in

6 რჩევა საცხოვრებელი სახლის ინტერიერის მოწყობასთან დაკავშირებით — Art Line Group-ის გზამკვლევი

დღევანდელ სტატიაში სტუდია „Art Line Group“-ი კერძო სახლის ინტერიერის მოწყობასთან დაკავშირებით გვესაუბრება და საკმაოდ პრაქტიკულ, ინფორმაციულ რჩევებს გვიზიარებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ახალაშენებული სახლის მოწყობასა ან უკვე არსებული ინტერიერის განახლებაში.

„თანამედროვე ცხოვრების ტემპის გამო, ბევრი ადამიანი ეძებს ქალაქის აურზაურისგან დასვენების შესაძლებლობას. ერთია, უბრალოდ ტყეში, ბუნებაში დასვენება და მეორე, საკუთარი აგარაკის ქონა, სადაც კომფორტულ გარემოში შეძლებ განტვირთვას, რომელშიც თითოეული დეტალი და სივრცის განლაგება საკუთარ თავს უკეთ შეგაგრძნობინებს“, — აღნიშნავს „Art Line Group“-ის გუნდი.

ტექნიკური აღჭურვილობა

დიზაინ პროექტის შემუშავებისას აუცილებელია არაერთი პუნქტის გათვალისწინება, მათ შორის ერთ-ერთი ტექნიკური აღჭურვილობაა.

„იმისათვის, რომ სახლში ცხოვრება კომფორტული იყოს, აუცილებელია ვიფიქროთ საინჟინრო საკითხებზე და ყოველივე წინასწარ განვსაზღვროთ. უნდა გაითვალისწინოთ, სად და როგორ დააყენებთ გათბობის, წყალმომარაგებისა და ვენტილაციის სისტემებს, რაც სამომავლოდ, დისკომფორტისა და უკმაყოფილებისგან დაგიცავთ“. 

ბინისა და კერძო სახლის დიზაინის სპეციფიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა 

ჩვენი რესპონდენტები გვიხსნიან, რომ ინდივიდუალური სახლის ინტერიერის დიზაინი მრავალი თვალსაზრისით განსხვავდება ქალაქის ბინის დიზაინისგან და საკუთარი მახასიათებლები გააჩნია. იმის გამო, რომ ბინის ფართობი შეზღუდულია, ის მხოლოდ  ტრადიციულ ოთახებს მოიცავს, როგორიცაა სამზარეულო, მისაღები, საძინებელი და ა.შ. ინდივიდუალურ სახლს კი ასეთი შეზღუდვა არ აქვს. შესაბამისად, ის უფრო საინტერესოდ და მრავალფეროვნად შეგვიძლია დავაგეგმაროთ.

„თუ საკმარისი სივრცეა, მეპატრონეებს შეუძლიათ ადვილად აღჭურვონ სპეციალური ბუხრის ოთახი. რა თქმა უნდა, ნამდვილი ბუხრის მოწყობა წინასწარ უნდა დაიგეგმოს. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ იმიტირებული ბუხარი (მასში მოთავსებული სანათებით) ან ელექტრო ბუხარი. სურვილის შემთხვევაში, სახლში შესაძლებელია გამოყოთ ბიბლიოთეკის, სამუშაო, საბავშვო, გასართობი-ბილიარდის ოთახებიც და უფრო საინტერესო გახადოთ სივრცე“.   

 სახლის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინება 

დიზაინერები გვირჩევენ, აქტიურად გამოვიყენოთ სახლის არქიტექტორული მახასიათებლები, რაც პროექტს ორიგინალურ იერსახეს შესძენს.

მაგალითად, თუ მეორე სართულის კიბეების ქვეშ საკმარისი თავისუფალი ადგილია, შეგიძლიათ თაროები და მყუდრო ბიბლიოთეკა მოაწყოთ, ყავის მაგიდითა და კომფორტულ რბილი სკამებით. ან ეს სივრცე განსხვავებულად გამოიყენეთ — შექმნათ სათამაშო მოედანი, ან დასასვენებელი ზონა. გახსოვდეთ, რომ აგარაკის დიზაინის პროექტის შედგენისას, მაქსიმალურად უნდა აითვისოთ თავისუფალი სივრცე“.

ჩვენი რესპონდენტები ფანჯრის გაფორმებაზეც ამახვილებენ ყურადღებას  — „ისინი შეიძლება მრავალგვარი იყოს: ლენტით, პანორამული, კუთხოვანი. არასტანდარტული ფორმის ფანჯრები საინტერესოდ გამოიყურება თაღების ან ილუმინატორის სახით“. ამგვარად, მომხიბვლელი დიზაინით ფანჯრები შეგიძლიათ დეკორის მნიშვნელოვანი ელემენტი გახადოთ.

ოთახების ფუნქციური გადანაწილება

ინტერიერის დიზაინში მნიშვნელოვანია შენობის რაციონალური განლაგების უზრუნველყოფაც. პირველ სართულზე, ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი ადგილებია მოწყობილი — სამზარეულო, მისაღები, სასადილო, დასასვენებელი ოთახი, კაბინეტი. ზედა სართულებზე კი პერსონალური ოთახები —  საძინებლები, საგარდერობე, სველი წერტილები, საბავშვო ოთახები. ამ პროცესში, არ უნდა დაგვავიწყდეს ნულოვანი სართული, სადაც, აგრეთვე, შესაძლებელია სხვადასხვა საინტერესო იდეისა და ჩანაფიქრის განხორციელება.

ექსტერიერისა და ინტერიერის თანხვედრა

“Art Line Group”-ის გუნდი აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს ექსტერიერის სტილს. მნიშვნელოვანია, ისინი ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს. ეს იქნება — მინიმალიზმი თუ თანამედროვე, ვინტაჟური თუ რეტრო, სკანდინავიური თუ ეკო სტილი, სასურველია წინასწარ განვსაზღვროთ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საუკეთესო გამოსავალი ეკლექტიზმია. სხვადასხვა ოთახში იდენტური დეტალების გამოყენება კი ხელს შეუწყობს სახლის მთლიანობას და დიზაინის ერთიანობას.

პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერის დახმარება

ჩვენი რესპონდენტები გვირჩევენ სარემონტო სამუშაოებში დიზაინერის ჩართულობას, რადგან ეს მომსახურება დროსა და ენერგიის დაზოგვასთან ერთად, სასურველი შედეგის მიღებაშიც დაგვეხმარება — „არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის მომსახურება ბევრ უპირატესობას მოიცავს. თუ თქვენ დამოუკიდებლად გადაწყვეტთ ინტერიერის მოწყობას, დიდი ალბათობით ბევრ პრობლემას წააწყდებით. ეს ყველაფერი წაგართმევთ დიდ დროს, მასალების შერჩევა შეგიქმნით დისკომფორტს, გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ, რეალური შედეგი კი ჩანაფიქრისგან განსხვავებული იქნება. ამიტომ ეფექტური გზა პროფესიონალის დახმარებაა, რომელიც დიზაინ პროექტის სრულყოფას და შემდგომში მის რეალიზებას უზრუნველყოფს, რადგან ნდობა ციხეებს აშენებს, გამოცდილება კი სიმაგრეებს…“. 

ავტორი: მეკო მეტრეველი

ტელევიზორი, რომელიც კედლის ნახატად იქცევა და სხვა ჭკვიანი ნივთები თანამედროვე სახლისთვის

თბური პანელები – როგორია მათი მახასიათებლები და ღირებულება ქართულ ბაზარზე?