ხის სახლის, ხის ავეჯისა და ხის სხვა პროდუქტების ხარისხიანი მოვლისა და შენარჩუნების პრობლემა ყოველთვის არსებობდა. განსაკუთრებით იქ, სადაც ნოტიო კლიმატი ხელს უწყობს ობის, სოკოს, ბაქტერიებისა და სხვა დესტრუქციული ნაწილაკების გაჩენას. ხის გაწმენდისა და დაცვის მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა ამ სტატიაში ხის ზეთის შესახებ გიყვებით, რომელიც შეიძლება მარტივი, თუმცა ძალიან ეფექტური და პოპულარული გზაა ავეჯის დასაცავად.
რა არის ხის ზეთი და რისთვის გამოიყენება ის?
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ეს არის თხევადი პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ხის კონსტრუქციებისა და პროდუქტების დაცვისა და დეკორატიული მიზნებისათვის. ზეთი საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია, მაგრამ აუცილებელია მისი სწორი კრიტერიუმებით შერჩევა.
ხეზე გადასმული ზეთი ღრმად აღწევს მის სტრუქტურაში, ზრდის სიმკვრივეს და ამის ხარჯზე, მავნე ბაქტერიებსა და ნივთიერებებს უჭირთ ზეთის ბარიერის გარღვევა და ხის სიღრმეებში შესვლა. შესაბამისად, ამ გზით თქვენი ხის ავეჯი თუ სხვა ნივთები მაქსიმალურადაა დაცული დაზიანებისაგან.
როგორ შევარჩიოთ ხის ზეთი?
ხის ზეთებს სხვადასხვა შემადგენლობა აქვთ. ზეთი შეიძლება იყოს მცენარეული, მინერალური და კომბინირებული. ასევე ვხვდებით მოდიფიცირებული ზეთის სახეობებსაც, რომლებსაც აქვთ დანამატები გარკვეული თვისებების გასაძლიერებლად. ბოლო დროს ხშირად გამოიყენებენ ნავთობის ბაზაზე შექმნილ ზეთებსაც, რომლებიც გამხსნელებსა და მყარ ნაწილაკებს შეიცავენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საჭიროა, ფლობდეთ ინფორმაციას თქვენი ავეჯის შესახებ – რა მასალისგანაა ის დამზადებული და რომელი ნივთიერების მოხვედრა არ არის მასზე რეკომენდებული, რათა თავიდან აირიდოთ ზეთის მიერ ნივთის დაზიანების რისკები.
სად ხდება ხის ზეთით დამუშავება?
ხეზე ზეთის წასმა ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში და ამისთვის დამატებითი დახმარება არაა საჭირო.
რა შეიძლება დავამუშაოთ ხის ზეთით?
ეს შეიძლება იყოს ავეჯი, იატაკი, ჭერი, ფანჯრის ჩარჩოები, კარები და სხვა ხის მასალისაგან შექმნილი ელემენტები.
სად შეძლებთ ზეთის შეძენას?
ზეთის შეძენა შეგიძლიათ ისეთ მაღაზიებში, სადაც საღებავები და ავეჯის რესტავრაციისათვის საჭირო მასალა იყიდება და მისი ღირებულება 10 ლიტრისთვის დაახლოებით 300-400 ლარია, თუმცა მისი ფასი მოცულობისა და ხარისხის მიხედვით განისაზღვრება.
ხის ზეთის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის მეტწილად მცენარეულ ნაწილაკებს შეიცავს და ჯანმრთელობაზე ცუდად არ მოქმედებს. ასე რომ, თუ სახლში ხის მასალით დამზადებული ნივთები გაქვთ, ამ ზეთის შეძენა სახლის მოვლის პროცესს საგრძნობლად გაგიმარტივებთ.