დღევანდელ სტატიაში შორენა კიკალეიშვილის ბინას გაგაცნობთ, რომელიც ვაკეში, შროშის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 65მ2-ია. შორენა კიკალეიშვილი პროფესიით იურისტია. იურიდიულ საქმიანობასთან ერთად, უკვე ხუთი წელია ციფრული პროექტების მენეჯმენტითაცაა დაკავებული. როგორც თავად ამბობს, ინტერიერის დიზაინთან პირდაპირი შეხება არასდროს ჰქონია, თუმცა ყოველთვის იტაცებდა საკუთარი კუთხის მოწყობა. იმის გამო, რომ ჩვენს რესპონდენტს ხშირად უწევს მოგზაურობა, გრძელვადიანი თუ დროებითი მივლინებისას ყოველთვის ცდილობს სივრცეში კომფორტული, მყუდრო გარემოს შექმნას. ამგვარად, დიზაინი და ესთეტიკური ხედვა მისთვის მნიშვნელოვანია.
ახალმა მეპატრონემ ბინა 2022 წელს შეიძინა და მისი ადგილმდებარეობით თავიდანვე მოიხიბლა — სახლი თბილისის ცენტრში, მშვიდ გარემოში მდებარეობს. რადგან შორენა ხშირად ფეხითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება, მისთვის აღნიშნული ლოკაცია საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა. ამასთანავე, ბინა ნათელი და მთელი დღის განმავლობაში მზით განათებულია, რაც მაცხოვრებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, რომ დროის სიმცირისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით, უპირატესობა მინიმალისტური დიზაინის საცხოვრებელს მიანიჭა, რათა სივრცის გარდაქმნა და საკუთარ სურვილებზე მორგება გამარტივებოდა. შესაბამისად, პროფესიონალი დიზაინერის დახმარებაც არ დასჭირდა და საკუთარი გემოვნებით, ოჯახის წევრებისა და მეგობრების რჩევით სასურველ შედეგს მიაღწია.
მაცხოვრებელს კომფორტული, სასიამოვნო გარემოს შექმნა სურდა, სადაც სივრცეს მაქსიმალურად აითვისებდა და მას ფუნქციურად სწორად გადაანაწილებდა. ნათელი და მყუდრო გარემოს მისაღებად კი უპირატესობა თეთრ კედლებს მიანიჭა.
„ზუსტად ვიცოდი, რომ აუცილებლად თეთრი ფერის კედლები მინდოდა, რომლებსაც ბინაში შემოსული მზის სხივები გაათბობდა. მცენარეები, ნახატები, წიგნები და ჩემი საყვარელი ნივთები კი სახლს სიმყუდროვეს შემატებდა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ნახატების შერჩევა, რომლებიც ინტერიერსაც მოუხდებოდა და ჩემს ხასიათთანაც ახლოს იქნებოდა. ერთია, მოგწონდეს ნახატი, როგორც ხელოვნების ნიმუში და მეორეა, ყოველდღე ხედავდე მას და მის ენერგეტიკას გრძნობდე. ცხადია, არის სივრცეები, სადაც გარკვეულ ცვლილებებს შევიტანდი, თუმცა საბოლოო ჯამში, მგონია, დასახულ მიზანს მივაღწიე,“— აღნიშნავს შორენა.
მცირედი გეგმარებითი ცვლილების შედეგად, საძინებელში საგარდერობო ზონის დამატების მიზნით, მისაღები ოთახის ფართი უმნიშვნელოდ შემცირდა და საძინებელს საკმაოდ კომპაქტური სათავსო გაუჩნდა, რამაც სივრცე ფუნქციურ ზონებად დაყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთი პატარა კედლის ამოშენება მომიწია, რაშიც მამაც მეხმარებოდა, მაინც დიდხანს გაიწელა ეს პროცესი. ამიტომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში – გასარემონტებელი ბინა, რომ არ შევიძინე“.
გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო სადა, ნათელი და მყუდროა. ღია ხისფერი იატაკი თეთრ კედლებს თბილ და მსუბუქ იერს სძენს, მიმზიდველი დიზაინის ავეჯი და დეკორატიული ელემენტები კი მას მრავალფეროვნებას მატებს.
მისაღებ ზონაში თეთრი ფერის ტახტი და ხის პატარა მაგიდაა განთავსებული. ოთახი მცენარეებითაა მორთული, რაც სასიამოვნო განწყობას ქმნის. ყურადღებას იქცევს მუსიკალური ინსტრუმენტი, მიმზიდველი დიზაინის სარკე, ნახატები, წიგნები და აქსესუარები, რომლებიც სახლის დახვეწილ, ინდივიდუალურ ესთეტიკას განსაზღვრავს და მის მეპატრონეზე საკმაოდ ბევრს ამბობს.
ოთახში დიდ ადგილს სამზარეულოს ნაწილი იკავებს. ბინის შეძენისას შორენა ყველაზე მეტად სწორედ ამ დეტალით მოიხიბლა, რადგან მას კულინარია იტაცებს და კერძების მომზადება უყვარს. სამზარეულოს ავეჯი მუქი ნაცრისფერია, რაც კონტრასტულ, საინტერესო შტრიხებს ქმნის და დომინანტურ სითეთრეს აბალანსებს. აქვე ვხვდებით პატარა, თუმცა საკმაოდ კომფორტულ სასადილო ზონასაც, მრგვალი მაგიდითა და სკამებით.
საძინებლის ინტერიერი მსუბუქი, ნაზი და ჰაეროვანია. თეთრ ფერს მიმზიდველად ერწყმის ღია ვარდისფერი ტონები და ხის ელემენტები. მომხიბვლელი დიზაინის დიდი ზომის საწოლი სივრცეს სიმყუდროვით ავსებს, მოლბერტი, დახვეწილი ფორმის ავეჯი და ბუნებრივი გამწვანება კი ოთახს ფერებითა და სიჯანსაღით ამდიდრებს.
სააბაზანო ნეიტრალური და სადა ფერებით ხასიათდება, რომელშიც ნაცრისფერი და თეთრი სჭარბობს. ოთახის დიზაინი მინიმალისტურია, რაც სივრცეს სიმსუბუქეს მატებს.
შორენა კიკალეიშვილის ბინა სიმყუდროვით გამოირჩევა. ინტერიერი კარგად გამოხატავს მაცხოვრებლის ხასიათს, ინტერესებსა და ცხოვრების სტილს. სივრცეში თითოეული დეტალი დიდი ყურადღებითაა შერჩეული. ყურადღებას იპყრობს ბუნებრივი გამწვანება, დეკორატიული ელემენტები, ნახატები და აქსესუარები, რომლებიც სახლს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
„ბინაში შემოსვლისთანავე ყველა აღნიშნავს იმ სიმყუდროვეს, რაც სივრცეში იგრძნობა. ჩემი აზრით, ასეთი დახასიათება მართლაც ყველაზე მეტად შეეფერება სახლს. ეს ის ადგილია, სადაც დრო ჩერდება, ყველა საფიქრალი მავიწყდება, ვისვენებ და დადებითი ენერგიებით ვივსები“, — ამბობს შორენა.
კედლის მოპირკეთება: „კაპაროლი“
განათება: „ახალი ნათება“; „Brand R“
ავეჯი: „N.K group & M.Design“