in

არქიტექტურა, როგორც გაერთიანების შესაძლებლობა — ინტერვიუ დიმიტრი შაფაქიძესთან

დიმიტრი შაფაქიძე ქართული თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია და საკუთარი შემოქმედებით ამ სფეროს განვითარებასა და ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ის არქიტექტურული სტუდია „Laboratory of Architecture #3“-ის თანადამფუძნებელია, რომელიც  ეკოლოგიურად ჯანსაღი და მდგრადი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს. დღევანდელ სტატიაში დიმიტრი შაფაქიძე საკუთარ პროფესიულ გზაზე და შემოქმედებით პროცესზე გვესაუბრება და საინტერესო ხედვებს გვიზიარებს.

როდის დაინტერესდით არქიტექტურით და რამ იქონია გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზე? 

პროფესიის არჩევანზე ალბათ იმ ცნობისმოყვარეობამ იქონია გავლენა, რომელსაც ჩემში არატრივიალური შენობები, მათი მოწყობისა და სტრუქტურის მიმართ ინტერესი იწვევდა. მახსოვს, ბავშვობაში, ტრიბუნაზე ასასვლელის ძიებაში, როგორ ვაკვირდებოდი არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის მიერ დაპროექტებულ რესპუბლიკის მოედანზე არსებულ თაღებს, რომელიც თვალისაგან დაფარული და ერთგვარად, კულისებში მოქცეული იყო. შემდგომში, ფილმის ყურებისას, სიუჟეტზე მეტად, კადრში მოხვედრილ ინტერიერებსა და არქიტექტურაზე ვამახვილებდი ყურადღებას, რაც მოგვიანებით მსგავსი მოდელების შექმნაში მეხმარებოდა.

ვაკის პარკის მედიათეკა

გვიამბეთ თქვენი განათლების შესახებ  

განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე მივიღე. დაწყებითი კურსის გავლის შემდეგ სპეციალობის განხრით, პროფესორ მედეა მელქაძის ჯგუფში მოვხვდი, რამაც დიდი გავლენა იქონია პროფესიული პრიორიტეტების ფორმირებაზე.

ჩემთან ერთად სწავლობდნენ ირაკლი აბაშიძე და ოთარ ნემსაძე (ამჟამად, თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ერთ-ერთი დამფუძნებელი). სწავლის დასრულებისას ჩვენ სხვადასხვა არქიტექტურულ სტუდიაში ვმუშაობდით. ირაკლი და ოთარი „კიდ არქტექტურაში“, ნიკოლოზ შავიშვილთან მუშაობდნენ, მე კი არქიტექტორ დავით მახარობლიშვილის სტუდიაში ვიყავი, რომელიც ჩემთვის პროფესიონალიზმის, კოლეგიალობისა და შრომისმოყვარეობის მაგალითი იყო. დღემდე ძალიან მადლიერი ვარ ბატონი დავითის იმ განუზომელი წვლილისთვის, რაც მან ჩემს პროფესიულ თუ პიროვნულ ჩამოყალიბებაში შეასრულა. არა მხოლოდ მასთან მუშაობის ხუთი წლის განმავლობაში, არამედ მანამდეც და შემდგომ პერიოდშიც.

მედიათეკა კიკვიძის პარკში

მოგვიყევით იმ კარიერული გზის შესახებ, რომელმაც თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა განსაზღვრა

ირაკლისთან ადრეული ბავშვობიდან ვმეგობრობდი, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ოთარსაც ძალიან დავუახლოვდი. ამ მეგობრობამ და ურთიერთგაგებამ გვაფიქრებინა, რომ ერთობლივად მუშაობას შევძლებდით და სწავლის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა გადავწყვიტეთ.

ჩვენი პირველი, ერთობლივი ნამუშევარი სასტუმროს პროექტი იყო, რომელმაც დახურულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ვერ განხორციელდა, აღნიშნულმა ნამუშევარმა განაპირობა ის, რომ არსებული სამსახურები დავტოვეთ და 2005 წელს დამოუკიდებლად დავიწყეთ მუშაობა. მალევე კერძო სახლის პროექტიც შევასრულეთ და ერთ-ერთ კონკურსში წარვადგინეთ. იმ დროისთვის ჯერ არც ოფისი გვქონდა და არც რეგისტრირებული ფირმა… ეს ნახევრად ფორმალური მდგომარეობა შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო, რომ არა ჩვენი უფროსი მეგობრის, ცნობილი იურისტის, კობა კვანტალიანის დახმარება, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს გადადო საკუთარი საქმეები, ყველა საბუთი შეგვავსებინა, საჭირო პროცედურები გაგვატარა და  2006 წლის მარტში, 22-23 წლის ბიჭებს ხელში იურიდიულად გამართული ორგანიზაცია ჩაგვაბარა. ამის შემდგომ არ გავჩერებულვართ და უწყვეტად ვმუშაობთ.

ვიზიტორთა ცენტრი არქიტექტურული მინიატურების პარკისათვის

რა არის თქვენთვის არქიტექტურა, როგორია თანამედროვე არქიტექტურის როლი 21-ე საუკუნეში? 

დღევანდელობა ჩვენი პროფესიისგან პლანეტის მაშველთა რიგებში ჩადგომას მოითხოვს. თუ ოდესღაც არქიტექტორისთვის ფუნქციონალური, ტექნიკური და ესთეტიკური ამოცანების გადაწყვეტის უნარი საკმარისი იყო, დღეს ამას გლობალურ პრობლემებზე რეაგირებისთვის საჭირო ცოდნა და კვალიფიკაციაც ემატება.

გულახდილად რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში არ არის საამისო ცნობიერება და საჭირო მოთხოვნა. გამომდინარე აქედან, ჩვენი ცოდნაც სერიოზულ გაღრმავებას საჭიროებს. ყალბ თვითკრიტიკულობად თუ არ ჩაითვლება, ვიტყოდი რომ, კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში, იკვეთება აღნიშნული პრობლემატიკის გაცნობიერება, თუმცა ცოდნის კუთხით სერიოზულად ჩამოვრჩებით სასურველ დონეს.

თაფლის მაღაზია ზზიპ

ვისაუბროთ ქართული არქიტექტურული სივრცის გამოწვევებზე, რა ძირითად პრობლემებს გამოყოფდით?

ვფიქრობ, ჩვენ გვაკლია ერთმანეთთან საუბარი, კოლეგიალური ფრონტისა და ამქრის შეგრძნება. ამიტომ გვიხარია, როდესაც ჯგუფური მიმოწერისა თუ  იშვიათ შემთხვევაში საერთო პრობლემატიკაზე საუბრის საშუალება გვეძლევა. სამწუხაროა, რომ ეს საუბრები ჯერ-ჯერობით მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს შეეხება. ამგვარად, თანამედროვე ქართული არქიტექტურის ძირითადი მისწრაფებების, ნიშან-თვისებების გამორკვევისა და გააზრების საქმე ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.

დღეს არქიტექტურის სამყარო გახსნილი ინფორმაციული ველის ნაწილია და აუცილებელია მასში ჩვენი პოტენციალისა და ადგილის მოძიება.  მჯერა, რომ თუ შვეიცარიელმა, პორტუგალიელმა, ჰოლანდიელმა და სხვა არქიტექტურულმა სკოლებმა გაიაზრეს მათ მიერ განვლილი გზა და დაისახეს მიზნები, უახლოეს წლებში ამის გაკეთებას ჩვენც შევძლებთ, რაც დღევანდელი თაობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.

რას იტყოდით ქართული არქიტექტურისათვის დამახასიათებელ სტილზე

დღეს, ისევე როგორც ყოველთვის, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და სხვა კულტურებისა და ინფორმაციის მიმართ ღიაობის გამო, სახეზე გვაქვს ესთეტიკური სინთეზის მაგალითები, რომლებიც პირველ რიგში, ქართულ არქიტექტურაში აისახება. ვფიქრობ, თბილისის არქიტექტურა კულტურათა მოზაიკაა და სულისკვეთებითა თუ სიჭრელის გადამუშავების უნარით, ისეთი დიდი, მულტიკულტურული ურბანული ფენომენების გვერდით დგას, როგორიცაა ლონდონი, ნიუ-იორკი, ბუენოს-აირესი, რაც მისი მოკრძალებული მასშტაბისა თუ შესაძლებლობების ფონზე საკმაოდ გასაკვირია.

კოჯრის პატარა სახლი. მიმდინარე

თქვენთვის მნიშვნელოვან რომელ არქიტექტურულ ობიექტებს გამოყოფდით?

თუ დავაკვირდებით, არსებობს ერთგვარად კვინტესენციური შენობები, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ობიექტები. ასეთია მის ვან დერ როეს ბარსელონას პავილიონი. რომელიც მნიშვნელოვანი კრებულია იმ ესთეტიკური იდეალებისა, რომელსაც მთელი შემდგომი მოდერნისტული არქიტექტურა იზიარებს. ეს შენობა გარკვეული არქიტექტურული სტანდარტია, აუცილებლად მისაღწევი „ალპინისტური სიმაღლე“, რომლის დალაშქვრასაც არქიტექტორები დღემდე ცდილობენ.

ბარსელონას პავილიონი

ასეთი არქეტიპული ნიმუშია ჩვენთვის მცხეთის ჯვარი, რომლის მნიშვნელობაც არაერთ მკვლევარს აღუნიშნავს. ის გამორჩეული შედევრი და ამავდროულად, ნაციონალური გემოვნების საზომია. თუ დავაკვირდებით, მთელი ქართული არქიტექტურა, იქნება ეს საერო თუ სასულიერო, ყველა დროში ცდილობს ამ ეტალონის, „კულმინაციის“ ეფექტის გამეორებას, რაც ბევრ რამეზე, მათ შორის ქართული არქიტექტურისა და ხასიათის შესახებ მეტყველებს.

მცხეთის ჯვრის მონასტერი

როგორია თქვენი მუშაობის ფილოსოფია და ვის აზრს ანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას შემოქმედებით პროცესში?

როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით სხვადასხვა ობიექტებისა და მოტივების შეერთებას – ყველაფერ იმას, რასაც დღეს ხელოვნური ინტელექტი აკეთებს. მომავალში, ცხადია, მანქანას ვერ ვაჯობებთ, თუმცა ჩვენი არქიტექტურის მთავარი გზავნილი ყოველთვის გაერთიანების შესაძლებლობა იქნება. ჩვენ გვჯერა ამ გზავნილის საჭიროების, რადგან არსებული გარემო სავსეა კონფლიქტებით. მგონია, არქიტექტურა ძლიერი აქტორია, რომელიც სივრცის და მასების თავისუფალი მოდელირებით, პოლარულად განსხვავებულ გამოწვევებს ართმევს თავს. ამასთანავე, ადამიანებს შთააგონებს, რომ შეთანხმება შესაძლებელია.

მუშაობის პროცესში, პირველ რიგში, ჩემი კოლეგების აზრს ვანიჭებ უპირატესობას. „Laboratory of Architecture #3“ თანამოაზრეთა გაერთიანებაა, თუმცა ყველა ჩვენგანი ძალიან განსხვავებულია და პერსონალური გამოცდილებით, თავის გამორჩეულ პოზიციას აფიქსირებს.  გუნდური მუშაობის მთავარი უპირატესობა პლურალიზმი და ის მრავალფეროვანი შეფასებებია, რაც ამა თუ იმ პროექტს, ან ცალკეულ გადაწყვეტას ახლავს თან.

თქვენი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდით? 

შესრულებული, განსაკუთრებით კი განხორციელებული პროექტების მიმართ, ემოციური სიახლოვის მიუხედავად, საკმაოდ კრიტიკულად ვართ განწყობილი, რაც ბუნებრივია. ამიტომ მათგან რომელიმეს გამორჩევა ძნელია. უფრო ყურადღებას მიმდინარე პროექტებზე გავამახვილებდი, რომელთათვისაც ჯერ კრიტიკული თვალით არ შეგვიხედავს. მათ შორის აღსანიშნავია სამკურნალო კომბინატის კომპლექსი ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის მშენებლობაც მალე დასრულდება. პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა, თუმცა ჩვენთვის ეს ობიექტი საკუთარი მნიშვნელობით და იმ ძალისხმევით გამოირჩევა, რაც ამ პროექტში ჩავდეთ.

სამკურნალო კომბინატის კომპლექსი. მიმდინარე 

ამასთანავე, მინდა გამოვყო “Glarros old town” – სასტუმროს პროექტი, რომელიც ახლახან გაიხსნა. მასზე დიდი ხანი, ძალიან გულდასმით ვმუშაობდით და ჩვენთვის გამორჩეულია. ასევე, ძალიან ძვირფასია “The grove design hotel” -იც, რომლის არქიტექტურაც და დიზაინიც ჩვენ გვეკუთვნის. სამწუხაროდ, ახლა სასტუმრო დახურულია და მისი ყველა პუბლიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

Glarros old town

The grove design hotel

გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები

მომდევნო წელს სრულდება რამდენიმე საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე პროექტი, ზოგიერთი მათგანი უკვე რეალიზაციის პროცესშია. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ახალი ცოდნისა და გზების მოძიებაზე, რათა ჩვენი არქიტექტურა ეკოლოგიურად უფრო უვნებელი და მდგრადი გახდეს. ამ მხრივ ყველა რაღაც განსაკუთრებულ მიღწევას ველით გარე სამყაროსგან, თუმცა ლოკალური, პატარ-პატარა გაუმჯობესებებიც ძალიან მნიშვნელოვანია.

სახლი მომრგვალებული კუთხეებით. მიმდინარე

რას ურჩევდით ახალგაზრდა არქიტექტორებს?

ვფიქრობ, გამოკვეთილი რეკომენდაციების გაცემა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გჯერა, რომ გარანტირებული წარმატების მეთოდს ფლობ და მისი გაზიარება აუცილებელია.

დღესდღეობით ყველას, ვინც პროფესიის დაუფლებას ცდილობს, გააზრებული აქვს კარგი ცოდნის მიღების აუცილებლობა. ამდენად, მათ ახალს ვერაფერს ვეტყვით. სხვა მხრივ კი ყველას ცხოვრების გზა ინდივიდუალურია და სუბიექტური გამოცდილების რჩევის სახით გაზიარება, შესაძლოა, კონკრეტული პიროვნებისთვის არც ისე გამოსადეგი აღმოჩნდეს…

ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ღია გეგმარების მქონე მყუდრო ინტერიერი ჭავჭავაძეზე — თინათინ ძირკვაძის ნამუშევარი

„ლისი ტრიო“ — მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი მობინადრეებისთვის ყველა საჭირო სივრცეს აერთიანებს