in

“კაბინები ყაზბეგში” — უნიკალური ლანდშაფტით შთაგონებული მყუდრო და კომფორტული სასტუმრო

ყაზბეგში, სოფელ გერგეტის თავზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული პრემიუმ კლასის სასტუმრო -“კაბინები ყაზბეგში“ მდებარეობს. დასასვენებელი კომპლექსი, პირველ რიგში, უნიკალური ექსტერიერითა და საოცარი პანორამული პეიზაჟებით გამოირჩევა, რაც ნებისმიერ სტუმარს ბუნებასთან სიახლოვის, გარე სამყაროსთან  კავშირისა და  მასთან სრული ჰარმონიის  შესაძლებლობას აძლევს.

სასტუმროს “კაბინები ყაზბეგში” საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. 2002 წელს ამ ეზოში პირველი შენობა — ყაზბეგის ქოხი (Kazbegi Hut) აშენდა, რომელიც უამრავ მთამსვლელს მასპინძლობდა და “მთამსვლელების ქოხის” სახელითაც იყო ცნობილი. მოგვიანებით ადგილმა სახე იცვალა და განახლებული კონცეფციით დღეისათვის ნებისმიერ სტუმარს იღებს. ყაზბეგის ქოხის სიდიდის გამო, რომელიც დიდ ჯგუფებზე იყო გათვლილი, საჭირო გახდა ამავე ეზოში პატარა სასტუმროს მშენებლობაც, რომელიც შედარებით პატარა ჯგუფებზე, 1-4 ადამიანზე იქნებოდა მორგებული. სწორედ ასე შეიქმნა “კაბინები ყაზბეგში” 2019 წელს.

სასტუმროს დიზაინი ლანდშაფტის უნიკალურობის ხაზგასმით და ბუნებასთან სიახლოვის განცდითაა შთაგონებული. ინტერიერი ექსტერიერის ერთგვარი გაგრძელებაა და გემოვნებიანი ფერებითა და ფორმებით ერწყმის გარე სამყაროს. პროექტი გამოირჩევა იმითაც, რომ ის ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი მასალებითაა ნაგები. კაბინების უმეტესი ნაწილი 100 წლოვანი მუხისგანაა დამზადებული და ხისა და ქვის ელემენტებითაა მოპირკეთებული.

პრემიუმ კლასის სასტუმრო “კაბინები ყაზბეგში” სტუმარს, პირველ რიგში, სიმყუდროვითა და ოჯახური კერის ატმოსფეროთი ხიბლავს, რაც კომპლექსში შესვლისთანავე იგრძნობა. ეს გარემო კი იმ დეტალებით მიიღწევა, რომლებიც სივრცეს სახასიათო სტილს სძენს და მას ავთენტურობას ანიჭებს. სასტუმრო ბუნების წიაღში დასვენების გარდა, სტუმრებს კომფორტისა და განტვირთვისთვის ყველა  საჭირო პირობას სთავაზობს, რაც ამ ადგილს უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.

თითოეულ კაბინაში 2 საძინებელი, 1 სველი წერტილი, მოსასვენებელ ზონა და სრულად აღჭურვილი სამზარეულო გვხვდება. ტექნიკა და თანამედროვე ინვენტარი კი მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს.

ინტერიერი სადა და მინიმალისტურია. კედლები და იატაკი ხითაა მოპირკეთებული, რაც სივრცეში თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს განაპირობებს. აქცენტი დიზაინობიექტებზე, აქსესუარებსა და ნივთებზე კეთდება — ხალიჩები, სანათები, ნახატები და ხის ავეჯი ადგილობრივ, ტრადიციულ ესთეტიკას უსვამს ხაზს და განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის.

კაბინის ყველა ნაწილში დიდი ფანჯრები გვხვდება, რაც სტუმრებს ულამაზესი პეიზაჟებითა და ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს. სივრცე ისეა დაგეგმარებული, რომ კომპაქტურად იზოლირებული ზონები და საერთო ოთახი მაცხოვრებლებს განმარტოებისა და დროის ერთად გატარების შესაძლებლობას სთავაზობს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სასტუმროში ოთხფეხა მეგობრებთან ერთად დასვენებაც ნებადართულია, რაც კომპლექსის კიდევ ერთი უპირატესობაა.

აღსანიშნავია, რომ “კაბინები ყაზბეგში” შესაძლებელია ამავე კომპლექსში მდებარე რესტორანი „მაისის“ კერძების გაცნობა და დაგემოვნება.

მყუდრო, კომფორტული და ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული “კაბინები ყაზბეგში” განსაკუთრებული ადგილია ჯანსაღად და სრულფასოვნად დასვენებისა და განტვირთვისთვის მსურველთათვის. ამას გარდა, სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს არის იდეალური ლოკაცია მთამსვლელებისთვის მყინვარისკენ მიმავალ გზაზე გასაჩერებლად  და მოთხილამურეთათვის სასრიალოდ.

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

9 ადგილი თბილისში, სადაც პუფს შეიძენთ

რა მთავარი განმასხვავებელი ნიშნები არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური ტყავის ავეჯს შორის?