შემდეგ დგას ველოსიპედის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის, იერარქიის ბოლო საფეხური კი მანქანას უკავია. თუ გავაანალიზებთ, რომ მოსახლეობა დროთა განმავლობაში მოიმატებს, ქუჩები კი ვეღარ გაფართოვდება, მარტივი მისახვედრია, რომ მომავლის ქუჩებში მანქანის ადგილი პრაქტიკულად აღარ დარჩება. ეს ფაქტორი კი გასათვალისწინებელია ქართულ რეალობაშიც.

ვისაუბროთ თქვენს შემოქმედებაზე, მუშაობის პროცესში საიდან იღებთ შთაგონებას? 

ალბათ, მთავარ შთაგონებას მხატვრობისგან ვიღებ. კონკრეტულად კი აბსტრაქტული ექსპრესიონიზმისგან. ამ მიმართულებით მოღვაწე ქართველი მხატვრების ნამუშევრებსაც ვაგროვებ. მხატვრობის ამ მიმდინარეობაში გაქვავებულ ჟესტს ვხედავ. მგონია, რომ არქიტექტურაც ჟესტიკულაციური ხელოვნებაა და სამგანზომილებიან სივრცეში ხელოვნების აქტს ასახავს, როგორც მაგალითად, ვილემ დე კუნინგი ტილოზე. შთაგონებას ვიღებ თავად არქიტექტურიდანაც, რომელიც მუდმივად იცვლება. ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურა, რაც კი ოდესმე მინახავს, მის ვან დერ როეს ბარსელონას პავილიონია.

ბარსელონას პავილიონი

თქვენს ნამუშევრებზე გვესაუბრეთ, რომელ მათგანს გამოარჩევდით? 

ჩვენი გუნდი თვლის, რომ ყოველი ახალი ნამუშევარი წინაზე აღმატებული და საუკეთესო უნდა იყოს. ეს არის ის საკითხი, რომელზეც მუდმივად ვფიქრობთ და საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას — არის კი ეს პროექტი საუკეთესო, რაც კი აქამდე გაგვიკეთებია? მინდა გამოვყო პროექტი „steal art gallery“-ი, რომელიც საინტერესო კონცეფციის მატარებელია. ესაა ჩემი ყოფილი სველი წერტილის სარკმელი, რომელიც ქუჩაში ჩამოვკიდეთ და პატარა თარო და განათება გავუკეთეთ. მასში ყოველდღე სხვადასხვა სკეტჩს ვდებთ, რათა ხალხმა თავისუფლად აიღოს და „მოიპაროს“.

რას გვეტყოდით მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე?

ამ მომენტში ვმუშაობთ სხვადასხვა პატარა მოცულობის კერძო ობიექტებსა და რამდენიმე საჯარო შენობაზე, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამომავლოდ კი გვსურს, ჩავერთოთ უფრო მეტ საჯარო დანიშნულების მქონე პროექტებში.

“HOTEL ON GABRIADZE SQ.” – მიმდინარე პროექტი

დაბოლოს, რას ეტყოდით ახალგაზრდა კოლეგებს? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს პროფესიაში?

ყველაზე შთამბეჭდავი მომენტია, როდესაც პირველად ხედავ მიწიდან ამოსულ სამგანზომილებიან მოცულობას, რომელიც აქამდე მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ეს მოვლენა ბავშვის დაბადებას ჰგავს, დაუჯერებელი ეიფორია გეუფლება, რომელსაც ვერ ეჩვევი და ყოველ ჯერზე სუნთქვა გეკვრის…

ავტორი: მეკო მეტრეველი

სასტუმრო კახეთში ქვევრის ფორმის ნომრებით

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ სახლში გაზის გამათბობელი გვაქვს? – 6 პრაქტიკული რჩევა