in

Eames Lounge Chair & Ottoman – საკულტო დიზაინი, რომელიც თავდაპირველად მეგობრისათვის საჩუქრად შექმნეს

Eames Lounge Chair XX საუკუნის საკულტო დიზაინია, რომელიც ამერიკაში შეიქმნა და თანამედროვე, თუმცა კლასიკური სტილის ღირსეული მაგალითია. ეს სავარძელი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ავეჯია მსოფლიოში.

Eames Lounge Chair & Ottoman – ის ისტორია 1956 წელს იწყება და ის მრავალწლიანი შემოქმედებით ექსპერიმენტებისა და ოპტიმალური დიზაინის ძიების შედეგია. მისი სარეკლამო კამპანია NBC-ის ეთერში პრეზენტაციით დაიწყო. პირველად მაყურებელმა სკამი არლენ ფრენსის სატელევიზიო გადაცემა Home-ში ნახა და ამ მომენტიდან, Eames Lounge Chair-ის გაყიდვები არ შეწყვეტილა.

სკამის დიზაინი ჩარლზ და რეი იმსებს ეკუთვნით. მათ სავარძელი საკუთარი მეგობრისთვის შექმნეს და დაბადების დღეზე უნდა ეჩუქებინათ, თუმცა გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ წყვილის მიერ შექმნილი დიზაინი ნამდვილ „ვარსკვლავად“ იქცა და მთელი მსოფლიო მოიცვა. ყველას სურდა ასეთი სკამის შეძენა. მას შემდეგ 70 წელი გავიდა და Eames Lounge Chair კვლავ ყველაზე სასურველი და გაყიდვადი სკამია მსოფლიოში.

1984 წელს დიზაინზე უფლებები შვეიცარიულმა ბრენდმა „ვიტრამ“ შეიძინა. მათ სკამის ევროპაში წარმოების უფლება სურდათ. მანამდე კი, 1956 წელს, სკამი წარმოებაში ჩაუშვა ამერიკულმა კომპანია „ჰერმან მილერმა“.

სკამი მზადდება მაღალი ხარისხის ტყავისგან და ის ორი ნაწილისაგან შედგება. მისი ერთი ნაწილი ტრადიციული სავარძელია, ხოლო მას თან ახლავს შედარებით პატარა ზომის ნაწილი, რომელიც შეგიძლიათ როგორც ფეხის დასადებად, ასევე ჟურნალებისა და მსგავსი სახის ნივთების დასაწყობად გამოიყენოთ.

აღსანიშნავია, Eames Lounge Chair-ს არ გააჩნია სიმაღლის რეგულირების ფუნქცია და როგორც წესი, ის არ გამოიყენება როგორც სამუშაო სავარძელი. აღნიშნული მოდელი დაახლოებით 150 კილოგრამს უძლებს.

Eames Lounge Chair-ის ღირებულება დღეს დაახლოებით 7000$-დან იწყება და ტყავისა და სხვა საჭირო მასალის ხარისხის მიხედვით განისაზღვრება.

მთებით გარშემორტყმული სახლი პერუში – Elmer Gutierrez-ს ნამუშევარი

ღია გეგმარების მქონე მყუდრო ინტერიერი ჭავჭავაძეზე — თინათინ ძირკვაძის ნამუშევარი