ფინეთში , PAVE Architects-ის მიერ შექმნილი ვილა რისირანტა II არაა ორიგინალი პროექტი, ის კერძო საკუთრებაში მყოფი სხვა ვილის პროექტის უფრო დახვეწილი და განვითარებული ვარიანტია, რომელიც თავისი წინამორბედის მსგავსად, იდეალურ ბალანსს იჭერს მყიფე ფიჭვის ტყესა და სანაპიროს ლანდშაფტს შორის, ვინაიდან ამ ორს შორისაა მოქცეული. ვილის დიზაინის ჩანაფიქრი სწორედ კუნძულოვან ბუნებასთან შერწყმა იყო, თან ისე, რომ მისი მშენებლობისას მცენარეული საფარი არ დაზიანებულიყო – არ უნდა მოჭრილიყო არც ერთი ხე, არ უნდა განადგურებულიყო მიკრო ბიოსამყაროები. სწორედ ეს წარმოადგენდა პროექტის აღსრულების მთავარ სირთულესა და გამოწვევას, თუმცა არქიტექტორებმა ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს.
შენობის ფასადი აშენებულია სპეციალურად დამუშავებული ლარიქსისგან, რბილწიწვიანი ხისგან, რომელიც ინტერიერის ბევრ დეტალშიცაა გამოყენებული. დამუშავებულ ლარიქსს ლამაზი, ნაცრისფერი ტონი დაჰკრავს, რისი წყალობითაც შენობის ექსტერიერი იდეალურად ერწყმის იმ გარემოს, რომელშიც ის მდებარეობს. ამ ჰარმონიული პეიზაჟის შექმნაში ასევე დიდ როლს თამაშობს სახლის მასების განლაგება, მასშტაბი, ფორმა და მასალის არჩევანი გამჭვირვალე დიზაინით. ფართო ტერასისა და დიდი მინის კარ-ფანჯრის გამო ბუნებით ტკბობა ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. ვილის აგებისას არქიტექტორებმა გაითვალისწინეს ნაკვეთის უნიკალური რელიეფი, რომელზე მუშაობაც მოუწევდათ და მასთან „თანამშრომლობით“ შეძლეს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სახლის დაპროექტება, რომელიც ბუნებას არც აზიანებს და არც ჩრდილს აყენებს, არამედ პირიქით, თვითონ ექცევა მის ჩრდილში ისე, თითქმის კამუფლაჟს ატარებს.
ინტერიერის სივრცე სამ სართულზეა გადანაწილებული. პირველ სართულზე ერთმანეთისგან განცალკევებული, მშვიდი, წყნარი საძინებელი ოთახებია განთავსებული. აქედან გასვლისას მთავარი შემოსავლელის გავლით აღმოვჩნდებით მეორე სართულზე არსებულ მოსასვენებელ სივრცეში, საიდანაც სანაპიროსა და ოკეანის ულამაზესი ხედი იშლება და, ყველაფერთან ერთად, ხელუხლებელი ბუნებით ტკბობაც შეიძლება, რომლის ასეთი მდგომარეობის შენარჩუნებაში დამკვეთებმა და არქიტექტორებმა უდიდესი როლი ითამაშეს.