in

ეკლექტური ინტერიერი სოლოლაკში – ქეთა დონაძის ნამუშევარი

სოლოლაკში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი ინტერიერის დიზაინერ, ქეთა დონაძეს ეკუთვნის. ბინის დიზაინზე ქეთამ პარტნიორთან, ნიკა ქობულაშვილთან ერთად იმუშავა. წყვილის მიზანი მყუდრო, ოჯახსა და მეგობრებზე მორგებული სივრცის შექმნა იყო, სადაც სამუშაო პროცესიც კომფორტული იქნებოდა.

არსებული სახლი სამი ბინის გაერთიანებით შეიქმნა და სივრცის ფართობმა 185 მ2-ი შეადგინა. პროექტის ავტორებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ოთახი ბუნებრივად ნათელი და მიმზიდველო ყოფილიყო. ამასთანავე, აუცილებელი იყო სამზარეულოს, სასადილოსა და მისაღები ოთახის ერთ სივრცეში განლაგება და ერთმანეთისგან იზოლირება, რაც აგურის ავთენტური თაღებით მოხერხდა.

დიზაინერისთვის რთული აღმოჩნდა ძველ თბილისში მდებარე ბინის რეკონსტრუქცია, რადგან ეს პროცესი მოულოდნელობებით აღსავსეა. სირთულეებთან იყო დაკავშირებული სველი წერტილების მოწყობაც. პანდემიამ კი პროექტის მიმდინარეობა რამდენიმე თვით შეაჩერა და გარკვეულწილად, თავდაპირველი დიზაინის ჩანაფიქრიც შეცვალა. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის მთავარ გამოწვევად ქეთა ძველი კონცეფციიდან ახალზე გადაწყობას მიიჩნევს.

დიზაინერი უპირატესობას ბუნებრივ მასალებს ანიჭებს, ამიტომ ინტერიერში უხვად გვხვდება ხე და ქართული ნიჩბისის ქვა, რის გამოც სივრცე ჯანსაღი და სიცოცხლით სავსეა. სხვადასხვა სტილის სინთეზით კი ბინას ეკლექტური სახე ეძლევა.

მისაღები გაერთიანებული სივრცისგან აგურის თაღითაა გამოყოფილი. აგურის კედელი და თაღები, გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, ინტერიერში მნიშვნელოვან დეკორატიულ ელემენტს წარმოადგენს და მას სახასიათო იერს ანიჭებს. ამასთანავე, აგურისფერი იდეალურად ეხამება ხის მასალას და საკმაოდ შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის. ხის დარაბები და იატაკი ოთახში თბილ, მყუდრო ატმოსფეროს განსაზღვრავს. აქვე ვხვდებით კომფორტულ ტახტსა და ვერცხლისფერ სავარძელს, რაც სივრცეს მომხიბვლელობას მატებს. ხელით მოხატული კედლის დიზაინი იდეალურად ერწყმის ბუნებრივ გამწვანებას და ოთახს ცოცხალი ენერგიით ავსებს. ძველისა და თანამედროვე დიზაინის გაერთიანებით ინტერიერი საკმაოდ მრავალფეროვანი და უჩვეულო ხდება.

ყურადღებას იქცევს სანათებიც, რომლებიც დიზაინერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამორჩეულ ადგილს იკავებს აქსესუარები, ნახატები და დეკორატიული ელემენტები, რაც სახლს უნიკალურობასა და მიმზიდველობას სძენს. პროექტის ავტორისთვის თითოეული ნივთი განსაკუთრებით ძვირფასია და ყველა მათგანი გარკვეული ისტორიის მატარებელია.

სინათლით სავსე, თბილი და სასიამოვნო ატმოსფერო იგრძნობა გაერთიანებულ სამზარეულოსა და სასადილო ზონაში. განსაკუთრებულ ეფექტს მასიური ხის ფანჯრები და ჭერზე გამოყენებული ხის მასალა ქმნის. მომხიბვლელი დიზაინის ხის ჭერი ორგანულად ერწყმის აგურის კედელსა და ხის ავეჯს. მიმზიდველად გამოუყურება სასადილო მაგიდის შავი სკამები, რომლებიც კედლის შავ ნაწილებს იდეალურად ეხამება. ამ ზონაშიც მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს საგანგებოდ შერჩეული სანათები, რომლებიც სივრცეს ესთეტიკურად ამდიდრებს.

სამზარეულოში გვხვდება ხის ელემენტებისა და ცისფერი ტონალობის კომბინაცია, რაც საკმაოდ ეფექტურია. ცისფერი ფილები და სამზარეულოს ავეჯი ოთახს სისადავესა და ელეგანტურობას სძენს. სივრცე სრულად ათვისებულია და შედეგად, კომფორტული, ნათელი და ფუნქციური ზონა მიიღება.

მშვიდი და მყუდრო ატმოსფეროა საძინებელ ოთახებშიც. ერთ-ერთ მათგანში მნახველის თვალს საწოლთან არსებული ხის კონსტრუქცია იპყრობს, რომელიც საგარდერობო ზონაა და უცხო დიზაინით გამოირჩევა. სწორედ ეს ელემენტი განსაზღვრავს ამ ოთახის სპეციფიკურ სტილსა და ხასიათს.

დანარჩენ საძინებლებში სასიამოვნო განწყობას ცისფერი ტონალობის საწოლი, დახვეწილი დიზაინის ავეჯი და ხის ფაქტურები ქმნის. აქსესუარები და დიზაინობიექტები კი ოთახს მომხიბვლელობასა და სინაზეს მატებს.

სააბაზანო სივრცეში ელეგანტური სტილი გვხვდება, რომელშიც კლასიკური და თანამედროვე შტრიხები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ოქროსფერი დეტალებით, სადა, ნეიტრალური ფერებით და ხის მასალით კი ოთახს მიმზიდველი სახე ეძლევა.

ქეთა დონაძის ნამუშევარი განსხვავებული და სახასიათო სტილით გამოირჩევა, რის გამოც ბინის დიზაინი საკმაოდ საინტერესოა. დომინანტური ხისა და აგურის ელემენტების სინთეზით სივრცეში ჯანსაღი, სიცოცხლით სავსე ატმოსფერო იქმნება. ბუნებრივი სინათლითა და გამწვანებით კი ამაღლებული განწყობა იგრძნობა. სივრცე დიზაინობიექტებითა და აქსესუარებითაა მორთული, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს.

პროექტის ავტორი: ქეთა დონაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Elements studio

სარემონტო ჯგუფი: „Elements studio

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონი

რა უნდა გავითვალისწინოთ რადიატორის შერჩევისას? — 5 მთავარი რჩევა

JI&JI — ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით