in

არქიტექტურული ძეგლები საქართველოდან: ქურდიანების დინასტიის შემოქმედება

Alliance Group
Alliance Group

არჩილ და გიორგი ქურდიანების შემოქმედებას და მის მნიშვნელობას  ქართული არქიტექტურის ისტორიაში ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ოჯახის არქიტექტურული მოღვაწეობა 1898 წლიდან იწყება, დღემდე აქტიურად გრძელდება და ამ სფეროს განვითარებასა და წინსვლაში დიდ როლს თამაშობს. დღევანდელ სტატიაში ქურდიანების ოჯახის მიერ შექმნილ ქართულ არქიტექტურულ ობიექტებს შემოგთავაზებთ, რომელთა შესახებ არჩილ და გიორგი ქურდიანები გვესაუბრებიან.

1. დიდუბის ხიდი

დიდუბის ხიდი არჩილ ქურდიანის პაპას, არჩილ ქურდიანს ეკუთვნის და გამორჩეულ ადგილს იკავებს დიდი არქიტექტორის შემოქმედებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრი კარგი შენობა გვაქვს, ჩვენი მხრიდან ცოტა არაკორექტული იქნება მათი გამოყოფა, ამიტომ იმ ნაგებობებს დავასახელებთ, რომლებიც უშუალოდ ჩვენს ოჯახთანაა დაკავშირებული და დიდი ისტორიული, კულტურული ღირებულება აქვს. ერთ-ერთი ასეთი ობიექტია დიდუბის ხიდი (შოთა შალიკაშვილის ხიდი), რომელიც პაპაჩემს, არჩილ ქურდიანს ეკუთვნის“, — არჩილ ქურდიანი.

2. ტელე-რადიო მაუწყებლობის შენობა (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა)

გიორგი ქურდიანისთვის გამორჩეულია მისი ოჯახის მიერ შექმნილი ისტორიული მნიშვნელობის ობიექტები, მათ შორის ერთ-ერთი  — ტელე-რადიო მაუწყებლობის შენობაა (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა), რომელიც უმნიშვნელოვანესი ისტორიული, ქალაქგეგმარებითი და ურბანული ობიექტია. აღნიშნული ნაგებობაც, დიდი არჩილ ქურდიანის დაპროექტებულია, რომელმაც 60-იან წლებში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.

„იმ დროს ახალი დამთავრებული იყო “სტალინური ეპოქა” და ეს შენობა სწორედ ახალი ეტაპის დასაწყისს აღწერს. ესაა მრუდხაზოვანი, რკინა-ბეტონისა და მინის ფასადის მქონე ნაგებობა. ამერიკულ ჟურნალებში წერდნენ, რომ ამ შენობით საბჭოთა არქიტექტურაში არქიტექტორული რევოლუცია დაიწყო. ამ ობიექტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობდნენ და სტუდენტებს ასწავლიდნენ“, — გიორგი ქურდიანი.

3. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა 

ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა  ქურდიანების დინასტიის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ავტორი და მთავარი არქიტექტორი არჩილ ქურდიანი (1936 წ),  პროექტის ფუნდამენტური რეკონსტრუქციის ავტორი კი არჩილ ქურდიანთან ერთად, მისი შვილი, გია ქურდიანია. როგორც გიორგი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: „პირველი სტადიონი, მისი დანგრევა, ახალი შენობის აშენება და მასთან დაკავშირებული პრობლემები, მოსკოვთან ურთიერთობები, პოლიტიკა, არქიტექტორული კრეატიული ხედვა და ურბანული გადაწყვეტები – ეს  ყველაფერი ჩვენი ოჯახის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია“. 

4. ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია

კიდევ ერთი ქართული არქიტექტურული ობიექტი, რომელზეც ქურდიანები ყურადღებას ამახვილებენ ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაა, რომელიც გიორგი ქურდიანის პირველი, დამოუკიდებელი პროექტია საქართველოში.

„საოცრად გამიმართლა დამკვეთში, ქალბატონ ლეილასთან მქონდა ძალიან სწორი და კორექტული ურთიერთობა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი შენობაა. როდესაც პროექტი დავასრულე, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს იყო არქიტექტორი საქართველოში და ამ მოტივაციით შევეჭიდე ამ პროფესიას“, — აღნიშნავს გიორგი ქურდიანი.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ავტორი: მეკო მეტრეველი

მწვანე სამზარეულოს მქონე მყუდრო შვედური აპარტამენტი

„TON“-ის გრეხილი ავეჯის განსაკუთრებული გამოცდილება ქართულ ბაზარზე — ინტერვიუ მარიამ მამაცაშვილთან