უკანონო მშენებლობის პრობლემა საქართველოში უკვე წლებია საკმაოდ აქტუალური საკითხია. კანონი ეხება არა მხოლოდ სახლის ფართობის გაზრდასა და სართულების დაშენებას, არამედ აივნებისა და მსგავსი მიშენებების გაკეთებასაც.
თბილისში აკრძალულია ნებისმიერი მიშენება, რომელსაც არ აქვს შესაბამისი პროექტი და არაა დამტკიცებული მერიის მიერ. რაიმეს ასაშენებლად აუცილებელია წინასწარ განცხადების დაწერა და ნებართვის მიღება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეკისრებათ ფულადი სახის ჯარიმა და მოხდება შენობის დემონტაჟი.
მშენებლობისთვის წინადადებით უნდა მიმართოთ არქიტექტურულ ფირმას ან კერძო პირს, რომელიც ნახაზის შედგენაში დაგეხმარებათ, შემდეგ კი, უკვე მზა რეკონსტრუქციის პროექტით მიხვიდეთ მერიაში, განცხადების შესატანად.
უნებართვო მშენებლობისთვის ჯარიმის ოდენობა განსხვავებულია და რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა მას შეიძლება დაემატოს სხვა სახის დარღვევებიც, მაგალითად ზედამხედველობის სამსახურის მითითებების უგულებელყოფა, რომელიც ასევე ფულადი ჯარიმის დაკისრებით ისჯება.
თავდაპირველად, ჯარიმების რაოდენობა დაახლოებით 3000-13000 ლარი იყო და მიშენების მიხედვით განისაზღვრებოდა, ასევე ითვალისწინებდნენ შენობის ადგილმდებარეობას და რელიეფსაც. აქედან დაახლოებით 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრებოდათ იმ პირებს, რომლებიც გაფრთხილების მიუხედავად განაგრძობდნენ მშენებლობას.
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ გაცემული დადგენილების მიხედვით, 2018 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგულაციები გამკაცრდა და ჯარიმის რაოდენობა 10000 ლარამდე გაიზარდა, თუმცა თანხის რაოდენობამ შესაძლოა 30000 ლარამდეც კი მიაღწიოს.
ჯარიმის სიმკაცრე დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ხდება უკანონო მშენებლობა. მაგალითად კერძო ტერიტორიაზე ჯარიმა შედარებით ნაკლებია, ხოლო სახელმწიფო ტერიტორიის შემთხვევაში – პირიქით.
განსხვავდება უკანონო მშენებლობის სიმძიმეც. მაგალითად აივნის მიშენების შემთხვევაში შედარებით ნაკლები ჯარიმა დაგეკისრებათ, ვიდრე მთლიანი სართულის დაშენების შემთხვევაში.
ჯარიმის გარდა, განხორციელებული რეგულაციების შედეგად, პირი, რომელიც დაარღვევს კანონს, არა მხოლოდ დაჯარიმდება, არამედ დაუყოვნებლივ მოხდება თვითნებურად მიშენებული ან დაშენებული ნაწილების დემონტაჟიც.
ასე რომ, თუ სახლის რეკონსტრუქციას გეგმავთ, ან მისი რომელიმე ნაწილის გადიდება ან რესტავრაცია გსურთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ შესაბამისი ნებართვის გარეშე დემონტაჟსა და ჯარიმას თავიდან ვერ აირიდებთ.