in

შეკიდული თუ გასაჭიმი ჭერი – როგორ გავაკეთო არჩევანი?

IPS
IPS

დღეს ბაზარზე ჭერის მასალის და ტიპების მრავალფეროვნება გვაქვს, მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით გასაჭიმი და შეკიდული ჭერები სარგებლობენ.

ორივე მათგანი კონსტრუქციაა, რომელიც ჭერის ბაზის დასაფარად ან დეკორაციული მიზნებისთვის გამოიყენება. ეს ორი ტიპის ჭერი ერთმანეთისგან ბევრი დეტალით განსხვავდება, თუმცა ორივე მათგანი მონტაჟდება ჩარჩოებისა და სპეციალური დამჭერების გამოყენებით.

როგორც გასაჭიმი, ასევე შეკიდული ჭერი საშუალებას გაძლევთ, რომ თავიდან აირიდოთ ჭერის დაზიანებისა და გაფუჭების რისკები. მიუხედავად იმისა, რომ გასაჭიმი ჭერი შედარებით თხელი მასალაა და ის ბევრად უფრო მარტივად ზიანდება, სათანადო მოვლისა და გაფრთხილების შემთხვევაში, ასეთი ჭერის გახევა თითქმის შეუძლებელია.

ამას გარდა, შეკიდული და გასაჭიმი ჭერები გაძლევთ საშუალებას, რომ დამალოთ ელექტრო გაყვანილობა, კონდიცირების არხები, გამწოვები და ა.შ. ისინი იდეალურია განათების ორგანიზებისთვისაც, რადგან გაყვანილობა მარტივად იმალება კონსტრუქციის მიღმა.

თუმცა, არსებობს რამდენიმე ძირითადი განსხვავება, რომელთა ცოდნაც მათ შორის არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ.

მონტაჟის სპეციფიკა

შეკიდული ჭერის მონტაჟი საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც დიდ დროს და განსაკუთრებულ ყურადღებას მითხოვს. ოთახის ზომისა და ჭერის ზედაპირის მიხედვით, ასეთი ჭერის გაკეთებას შეიძლება 2 დღიდან რამდენიმე კვირამდე დასჭირდეს. ამ პროცესს კი თან ახლავს მტვერი და არეულობა.

გასაჭიმი ჭერის უპირატესობა კი ის არის, რომ მისი დამონტაჟება საკმაოდ მარტივად ხდება და ერთ დღეშიც შესაძლებელია. გამონაკლისია მხოლოდ რთული, მრავალდონიანი ჭერის სისტემები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სახის განათებებსა და ოთახის კონსტრუქციებს. საბოლოო ჯამში, ასეთი ჭერის გაკეთებას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. თუმცა გასაჭიმი ჭერის შემთხვევაში, თავიდან აირიდებთ ქაოსსა და სარემონტო მასალების ნარჩენებს, რადგან ჭერს მხოლოდ მაღალი ტემპერატურა და სპეციალური მოწყობილება სჭირდება, რომლის გამოყენებაც იოლია და დამატებით მასალას არ საჭიროებს.

ოთახის სიმაღლე

გასაჭიმი ჭერი რეალურად ამცირებს ოთახის სიმაღლეს 3-5 სანტიმეტრით, რადგან ეს აუცილებელია ჩარჩოს ან დამჭერების დასამაგრებლად. თუმცა, ის ოთახს უფრო მაღალს და დახვეწილს აჩენს.

შეკიდული ჭერის შემთხვევაში, ჭერის სიმაღლეს დაახლოებით ოთახის 10-15 სანტიმეტრი აკლდება, რაც თითქოს არც ისე ბევრია, თუმცა თუ სივრცეს ისედაც დაბალი ჭერი აქვს, უმჯობესია, გასაჭიმი ჭერის გამოყენება.

მოვლა და დაზიანების რისკები

გასაჭიმი ჭერი ტენიანობის მიმართ მდგრადობით გამოირჩევა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ჭერის პერიოდულად გაწმენდა ნესტიანი ქსოვილის გამოყენებით, მტვრისა და სხვა ნარჩენების მოსაშორებლად. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ბასრი საგანის გამოყენების შემთხვევაში, ჭერი მარტივად გაიხევა.

შეკიდული ჭერის გაწმენდა შესაძლებელია მშრალი ქსოვილებით, რადგან ის ნესტისა და ტენიანობის მიმართ ნაკლებად მდგრადია. თუმცა, შეკიდული ჭერი ბევრად უფრო მყარი მასალაა და მისი დაზიანება საგრძნობლად უფრო რთულია, ვიდრე გასაჭიმის.

ღირებულება

გასაჭიმი ჭერის ფასი დამოკიდებულია მასალის, ტექსტურისა და კუთხეების რაოდენობაზე, თუმცა, საშუალოდ, 1 კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 30 ლარია, რაშიც ხელობასთან ერთად, მასალის ღირებულებაც შედის.

შეკიდული ჭერის ღირებულება მასალასა და ჭერის ზომაზეა დამოკიდებული. მას სჭირდება როგორც ძირითადი მასალა, ასევე წებო და მსგავსი სარემონტო მასალები. 1 კვადრატული მეტრის ფასი, დაახლოებით, 10 ლარიდან იწყება და თუ ცალკეული მასალის ფასებსაც დავუმატებთ, კვადრატული მეტრი დაახლოებით 15-20 ლარი გამოდის. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ კომპანიების ფასები ხელოსნების ფასებისგან განსხვავებულია და შესაძლოა, საბოლოო ფასი გასაჭიმი ჭერის ღირებულებაზე ძვირიც კი აღმოჩნდეს, ამიტომ ხშირად მომხმარებლები კერძო მაღაზიებისა და კომპანიების ნაცვლად ხელოსნებს ანიჭებენ უპირატესობას.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასაჭიმი ჭერი ბევრად უფრო კომფორტულია (მისი მონტაჟი ხდება მარტივად და სწრაფად), შეკიდული ჭერი საკმაოდ მყარი და გამძლე მასალისგან მზადდება, რაც მას უფრო საიმედოს ხდის. მეორე მხრივ, გასაჭიმ ჭერთან შედარებით, შეკიდული ჭერის მონტაჟი უფრო იაფი დაგიჯდებათ, რადგან საჭირო მასალა არ არის ისეთი ძვირი, როგორიც გასაჭიმის და ხელობის თანხაც შედარებით ნაკლებია. შესაბამისად, ჭერის შერჩევამდე კარგად უნდა განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები და ფინანსური შესაძლებლობები, რის შემდეგაც მარტივად შეძლებთ საბოლოო არჩევანის გაკეთებას.

როგორ გავწმინდოთ თეთრი ფერის ხალიჩა ხალხური მეთოდების გამოყენებით?

არქიტექტურა პორტუგალიური ხასიათით – FCC Arquitectura-ს პროექტი