in

როგორ დავიცვათ წყლის მილები გაყინვისგან?

IPS
IPS

ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად, კვლავ აქტუალური გახდა სახლში მილების შეფუთვისა და ყინვისგან დაცვის საკითხი, რადგან გაყინულ მილებს უამრავი პრობლემის და ხარჯის შექმნა შეუძლია. მილების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, როგორც წესი, სახლის აშენების პროცესშივე იწყება, თუმცა, მისი დაცვის რამდენიმე მეთოდი ყოველთვის მოიძებნება.

რა საშიშროებას წარმოადგენენ გაყინული მილები?

როდესაც წყალი იყინება, მისი მოცულობა ფართოვდება. თუ ქილით წყალს საყინულეში დიდი ხნის განმავლობაში შედგამთ, შეამჩნევთ, რომ ქილა გაფართოვდება და გაიბზარება. იგივე პროცესები მიმდინარეობს მილების გაყინვის შემთხვევაშიც – მილზე ჩნდება ბზარები და ნაკაწრები. სისტემის გაყინვის შემდეგ, დაზიანებულ ადგილებში იწყება წყლის წვეთების გაჟონვა, რაც იწვევს წყლის დაბინძურებას, მილების მთლიანად გახეთქვას და სხვა პრობლემებს.

დაზიანებული მილის შესაცვლელად მოგიწევთ დიდი რაოდენობით ენერგიისა და თანხის დახარჯვა. ექსპერტები გვირჩევენ, რომ გაბზარული მილის შემთხვევაშიც კი ის მთლიანად შეცვალოთ და თავი შეიკავოთ მხოლოდ დაზიანებული ადგილის რესტავრაციისგან. მილების შეცვლა, როგორი ძვირიც არ უნდა იყოს ის, უფრო მეტად მომგებიანი და გონივრული ნაბიჯია, ვიდრე ბზარების შეკეთება, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ დაზიანდება.

როგორ ვებრძოლოთ მილების გაყინვის პროცესს?

წყალმომარაგების სისტემის არსებობის პერიოდში უამრავი ახლი მეთოდი შემუშავდა, რომლებიც წყლის მილების დაცვაში დაგეხმარებათ, თუმცა რამდენიმე მათგანი უნივერსალური და განსაკუთრებით ეფექტურია:

  • წყლის მუდმივი მიმოქცევა მილებში;
  • წყალმომარაგების სისტემის მოთავსება მიწისქვეშ;
  • მილების იზოლაცია შესაბამისი მასალით;
  • ზამთარში მილების გამოშრობა (იმ შემთხვევაში, თუ სახლში ზამთრის პერიოდში არავინ ცხოვრობს, მაგალითად აგარაკებზე და ა.შ);
  • წყალმომარაგების სისტემის იზოლაცია გათბობის კაბელების გამოყენებით;

ხშირად რამდენიმე მეთოდი გამოიყენება ერთდროულადაც. მაგალითად, მილები ჩამარხულია მიწაში და შეფუთულია შესაბამისი მასალით ან თბება კაბელების გამოყენებით.

როგორ ხდება მილების დაცვა წყლის მუდმივი მიმოქცევის მეთოდით?

თუ თბილი წყალი მუდმივად მიედინება მილებში, მაშინ სისტემა ვერ გაიყინება, რადგან წყალი მას საკუთარ სითბოს აძლევს. ყველაზე მარტივი მაგალითისთვის, თუ სახლში რომელიმე ონკანს თუნდაც ოდნავ ღიას დატოვებთ, მილებში წყალი არ გაიყინება.

თუმცა, აუცილებელია, რომ სითხის გადაადგილების სიჩქარე მილებში იყოს უფრო მაღალი, ვიდრე მისი გაყინვის სიჩქარე. აქედან გამომდინარე, რაც უფრო დაბალია ტემპერატურა გარეთ, მით უფრო ხშირად მოგიწევთ ონკანის მოშვებულ მდგომარეობაში დატოვება, რაც საკმაოდ რთულად განსახორციელებელია.

რატომ არის საჭირო მილების მიწისქვეშ მოთავსება?

ეს მეთოდი ყველა რეგიონში არ მუშაობს, რადგან დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიღრმეზე ხდება ზედაპირიდან ნიადაგის გაყინვა. მილების გაყინვისგან დასაცავად თხრილის სიღრმე უნდა იყოს 15-20 სანტიმეტრი, თუმცა ზოგ რეგიონში 15 სანტიმეტრის ქვემოთ ტემპერატურა იმდენად ეცემა, რომ მილის მიწაში მოთავსებას აზრი აღარ აქვს.

ამ სახის პრობლემები ეხებათ ძირითადად მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას, თუმცა ეფექტური მეთოდია დედაქალაქის მაცხოვრებლებისათვის.

როგორ შეგვიძლია მილების შეფუთვა?

დროთა განმავლობაში მილების დამცავი საფარი ცვდება, რადგან მასზე მუდმივად მოქმედებს ნიადაგი და ატმოსფერული ტენიანობა. გარდა ამისა, არსებობს მწერების ან მღრღნელების საიზოლაციო ფენაში შეღწევის პრობლემაც. თაგვებისგან საფარის დასაცავად, მილის თავზე ათავსებენ ლითონის წვრილ ბადეს, რომელსაც მღრღნელები ვერ აზიანებენ. თუ, მაგალითად, ჭიანჭველების მოშორება გჭირდებათ, მოგიწევთ გამოიყენოთ ალუმინის ფოლგა.

მილების შეფუთვა შეგიძლიათ ქაფიანი პოლიეთილენის გამოყენებითაც. მას აქვს დახურული ფორების სტრუქტურა, რის გამოც სიცივეს ნაკლებად ატარებს. ეს მეთოდი, სხვებთან შედარებით, უფრო მარტივი და ბიუჯეტურია.

ამას გარდა, არსებობს ე.წ თბოიზოლაციის საღებავიც, რომელიც არის ყველაზე თხელი, თუმცა საკმაოდ ეფექტური მასალა. საღებავი შეიცავს კერამიკულ მასალას, რომლის მილზე შესხურება ხდება. თუმცა, საკმაოდ მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, ამ მეთოდს ნაკლებად მიმართავენ.

რა არის გათბობის კაბელი?

გათბობის კაბელი არის სპეციალური გამათბობელი მასალა, რომელიც სპირალურად ეხვევა მილის ზედაპირს. ზოგჯერ ის პირდაპირ მილის შიგნითაც არის მოთავსებული, თუმცა ეს მეთოდი შედარებით რთულია. გათბობის კაბელს სჭირდება თერმოსტატი. როდესაც სპირალი იმდენად ცივდება, რომ მილს გაყინვის საშიშროება ემუქრება, თერმოსტატი რთავს ელექტრო დენს, რომელიც მილების სითბოს უზრუნველყოფს.

გათბობის კაბელების შეძენა შესაძლებელია მზა კომპლექტებში, რომელიც შეიცავს გარკვეული სიგრძის კაბელს, ელექტრო შესაერთებელსა და თერმოსტატს.

რატომ არის საჭირო მილებში წყლის გამოშრობის პროცესი?

წყლის გამოშრობის მეთოდს მიმართავენ მაშინ, როდესაც სახლს ზამთრის განმავლობაში ტოვებენ, რადგან, როდესაც მილებში წყალი არ მოძრაობს, ისინი აუცილებლად იყინება.

გამოშრობის მეთოდი გულისხმობს იმას, რომ თქვენ წინასწარ უნდა ამოტუმბოთ წყალი მილებიდან, გამორთოთ წყლის მიწოდება მთელს სახლში, დატოვოთ ონკანები მოშვებულ მდგომარეობაში და ა.შ.

წყლის მილების გაყინვის საშიშროება ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი მიწისქვეშ არ არის მოთავსებული, თუმცა ამ რამდენიმე პრაქტიკული და ეფექტური მეთოდის გამოყენება დაგეხმარებათ რისკების მინიმუმამდე შემცირებაში.

როგორ გავაკეთოთ არჩევანი კერამიკული ფილების სახეობებს შორის?

მრავალფეროვანი სახლი მცხეთაში — ინგა ბლესსის ინტერიერი