XVII საუკუნის გლამურული სტილის მოტივებით შექმნილი სახლი, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში მდებარეობს, დიზაინერს ეკუთვნის. მფლობელს სურდა, საცხოვრებელი ძველებურ ფერმის სახლად ექცია. ვიქტორიას სახლის ვინტაჟური ავეჯისა და დეკორაციების ბიზნესი აქვს, რაც მის სახლში იდეალურად აისახება.
სახლის შესასვლელშივე ვხვდებით დიდ ბაღს, რომელიც მწვანე მცენარეებით არის მდიდარი. აქვეა რამდენიმე სკამი, რომელსაც დიზაინერი კარგ ამინდში განტვირთვისთვის იყენებს და ქვის კიბე. სახლის ყველაზე ძველი ნაწილები, საძინებელი და მისაღები ოთახი, XVII საუკუნეშია აშენებული და მასალად მხოლოდ ქვა არის გამოყენებული. სახლი ერთ-ერთმა ფერმერმა ააშენა, დიზაინერმა კი ის 2005 წელს შეიძინა.
შესასვლელში პატარა მაგიდაა განთავსებული და სახლის ეს ნაწილი ნარინჯისფერ და მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი. ნარინჯისფერ ტონებს მუქი მწვანე ლარნაკი აბალანსებს, სადაც თეთრი ყვავილებია განთავსებული.
ამის შემდეგ ვხვდებით არაფორმალურ მისაღებ ოთახში, რომლის განათება და ავეჯი XX საუკუნეშია შექმნილი. ხისფერი მაგიდა და სკამები სტუმრებისთვისაა განკუთვნილი და მას კრემისფერი კარადა, ძველი წიგნები და შედარებით ღია კედლები ეხამება.
რაც შეეხება მთავარ მისაღებს, ვიქტორიამ ამ ოთახის დიზაინი კონტრასტული ფერების დაბალანსებით გადაწყვიტა. ოთახში ვხვდებით მუქი ლურჯი ფერის დივანსა და სკამებს, ყვავილებს, ჟურნალების მაგიდას, რომელსაც კედლის ნახატი ეხამება, ხალიჩას, რომელიც ასევე წინა საუკუნით თარიღდება და ვინტაჟურ ჭაღს, რომელსაც თან ახლავს კედელზე დაკიდებული სანთლები.
დერეფნის ნაწილში სახლი, ერთი შეხედვით, მონოტონურ ფერებშია გადაწყვეტილი. აქ ვხვდებით იისფრის სხვადასხვა ელფერებს, ღია ფერის სკამსა და მუქი ფერის ხალიჩას, რომლებიც ფარდის დიზაინს ეხამება. იისფერს აბალანსებს ხისფერი და ოქროსფერი დეტალები, როგორებიცაა, მაგალითად, ხის კარი და კედელზე განთავსებული ნახატი.
რაც შეეხება სამზარეულოს, სახლის ეს ნაწილი ჭურჭლითა და კერამიკული ნივთებითაა მდიდარი. სამზარეულო ღია და ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი, ჭურჭელი ფერადია და სამზარეულოს თეთრ კარადებს ერთგვარად აცოცხლებს. ჭერი, ისევე როგორც სხვა ოთახებში, აქაც ხისაა და ღია ხისფერ ჭაღს ეხამება. სამზარეულოს ზედაპირი შედარებით თანამედროვე სტილისაა, თუმცა ავეჯი შუა-საუკუნეების ფერმის სტილშია შერჩეული.
სახლს ორი საძინებელი აქვს. პირველი სტუმრებისთვისაა განკუთვნილი და ყავისფერ და ცისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, მათ მუქი ხისფერი კარადა აბალანსებს. განსაკუთრებულად გამოირჩევა ოთახის ჭერიც, რომელზეც შპალერია გაკრული და მიუხედავად იმისა, რომ ხის დეტალებს აქაც ვხვდებით, სხვა ოთახებისგან შედარებით, განსხვავებულ დიზაინთან გვაქვს საქმე.
მთავარი საძინებელი უფრო მდიდრული ელემენტებითაა შექმნილი. ცისფერ საწოლს მუქი ლურჯი ხალიჩა და ამავე ფერის კერამიკული ნივთები ეხამება. ოთახში ვხვდებით ბუხარსაც, აქვეა ვინტაჟური სტილის ჭაღი და მაგიდები, სადაც სანათებია განთავსებული.
აბაზანა პატარა ზომისაა, თუმცა ქვის კედლები და ვინტაჟური სარკე მას განსაკუთრებული სიძველისა და სიმდიდრის ეფექტს ანიჭებს. იატაკი, ისევე როგორც სხვა ოთახებში, აქაც ქვისაა, თუმცა აქ შედარებით მუქი ფერებია გამოყენებული. მთლიანობაში, სახლის ეს ნაწილი წითელი ფერის ტონალობებშია გადაწყვეტილი.
უკანა ეზოს ნაწილში ვხვდებით მაგიდასა და სკამებს, რომლებიც ყავისფერ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. აქვეა საკმაოდ დიდი აუზი, რომელიც უმშვენიერესად გამოიყურება ეზოს მწვანე მცენარეების ფონზე.