in

თანამედროვე და მყუდრო ბინა ბაგებში – ანი ფხაკაძის ნამუშევარი

სახლი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ბაგებში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 65 კვადრატული მეტრია. ბინა მოიცავს სამზარეულოს, მისაღებ ოთახს და საძინებელს საკუთარი საგარდერობო ზონითა და აბაზანით.

სახლის ინტერიერზე დიზაინერმა ანი ფხაკაძემ იმუშავა და მეპატრონის სურვილისამებრ, ბინა თანამედროვე და მყუდრო სტილში მოაწყო. პროექტის ავტორმა ნეიტრალური ფერები და ხის ელემენტები გამოიყენა, რომლებიც ერთდროულად თანამედროვე და ელეგანტურ სტილს ქმნიან.

სახლის შესვლისთანავე ვხვდებით მისაღებ ოთახში, რომელიც სამზარეულოსთანაა გაერთიანებული. სხვა ოთახების მსგავსად, ოთახში ღია ფერის კედლები და ხის ფაქტურის ავეჯი გვხვდება, რასაც მუქი ფერის ფარდები ეხამება. ოთახში, ერთი შეხედვით, ბევრი ნივთია განლაგებული, თუმცა ფერების ბალანსი წესრიგისა და მინიმალიზმის შთაბეჭდილებას ქმნის.

„მისაღებისა და სამზარეულოს ნაწილში იყო ბეტონის ჭერი, რომელიც შევინარჩუნეთ და ჭერის ნაწილი გამოვყავით დეკორატიული განათებით“, – გვიყვება ანი ფხაკაძე.

სამზარეულოს ნაწილში ვხვდებით ხის მაგიდასა და სკამებს, რომლებიც თეთრი ფერის კარადებთან და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ფერებთანაა შეხამებული. სამზარეულოს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს განათებაც, რომელიც თანამედროვე, დახვეწილი დიზაინითაა შექმნილი.

სხვა ოთახებთან შედარებით, საძინებელი უფრო ღია და ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. სახლის ამ ნაწილში კედლებთან ერთად, ავეჯიც თეთრი ფერისაა, რომელსაც ღია ნაცრისფერი სამუშაო მაგიდა აბალანსებს. ოთახს აქვს საკმაოდ ტევადი საგარდერობო სივრცეც.

რაც შეეხება აბაზანას, ის პრემიუმ-ხარისხის ტექნიკითაა აღჭურვილი და აქ ფერთა საინტერესო კომბინაცია გვხვდება. სივრცე ნაცრისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, თუმცა აქცენტის სახით ვხდებით უმშვენიერეს მონაცრისფრო-მომწვანო ფერის ფილებს, რაც ხისფერი ავეჯითაა დაბალანსებული.

საბოლოო ჯამში, სახლის ინტერიერი სიმყუდროვისა და თანამედროვეობის შთაბეჭდილებას ქმნის, რასაც დიზაინერმა ღია და მუქი ფერების ბალანსითა და ნეიტრალური ფერთა პალიტრის დახმარებით მიაღწია.

იატაკის საფარი: ლამინატი – მაღაზია “დემასი”

აბაზანის ფილები: Kerama Marazzi

შემრევები: “დემასი”

კედლის საღებავები: “კაპაროლი”

განათება: “ბრენდარი”

რა უნდა გავითვალისწინოთ ძველი ბინის დიზაინის განახლების დროს? — მარიტა ჭანჭალეიშვილის გზამკვლევი

ღვინის ჩასაშენებელი მაცივარი – როგორია მისი მთავარი უპირატესობები?