in

როგორ მოვაშოროთ შპალერის გაკვრის შემდგომ დარჩენილი წებო ზედაპირიდან?

შპალერის გაკვრის შემდეგ დარჩენილმა წებოს ლაქებმა შესაძლოა ოთახის მთელი ესთეტიკა გაანადგუროს, ამიტომ საჭიროა წებოს დიდი სიფრთხილით წასმა. თუმცა, ლაქებისგან დაზღვეული არავინაა და ხშირად შპალერის გაკვრის შემდეგ ვამჩნევთ, რომ გადაბმებს შორის წებოს დიდი რაოდენობაა დარჩენილი.

შპალერიდან წებოს მოშორება საკმაოდ შრომატევადი საკითხია და ხშირად მისი თვითნებურად მოშორება შპალერის გახევასაც კი იწვევს, ამიტომ აუცილებელია, რომ იცოდეთ ყველაფერი, რაც გამხმარი წებოს უსაფრთხოდ და მარტივად მოშორებაში დაგეხმარებათ.

პირველ რიგში, წებოზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ლაქაზე, მოქმედებს „სისწრაფის პრინციპი“, რაც გულისხმობს იმას, რომ რაც უფრო სწრაფად შეამჩნევთ ლაქას და დაიწყებთ მისი მოშორების პროცესს, მით უფრო გაგიმარტივდებათ საქმე. ახალი ლაქების მოშორება შესაძლებელია მხოლოდ თბილი წყლისა და საპნის დახმარებით, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ლაქა უნდა მოშორდეს ოდნავ დასველებული რბილი ქსოვილის დახმარებით, რათა ზედმეტმა წყალმა შპალერი არ დააზიანოს. გაასუფთავეთ შპალერი თბილი წყლით და არ დაგავიწყდეთ ლაქის მოშორების შემდეგ კედლის მშრალი ქსოვილით გაწმენდა.

თუმცა, თუ წებო უკვე მშრალია, შეგიძლიათ მისი წყლით გაჟღენთა სცადოთ. ამისთვის საჭიროა რომ თბილი წყალი რამდენჯერმე შეასხუროთ ლაქას და დაელოდოთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი იგივე პროცედურა გაიმეოროთ, რაც ახალი ლაქის შემთხვევაში.

ეს მეთოდები გამოიყენება შედარებით სქელი შპალერებისთვის, თუმცა თუ თქვენი შპალერი თხელია, მისი ზედაპირის გაწმენდა უფრო მეტად გაგიჭირდებათ, რადგან წყალმა შესაძლოა დაარბილოს და დააზიანოს მისი ნაწილი.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია წინასწარ წაიკითხოთ ინსტრუქციები, რათა შეარჩიოთ ისეთი სახის წებო, რომელიც შპალერის ტიპს შეესაბამება. ზოგიერთ შემთხვევაში წებო შპალერზე უნდა წაისვას, ზოგიერთში კი პირიქით – კედელზე.

იმისთვის, რომ შპალერი არ დააზიანოთ, წებო კედელს თანაბრად უნდა ფარავდეს და მაქსიმალურად ერთი სისქის უნდა იყოს, რადგან სხვა შემთხვევაში ზედმეტი წებო აუცილებლად დატოვებს კვალს შპალერის ზედაპირზე.

თუ ლაქა იმდენად მყარია, რომ მის წყლით მოშორებას ვერ ახერხებთ, სცადეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენება. საწმენდი საშუალებები შეიცავენ ისეთ მასალას, რაც ხელს უშლის კედელზე ლაქებისა და სხვა სახის კვალის დატოვებას.

შეიძლება წებოს საშლელის დახმარებით მოშორებაც. აიღეთ საშლელი, რომელსაც ორი – რბილი და უხეში მხარე აქვს. წებო ჯერ უხეში მხრიდან გაწმინდეთ, შემდეგ კი რბილით. ერიდეთ უხეშ მოძრაობებს, რათა არ დააზიანოთ შპალერის ზედაპირი.

წებოს მოშორების კიდევ ერთი ეფექტური გზა საკვები სოდისაგან ხსნარის დამზადებაა. შეურიეთ მას მცირე რაოდენობით კბილის პასტა და წაუსვით წებოს ჯაგრისის დახმარებით, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მოაშორეთ რბილი ქსოვილის დახმარებით.

ზოგიერთი სახის წებოს მოშორება ბენზინისა და ეთილის სპირტის გამოყენებითაც ხდება, თუმცა ეს მეთოდი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს და დამოკიდებულია შპალერის სისქესა და მასალაზე, ამიტომ აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია ექსპერტებთან.

10 ფერი, რომლებიც მისაღები ოთახის კედლებს განსაკუთრებით უხდება

XVII საუკუნის სტილით შთაგონებული სახლი საფრანგეთში