შავი დეკორი ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური ნაწილია. ეს არის გლამურული და მდიდრული ფერი, რომელსაც შეუძლია სახლის ნებისმიერ ნაწილს განსაკუთრებული იერსახე მიანიჭოს.
შავის ბევრი ტონალობა არსებობს, თუმცა დღეს საკმაოდ პოპულარულია მქრქალი ტექსტურა, რომელიც განსაკუთრებით უხდება კედლებსა და სამზარეულოს ავეჯს. შავი სწორედ ის ფერია, რომელიც სახლში დამატებითი სივრცის შეგრძნებას აჩენს და მისი შეხამება თითქმის ყველა კონტრასტულ ფერთანაა შესაძლებელი.
ინტერიერის დიზაინერები გვიზიარებენ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომლებიც მქრქალი შავი ფერის სამზარეულოს შექმნაში დაგეხმარებათ.
გამოიყენეთ მქრქალი შავი ფერი კედლების შესაღებად
როდესაც კედლების ფერზე ფიქრობთ, შესაძლოა თავში მქრქალი შავი არ მოგივიდეთ, თუმცა ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს ფერი კედლებს სიმსუბუქისა და სივრცის შთაბეჭდილებას უქმნის. მაშინ, როცა ჩვეულებრივი შავი ფერი სივრცეს შთანთქავს, მქრქალ შავს სრულიად საპირისპირო ეფექტი აქვს.
შეიძინეთ მქრქალი შავი ფერის სახელურები კარადებისთვის
შავი და მუქი ნაცრისფერი ფერები ზედაპირებსა და კარადების სახელურებზე ოთახს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი სხვადასხვა ტიპის დეტალებთანაა შეხამებული. ამას გარდა, შავი ფერი ითვლება „მარადიულ“ ფერად, რომელიც ნებისმიერ დროს მოდური და ელეგანტურია.
შეიძინეთ მქრქალი შავი ფერის დეკორაციები
ჩაანაცვლეთ ფერადი კერამიკისა და შუშის ნივთები შავი დეკორაციებით. შავი ფერი ადვილად ეხამება სხვა ფერებს და თავისთავად დიდ გავლენას ახდენს მათ სტილსა და დახვეწილობაზე.
მქრქალი შავი ფერის დაბალანსება შეგიძლიათ თეთრ ელემენტებთან, მაგალითად, მარმარილოს ფილებთან, თეთრ ქვებთან და მონოქრომული იერის მქონე ჭურჭელთან.
შეიძინეთ მქრქალი შავი ფერის სანათები
შავ ფერს მთლიანობაში მოჰყავს ესთეტიკური განწყობა და სიმყუდროვე, რაც სახლის მეპატრონეების სრული უმრავლესობის მთავარი სურვილია. შეარჩიეთ მქრქალი შავი ფერის ჭაღები და სანათები, რომლებიც არასდროს გადავა მოდიდან.
შექმენით მქრქალი შავი ფერის აქცენტები
ავეჯის, განათებისა და კედლების შავ ფერში გადაწყვეტის შემდეგ, საჭიროა შავი აქცენტების შექმნა, რომლებიც სამზარეულოს ღია ფერის ნაწილებთან კონტრასტს შექმნიან. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი ფერის ქოთნები, ლარნაკები, ქსოვილები და ა.შ.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი