დღევანდელი სტატია იმით არის გამორჩეული, რომ ის არქიტექტურას ხელოვნების კუთხით უფრო ღრმად დაგვანახებს და მის პოეტიკაზე დაგვაფიქრებს. დავით ბოსტანაშვილი, დიდი ქართველი არქიტექტორისა და პედაგოგის, შოთა ბოსტანაშვილის შვილი, მამის გზას განაგრძობს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. დიალოგის პროცესში, რომელიც ერთგვარი „თამაშიცაა“, სტუდენტები არქიტექტურას განსხვავებული ხედვითა და რაკურსით ეცნობიან და გარდა პროფესიული მიდგომებისა, ხელოვნების სხვა მომიჯნავე დარგებს — ლიტერატურას, პოეზიას, თეატრს, მხატვრობას, ფილოსოფიასა თუ მითოლოგიას განიხილავენ. ჩვენი ინტერვიუს მთავარი გმირი, გულწრფელად გვიზიარებს საკუთარ ნააზრევს, შეხედულებებსა თუ ფიქრებს ცხოვრებაზე, შემოქმედებასა და პროფესიაზე. ამავდროულად, ეს სტატია მოგვითხრობს ამბავს ადამიანებზე, რომლებიც არქიტექტურის სიყვარულით ცხოვრობდნენ და კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას… გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს დავით ბოსტანაშვილთან…
ბატონო დავით, რომელ მნიშვნელოვან ეპიზოდებს გაიხსენებდით თქვენი ბავშვობიდან? მოგვიყევით როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება არქიტექტურას?
მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორთა ოჯახში გავიზარდე, ეს მოცემულობა ვერ იქნება ამ პროფესიაზე ოცნების განმსაზღვრელი, მითუმეტეს, მაშინ, როცა ისეთ პერიოდში გიწევს ცხოვრება, სადაც გარშემო მხოლოდ ნგრევაა.
ჩემს ბავშვობას თუ გავიხსენებ, ასეთი სურათი მეხატება: 90-იანების უიმედო და უფერული სამყარო და ნგრევის ამ კონტექსტთან სრულიად შეუსაბამო გარემო სახლში, სადაც ვხედავდი მამას, შოთა ბოსტანაშვილს, რომელიც არქიტექტურით სუნთქავდა. მან შემიქმნა მენტალური სივრცე — ვირტუალური სკოლა, სადაც მუდმივად ისმოდა დიდი მწერლების, ფილოსოფოსების, ხელოვანების სახელები, მათი იდეები, შემოქმედება. ჩვენს სახლში მუდმივად მოისმენდით საუბრებს მეგობარ ხელოვანებთან, მწერლებთან. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მცირე კულტურულ „სამოთხეში“ გავიზარდე.
კულტურის ამ ვირტუალურ სივრცესაც სჭირდება ფიზიკურ ადგილებთან ასოცირება, კავშირი. ამ მხრივ, გამორჩეული ადგილი იყო ჩვენი სახლი, უზარმაზარი სახაზავი დაფით, მომაჯადოებელი ნახაზებით, ნახატებითა და წიგნებით დატვირთული. ქაღალდის მაკეტები და სახაზავი ინსტრუმენტები, რომლებმაც ათწლეულების მანძილზე მშობლების ხელში გაიარა, დიდ ინტერესს აღძრავდა ჩემში.
მეორე ასეთი ადგილი — ტექნიკური უნივერსიტეტის საპროექტო ბიურო იყო, მამას სამუშაო სივრცე. სტუდენტობიდან 1990-იან წლებამდე სწორედ აქ მუშაობდა მისთვის ყველაზე ძვირფას მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად. მეც ხშირად მიწევდა იქ სიარული. ამ საქმიან და მეგობრულ არქიტექტურულ გარემოში პირველად ვეზიარე „არქიტექტურული ოფისის“ იდეას.
ჩემთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე ამავე შენობის ზედა სართულზე მდებარეობდა, სადაც მამა სტუდენტებს ასწავლიდა. ჩემზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებდა მისი დიალოგი სტუდენტებთან – ყოველ ლექციაზე ახალი იდეები იბადებოდა. მახსოვს მისი მოსწავლეების დაინტერესებული, მოლოდინით აღსავსე თვალები. ნათლად ჩანდა, როგორ იზრდებოდა მათ გონებაში არქიტექტურისადმი აღტაცება და იმ გაყინულ პერიოდში აღმოცენებული დიდი იმედები.
ჩემს ბავშვობასთან, მამასთან და არქიტექტურისადმი ურთიერთობასთან განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა კიდევ ორი ადგილი. შემთხვევითობის წყალობით, 90-იანი წლების ბოლოს, მამას შესაძლებლობა მიეცა სამშენებლო მოედანს დაჰბრუნებოდა. ერთ-ერთი მათგანი სოლოლაკში, მთაწმინდის ფერდის ქვეშ მდებარეობდა. ალბათ ბევრს ახსოვს სამი თეთრი ყვავილივით აღმოცენებული კოშკი. ეს პოეზიის სასახლე იყო. დიდი ოცნება — სივრცე კულტურისთვის, სადაც თავად შენობაც კულტურული მნიშვნელობით იქნებოდა მოქსოვილი. თითქმის ყველა დეტალი ქართულ კულტურასთან ასოცირდებოდა — ქართული შრიფტის მოყვანილობიდან დაწყებული, ვეფხისტყაოსნით დასრულებული. სკოლის დამამთავრებელ კლასებში, მახსოვს, მამა ყოველ დღე დილიდან გვიანობამდე მუშაობდა, არა ქაღალდზე პროექტის შესაქმნელად, არამედ საკუთარი ხელით, თეთრი „არტისტული ყვავილების“ გამოსაქანდაკებლად, როგორც თავად უწოდებდა, “გალაკტიონის პატივსაცემად.” რაღაც პერიოდი მეც ყოველ დღე დავდიოდი მშენებლობაზე კამერით ხელში. მე საოპერატორო საქმე მებარა, მამას — არქიტექტურული, ხელოსნებს კი თავიანთი. თითქოს, ყველა ერთად ვაშენებდით. იდეა, რომ პოეზიის სასახლის შენობა კულტურის ცენტრი ყოფილიყო, თავად არქიტექტორს ეკუთვნოდა. მამამ დამკვეთის თავდაპირველი სურვილი შეცვალა. დამკვეთიც „არქიტექტურის სტუდენტად“ აქცია. მასაც მსგავსი კულტურული ოცნებები გაუჩნდა, რასაც შოთა ბოსტანაშვილი სტუდენტებს უნაწილებდა. სამწუხაროდ, ეს ოცნება ვერ განხორციელდა… სამი დასრულებული კოშკის უკან “შავ კარკასად” დატოვებული სამშენებლო მოედანი 10 წელიწადი უშედეგოდ ელოდა დასრულებას…
ყოველთვის, როდესაც სოლოლაკისკენ მოვხვდებოდი, გული მიჩქარდებოდა – ვიცოდი, რომ უცებ ჩემ წინ სამი თეთრი კოშკი აღიმართებოდა. ვფიქრობდი, ნეტა რამდენი ადამიანი ხედავს მათ ყოველდღე? და არა მარტო ამ კოშკს, ისინი მისი შემქმნელის სულსა და გონებასაც უყურებდნენ, ასე გაშიშვლებული, რომ აღმოცენებულა ქალაქში. რაღაც მხრივ, თითქოს მეც მაკვირდებოდნენ. ეს გარკვეულ დისკომფორტსაც მიქმნიდა, იმდენად ემოციური იყო ეს ადგილი ჩემთვის.
2013 წელს მერიის არქიტექტურის სამსახურიდან შევიტყვე, რომ ახალ მფლობელს შენობის დანგრევა და მიწის საინვესტიციოდ გამოყენება — კორპუსის აშენება სურდა. როდესაც მეორე დღეს მივედით, ერთი ნაწილი უკვე მონგრეული იყო. პროტესტსა და ხმაურზე არ გვიფიქრია. სტუდენტების მცირე ჯგუფი თავად მოვიდა და სოლიდარობა გამოგვიცხადა. მამა ნგრევას ვერ უყურებდა. მე კვლავ ოპერატორის როლი მერგო. არქიტექტურა კინოდ უნდა მექცია (სრულიად დილეტანტური უნარების გამოყენებით). ნგრევა უნდა გამხდარიყო ამ შენობის კონცეფციის ორგანული ნაწილი. ნგრევა და ნგრევის ფონზე წაკითხული პოეზია. მე ვერაფრით მივიდოდი იქ, რომ არა ჩვენი ნიჭიერი სტუდენტის, ამჟამად მეგობრის, შოთა ჯოჯუას დახმარება. ჩვენ ორნი რამდენიმე კვირა, ყოველ დღე ვდარაჯობდით და ვიღებდით. თითქოს მონადირეებივით ჩასაფრებულები ველოდებოდით ყველაზე საინტერესო ნგრევის მომენტს. ამ სანახაობის შემხედვარე, აზარტშიც კი შევედით. ტყვიისგან მოცელილი ადამიანივით, რომ წაიქცა ერთ-ერთი კოშკი, გაისმა მნგრეველების ყიჟინა — „ეგეც თქვენი ყვავილები!“ არ მიიღო ქალაქმა შოთას ოცნება..
მეორე სამშენებლო მოედანი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ თუ პროფესიულ ჩამოყალიბებაში, ქობულეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი იყო, რომელსაც უფრო მეტად პოეტური მიკრო-კოსმოსი ეთქმოდა, ვიდრე „საცხოვრებელი მანქანა“. მითური და სიმბოლური ელემენტებით შეთხზული თავბრუდამხვევი სივრცე… როგორი შეიძლება იყოს სახლი, სადაც „სულს მეტი სივრცე სჭირდება, ვიდრე სხეულს“ — ეს იყო ჩემი პირველი, განუმეორებელი შთაბეჭდილება. სწორედ ამ ნაგებობამ გამიჩინა არქიტექტურის გააზრების პირველი მარცვალიც.
გარდა საოცარი სივრცითი ლაბირინთისა, ეს სახლი იმითაც გამოირჩეოდა, რომ ბუნებრივი ქვით იყო მოპირკეთებული. ქვის ყოველ დეტალს და ორნამენტს ათობით ესკიზი უძღოდა წინ, სამშენებლო მოედანზე ქვის ოსტატთან საუბარი, ფანქრით მიხატული განმარტებითი ნახაზები პირდაპირ კედლებზე… ეს ყველაფერი ძველი, დაკარგული, ხუროთმოძღვართა სამყაროდან იყო — როდესაც ორი დიდი ოსტატი, დამპროექტებელი და ხურო ერთმანეთს ხვდება, ხელოსანმა კი იცის, რომ რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს.
ათი, თორმეტი წლის შემდგომ ვიდექი სხვისი სახლის წინ ქობულეთის ქუჩაზე, სადაც თითქოს მთელი ცხოვრება „ვიცხოვრე“ (მიუხედავად იმისა, რომ სახლი არ იყო დასრულებული და ამხელა სივრცეს ერთი დაცვის თანამშრომელი „ფლობდა“. ცოტა მშურდა კიდეც მისი, რადგან შეეძლო თავისუფლად ებორიალა ამ მშვენიერ ადგილას). ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ანგრევდა მას მონოტონური კაკუნით „კოდალა“ (მანქანა). მაშინ მუშას ვთხოვე, სამახსოვროდ ერთ ქვა მოეცა, მგონი 20 ლარი მივეცი, რომ კრონშტეინის ქვა ჩამოეტანა. გაკვირვებული იყო, ვერ გაეგო რად მინდოდა. ახლაც შენახული მაქვს ეს მძიმე ქვა… ამგვარად დაუკავშირდა ჩემი ცხოვრება არქიტექტურას…
გვიამბეთ შემეცნების პროცესსა და თქვენს პროფესიულ განათლებაზე
ფორმალური განათლების მიღება სახლიდან დაიწყო. სკოლის ასაკიდანვე მამასთან საათობით მქონდა არქიტექტურული საუბრები. ვუსმენდი კულტუროლოგიურ კომენტარს არქიტექტურის მნიშვნელობაზე, ვასრულებდი დავალება-თამაშებს. ქაღალდის აპლიკაციით კომპოზიციების შექმნამ საშუალება მომცა, ჩემი შემოქმედებითი მხარე მეპოვა. ახლაც მგონია, რომ მხატვრული აღზრდის ეს ხერხი საუკეთესოა, მისი საფუძველი ხომ მალევიჩის, კანდინსკის, ელ ლისიცკის აზროვნებაშია.
2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და სწავლების სამივე საფეხური აქ გავიარე. ამ პერიოდშიც, მამის სახით, პირადი მენტორი მყავდა. მადლიერებით მინდა გავიხსენო ჩემი პროფესორები, რომლებმაც ცნობიერების ჰორიზონტი გამიფართოვეს: ვახტანგ დავითაია, ნიკა შავიშვილი, მედეა მელქაძე, პავლე ძინძიბაძე, თინა ჩიჩუა, ნესტან რაზმაძე. ასევე, ჩვენ თაობას გაუმართლა და პროფესორ ირაკლი ციციშვილის მოღვაწეობის ბოლო წელს, პროფესიაში შესავლის ლექციების მოსმენის შესაძლებლობა მოგვეცა.
ხედვის გაფართოებაში, საკუთარი უნარების შეფასებასა და თავდაჯერების გამომუშავებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საზღვარგარეთ გატარებულ რამდენიმე თვესაც. ამიტომ დაბეჯითებით ვურჩევ ყველა სტუდენტს, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა გაცვლით პროგრამებსა და ვორკშოპებში. ამ გამოცდილების გარეშე, სამწუხაროდ, არის რისკი, რომ პროფესია მხოლოდ სამსახურად იქცეს და ვერ დაინახო ის უნიკალური შესაძლებლობები, რასაც არქიტექტურა გთავაზობს.
რა არის თქვენთვის არქიტექტურა? როგორ შეაფასებდით ამ პროფესიას?
ერთი მხრივ, მთელი ჩემი ცხოვრება ამ სიტყვით განისაზღვრება, მეორე მხრივ კი პარადოქსულად, არანაირად ვმონაწილეობ არქიტექტურის საბოლოო მიზნის — მშენებლობის პროცესში. ამან ჩამოაყალიბა სპეციფიკური ხედვა, რომ არქიტექტურა სიტყვებითა და ნახაზებით იდეების შენებაა.
თუ სამშენებლო სფეროსთან ზღვარს გავავლებთ, არქიტექტურა შენობების იდეოლოგიური საფუძველია — ის აწარმოებს კრიტიკულ დისკურსს ისტორიასთან, აწმყოსთან, მომავალთან. ამ დისკურსიდან ქმნის კონცეპტებს და თარგმნის მათ მშენებლობის ენაზე. არქიტექტურა კულტურული და მეტაკულტურული აქტივობაა. მან უნდა შეძლოს თავად შესთავაზოს პრობლემა თუ ხედვა საზოგადოებას (როგორც ამას მოდერნიზმის პიონერები აკეთებდნენ). თუმცა დღეს ნამდვილად აღარ არის „მეტა ნარატივების“ დრო. ერთგვარი უნდობლობაც კია კორბუზიეს ტიპის მასშტაბური ტრანსფორმაციული იდეების მიმართ. დღევანდელი პრაქტიკა მეტადაა მიმართული ლოკალურ მასშტაბში დიზაინ პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტებზე. კლიმატის ცვლილება კი ის მთავარი მამოძრავებელი ელემენტია, რომელიც ლოკალურ საკითხებს გლობალურ პრობლემებთან აკავშირებს. განახლებადი ენერგიები და ენერგო ეფექტური ტექნოლოგიები, არქიტექტურას აძლევს საშუალებას, რომ დიდი მისიის სამსახურში იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, ის დეპოლიტიზირებულია — ვერ გვთავაზობს სოციალურ და სხვა უთანასწორობებზე პასუხს. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე საპირისპირო მაგალითიც.
ფორმის თვალსაზრისით, „დიადი ხედვების“ დრო თითქმის დასრულდა, განსაკუთრებით დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. პლანეტის სხვა წერტილებში ვხედავთ საინტერესო მოვლენას, სადაც არქიტექტურული უტოპიები ეკონომიკურ ინვესტიციებად თუ აფერად წარმოდგება, ეს კარგად ჩანს ნავთობის სამეფოებში. მაგალითად, პროექტი „ნეომი“ – 170 კილომეტრის, ორი შუშის კედელს შორის მოქცეული, ხაზოვანი ქალაქი-მეგასტრუქტურა – ამის საოცარი მაგალითია. ირაციონალურობისა და ეკონომიკური მაქინაციების საოცარი ნაზავი… შეშლილობაც (Folie) არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია, შეიძლება ითქვას, მისი მთავარი ძალაცაა, თუ პირამიდებს გავიხსენებთ…
გვიამბეთ სტუდენტებთან თქვენი ურთიერთობის შესახებ. როგორ ფიქრობთ, რა არის დღესდღეობით მათი მთავარი პრობლემა?
არქიტექტურას სტუდენტებთან ერთად ვქმნი, მათთან დიალოგში, რომელიც სწავლების ერთადერთი ფორმაა. საწყის ეტაპზე მეც და სტუდენტებიც ვცდილობთ, განვთავისუფლდეთ იმ „ცოდნისგან“, რომელიც სტერეოტიპებს განაპირობებს. ერთად ვიწყებთ ნულიდან შეკითხვების დასმას და არქიტექტურის აღმოჩენას. შემიძლია ვთქვა, რომ მადლიერი ვარ ყველა იმ სტუდენტის, ვინც დიალოგში შემოდის და „მეთამაშება“.
„შეიძლება ასწავლო ის, თუ როგორ ისწავლოს“ – ეს სტუდიისა და საგნის, „არქიტექტურის პოეტიკის“ მანიფესტის პირველი წინადადებაა. „არქიტექტურის პოეტიკა“ 1990 წელს დააარსა შოთა ბოსტანაშვილმა, როგორც არქიტექტურის სწავლების ალტერნატივა. ეს არის საავტორო საგანი, რომელიც სასწავლო პროცესში შოთა ბოსტანაშვილის კულტურული და პროფესიული გამოცდილების კრისტალიზაციაა. სტუდიამ მუშაობა, როგორც თავისუფალ მსმენელთა აუდიტორიამ, სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პოლიტექნიკური ინსტიტუტი უნივერსიტეტად გარდაისახა და ქალაქის ქუჩებში ომი და ქაოსი ტრიალებდა. ამ დროს სტუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში სტუდენტების მცირე ჯგუფთან ჟღერდებოდა კულტურის დიდი იდეები და იბადებოდა, იქმნებოდა ახალი ნამუშევრები სურათ-კოლაჟების სახით.
დღეს მე ვაგრძელებ ამ საგნის სწავლებას. სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის უდიდესი მხარდაჭერით, ჩვენს სტუდიას აქვს სივრცე. საგანი კი ფაკულტეტის პროგრამის განუყოფელი ნაწილია.
„არქიტექტურის პოეტიკა“ მოიცავს სალექციო კურსს, რომლის ფარგლებშიც არქიტექტურა განხილულია კულტუროლოგიურ პრობლემათა ველში. არქიტექტურის პოეტიკა ეძებს საინტერესო თანაკვეთას არქიტექტურისა და კულტურის სხვა ფენომენებს შორის: თეატრი, მხატვრობა, პოეზია, ლიტერატურა, ენის ფილოსოფია, მითოლოგია… სალექციო კურსის ფარგლებში დაისმის შეკითხვები: რა მნიშვნელობებს წარმოშობს არქიტექტურა კულტურის კონტექსტში და რას ნიშნავს ინდივიდისთვის არქიტექტურა, როგორც საკუთარი თავის შემოქმედებითი გამოხატვა. ეს არის ისეთი სივრცე, სადაც სტუდენტი თამაშის ენით შედის დიალოგში კულტურასთან და ასე ქმნის საკუთარ, ახალი თამაშის ფორმას.სხვა საგნებსაც – „არქიტექტურულ პროექტირებასაც“ – იმავე პრინციპით ვკითხულობ.
სამწუხაროდ, ის იდეალური გარემო, რის შექმნასაც ცდილობდა სტუდია „არქიტექტურის პოეტიკა“ (და ზოგადად, აკადემიური სივრცე ყველგან), უხეშ რეალობას ეჯახება. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც სტუდენტებს აქვთ. სტუდენტების უმეტესობა უკვე სწავლის პროცესში იწყებს მუშაობას. ვფიქრობ, ეს უფრო ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზაა, ვიდრე ცოდნის მიღების ალტერნატიული საშუალება. ჩვენს აკადემიურ სივრცეს სრულიად განსხვავებული მიზნები აქვს. ჩვენ სტუდენტის განვითარება, მისგან სარგებლის მიღება გვსურს. სტუდენტობა ხომ მოცალეობის დრო უნდა იყოს, ბერძნული ტერმინიც, რომ გავიხსენოთ — „სქოლე“ (მოცალეობა“), როდესაც ადამიანი უმთავრესი დანიშნულებით, შემეცნებით უნდა დაკავდეს. მგონია, სწორედ ამას არიან სტუდენტები მოკლებულნი, რადგან ადრეულ ასაკში ბევრ პრობლემას აწყდებიან.
ზოგადად, მიმაჩნია, რომ არის პროფესიები, სადაც სწავლა უბრალოდ ვალდებულებაა. თავიდან, თუ რაღაც ინტერესის გამო აირჩიე პროფესია, კეთილი უნდა ინებო და სხვა მოსაწყენი საგნებიც აითვისო. არქიტექტურაში ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა. აქ თავიდანვე „ფსონი“ იმაზეა, რომ ყოველი საათი და წუთი საინტერესო იყოს სტუდენტისთვის. მთელი ამ პროფესიის არსი ისაა, რომ იგი თავად უნდა იყოს სიხარულის წყარო. ასეთი ატმოსფეროს შექმნა კი ძალიან რთულია. არქიტექტურის სტუდენტს ვერ ეტყვი: „არ აქვს მნიშვნელობა თუ საგანი არ გაინტერესებს – ეს უბრალოდ ვალდებულებაა“. არქიტექტურა არაა ვალდებულება. საყურადღებო პრობლემაა ისიც, რომ ბევრი სტუდენტი, შესაძლოა, დაბნეული იყოს, რადგან აკადემიური თემები და დავალებები შეიძლება რეალობასთან აცდენილად ეჩვენებოდეს. ვფიქრობ, სტუდენტი უნდა გათავისუფლდეს იმ აზრისგან, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.
როგორ შეაფასებდით დღევანდელ განათლების სისტემას და როგორია თქვენი როლი ამ მიმართულებით?
არქიტექტურის სწავლება ბევრად მეტ რესურსს მოითხოვს, ვიდრე ბევრი სხვა პროფესია. რთულია ამ საკითხზე მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა, რესურსი (ფინანსური და ინფრასტრუქტურული) მცირეა. პირადად ჩემთვის, მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ჩემი ლექციებიდან სტუდენტებს გაჰყვებათ ცნობისმოყვარეობა, მუდმივი სწავლის სურვილი და მოთამაშე გონება.
როგორ დაახასიათებდით ქართულ არქიტექტურასა და დიზაინ სივრცეს, რა გამოწვევების წინაშე დგას ის?
ზემოთ შევეხე „მეტა ნარატივის“ პრობლემას – მისი არარსებობა შეგვიძლია ქართულ რეალობაშიც გადმოვიტანოთ. ცხადია, 10-15 წელია, აშკარად გამოიკვეთა ახალგაზრდა თაობა, რომელმაც ქართული არქიტექტურის განვითარება გადაიბარა და ის თანხვედრაშია თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურასთან. მიხარია, რომ ვხედავ ჩემი კოლეგებისა და მეგობრების მიღწევებს: ოფისის ორგანიზების კულტურიდან დაწყებული, არქიტექტურული იდეებით დამთავრებული. ნამდვილად გაზრდილია დამკვეთის მხრიდან მოთხოვნა გამორჩეულ არქიტექტურაზეც.
თუმცა, მთავარი პრობლემა უფრო დიდია. ეს წარმატებები ინდივიდუალური შემთხვევები, პატარა ამბებია, რომლებიც დამკვეთების და არქიტექტორების ვიწრო წრეში სრულდება. არქიტექტურული კულტურა არა უბრალოდ ინდივიდუალურ მაგალითებს ქმნის, ის მთლიანად საზოგადოების ცხოვრებაზე აისახება და განსაზღვრავს კიდეც მას. ამ მხრივ საქართველოში არქიტექტურული კულტურა სერიოზულად ასამაღლებელია. ხშირად არქიტექტორი “საბუთების შემავსებელია”, ბიუროკრატიული ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც ნებართვის ასაღებად გჭირდება. უამრავ გაწბილებულ ახალგაზრდა არქიტექტორს შეხვდებით, რომელთა ცხოვრება, სამუშაო საათებში, უფროსისა და დამკვეთის მექანიკურ მორჩილებაში მიედინება.
დღეს შენობა შენდება არა ადამიანისთვის, არამედ ინვესტიციისთვის. ჩვენ გვაქვს ასეთი ანტი-ქალაქი, რომელიც ზღვის პირას, უძრავი ქონების დიდ საწყობადაა ქცეული. ქალაქი, რომელიც არ გაძლევს ბინას, სახლს, მომავალს, არამედ დროებითი ფართია მცირეხნიანი გართობისთვის.
ქართული არქიტექტურიდან რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
ძალიან ბევრი კარგი არქიტექტურის მქონე საზოგადოებრივი შენობა აშენდა ბოლო ათწლეულში. რადგან ჩემი ბიოგრაფია დანგრეულ შენობებს და დავიწყებულ ამბებს უკავშირდება, მირჩევნია გამქრალი შენობები გავიხსენო. მაგალითად, ცენტრალური უნივერმაღი რუსთაველის პროსპექტის დასაწყისში, ან ნოდარ ქვათელაძის სტომატოლოგიური კლინიკა ლესელიძის ქუჩაზე. გივი მელქაძის ცეკავშირის შენობაც, რომელიც ახალი ნაგებობისგან განსხვავებით, ქალაქგეგმარებითი ეთიკის ნიმუში იყო.
შენობა, რომელიც მეტ აღიარებასა და დაფასებას იმსახურებს, ალბათ, ფუნიკულიორის რესტორანია. არ დაუნგრევიათ, მაგრამ ნაკლებად ცნობილია ვაჟა გელაშვილის დაპროექტებული — ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი. ამას გარდა, უამრავი პროექტია, რომლებზე ოცნებაც ქაღალდზე დარჩა, მათ შორის, შოთა ბოსტანაშვილის განუხორციელებელი ნამუშევრებიც, რომელსაც მიკერძოებული ვიქნები თუ ვახსენებ.
ასევე, მსურს, გავიხსენო ჩემი კოლეგის მიერ დატოვებული არქიტექტურული საგანძური — სტუდენტებთან მუშაობის შედეგად შექმნილი ნოდარ ბუზალაძის პროექტები…
დაბოლოს, რას ეტყოდით ახალგაზრდა არქიტექტორებს პროფესიის მნიშვნელობაზე?
ზემოთ იმდენი ვისაუბრე, თუნდაც პირად გამოცდილებაზე, რომ არ ვიცი რა დასკვნას გამოიტანენ არქიტექტურის სწავლით დაინტერესებული სტუდენტი. ალბათ, ერთის თქმა შეიძლება: არქიტექტურა ეს არის კარიბჭე, რომელიც არა მხოლოდ შენობების პროექტირებისკენ, არამედ მთლიანად დიზაინის სამყაროსკენ და ისეთი სფეროებისკენ გვიხსნის გზას, სადაც არაორდინარული გადაწყვეტილებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს სულაც არ არის დაკავშირებული სამშენებლო საქმესთან. ვფიქრობ, გონიერი სტუდენტი ყოველთვის იპოვის გზას, რომ არქიტექტურული განათლება საკუთარი „ცხოვრების დაპროექტებაში“ გამოიყენოს.