in

ქართული ელემენტებით გაფორმებული მინიმალისტური ინტერიერი ამაღლების ქუჩაზე — ქეთი ჭიჭინაძის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ინტერიერის დიზაინერის ქეთი ჭიჭინაძის პროექტს, რომელიც მან მეუღლესთან, დავით ლომთაძესთან და პროექტის მენეჯერთან, თინათინ გამყრელიძესთან ერთად შეასრულა. ქეთი ამჟამად ნიუ-იორკში მოღვაწეობს, ის ინტერიერის დიზაინის სტუდიის კრეატიული დირექტორია. როგორც თავად ამბობს, უახლოეს მომავალში საქართველოშიც გეგმავს სტუდიის გახსნას და საინტერესო პროექტების განხორციელებას. საცხოვრებელი ფართი, რომელიც ამაღლების ქუჩაზე მდებარეობს და 39,5 მ2-ია,  ქეთისა და მის მეუღლეს ეკუთვნის. აღნიშნული ბინა მათი პირვანდელი სახლის გვერდით მდებარეობდა, ამიტომ წყვილმა მისი შეძენა და საინვესტიციო პროექტად გადაკეთება გადაწყვიტა. რადგან ოჯახი საქართველოში არ იმყოფება, მათი ბიზნეს პარტნიორი — თინათინ გამყრელიძე პროექტის მენეჯმენტსა და სარემონტო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, დავითი კი ფინანსურ საკითხებს განაგებდა.

საპროექტო დავალება გულისხმობდა ფუნქციური, მინიმალისტური, მიმზიდველი, ფერადი და  ხალისიანი სივრცის შექმნას, რომელიც ფართობის სიმცირის მიუხედავად, საკმაოდ პრაქტიკული და კომპაქტური უნდა ყოფილიყო. ასევე, აუცილებელი იყო თბილი და მყუდრო ატმოსფეროს მოწყობაც, რაც უხვი განათებით, საინტერესო დეკორატიული აქსესუარებითა და ავეჯით შეიქმნა.

ამასთანავე, პროექტის ავტორისთვის მნიშვნელოვანი იყო ხელმისაწვდომი, თუმცა ხარისხიანი და გემოვნებიანი მასალების გამოყენებაც, რაც სივრცის ავთენტურობასა და მომხიბვლელობას განსაზღვრავს.

როგორც ქეთი გვიამბობს, მისთვის მთავარი გამოწვევა უცხოეთიდან  მუშაობა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას თინათინ გამყრელიძე ეხმარებოდა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა სურდათ ბინის მფლობელებს, საკმაოდ რთული იყო ხელოსნებთან, მუშებთან, ავეჯის მწარმოებლებთან კომუნიკაცია და მათი მეთვალყურეობა. ამავდროულად,  პროცესში ხშირად უწევდა საკუთარი ინტერესებისა და სურვილების დაცვა, გამოსავლის ძიება და ახალი გადაწყვეტილებების მოფიქრება, რათა სასურველი შედეგი მიეღო. საბოლოოდ, დიდი შრომის შედეგად, რემონტი 5 კვირაში წარმატებით დასრულდა და ინტერიერი სრულად მოეწყო.

იმის გამო, რომ ბინა პატარა და მაღალჭერიანია, საჭირო იყო მისი სწორი, ფუნქციური გადანაწილება. ამიტომ აქცენტი საინტერესო ავეჯსა და დიზაინობიექტებზე გაკეთდა. კონცეფციის შემუშავებისას დიდი როლი ითამაშა აივანმა და ცისფერმა ფანჯრებმა. ეს დეტალი ძველ თბილისურ სახლებს მოგვაგონებს, რის გამოც პროექტის ავტორმა სახლში ტრადიციული ელემენტების შემოტანა გადაწყვიტა. ამასთანავე, დიზაინერმა მაქსიმალურად გამოიყენა უკვე არსებული დიზაინ ელემენტები და ინტერიერი სივრცეს მიუსადაგა. ამ პროცესში კი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მისაღები ოთახის ძველმა ქართულმა გობელენმაც, რომელიც ბინის გამორჩეული ნაწილია.

ინტერიერში ბუნებრივი მასალებია გამოყენებული: ხე, მარმარილო, ბეტონი, კვარცი, ტერაკოტა, კერამიკა. სივრცე კი ქეთი ჭიჭინაძის დიზაინით შექმნილი ავეჯით, ვინტაჟური ობიექტებით, ტექსტილითა და საინტერესო აქსესუარებითაა გაფორმებული.

მისაღებ ოთახში საძილე და მოსასვენებელი ზონაა განაწილებული, რომლებიც ერთმანეთისგან თაროებით გამოიყოფა. თაროები ზონირებასთან ერთად, სათავსოს ფუნქციასაც ასრულებს, მათზე წიგნებსა და აქსესუარებს ვხვდებით. აქვეა მოწყობილი პატარა საგარდერობო კუთხეც, რაც თაროს დიზაინს უფრო მრავალფეროვანს ხდის. კედლები თეთრადაა შეღებილი, მათ ღია ხისფერი იატაკი და ხის ავეჯი აბალანსებს და სივრცეს თბილ ატმოსფეროს ანიჭებს. ქართულ დეტალებს — კედლის ფარდაგსა და ორნამენტებიან ხალიჩას ტრადიციული ესთეტიკა შემოაქვს სივრცეში. საძინებლის ზონაში ყურადღებას იქცევს ქართული ორნამენტებიანი თიხის გამომწვარი ფილები ლოგინის თავზე, რომელიც „Pila Ceramics“-ს ეკუთვნის.

განათებას ოთახში დიდი როლი ენიჭება, მიმზიდველი დიზაინის სანათები დეკორაციას ამდიდრებს და ინდივიდუალურ სტილს სძენს სივრცეს. აღსანიშნავია საწოლის თავზე დამონტაჟებული „Element“-ის საბჭოური სანათი, რომელსაც ასევე სიძველის განწყობა შემოაქვს. “Element”-ის საბჭოური სანათებია გამოყენებული სამზარეულოშიც, რომელთა მეშვეობით ეს ორი ზონა ერთმანეთს ეხმიანება.

სიძველის ეფექტს ქმნის ტახტთან მდგარი ხის კარადა და საწერი მაგიდა, რომელზეც ია ლიპარტელიანის ორიგინალური ფორმის კერამიკის სანათია მოთავსებული. ამასთანავე, სახასიათო სტილს ქმნის გიორგი დოლიძის თიხის სკულპტურა კედელზე და თაბაშირის ელემენტი სამუშაო მაგიდაზე.

ინტერიერი მცენარეებითა და  სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებითაა გაფორმებული, მათ შორის — ნიუ-იორკიდან ჩამოტანილი Isamu Noguchi-ის, ნიკა ქუთათელაძის, კარლო კაჭარავასა და „ფაბრიკის“ პრინტებით, რომლებიც მაღაზია “Stamba Books”-შია შეძენილი. ხოლო “TASCHEN”-ის დიდი წიგნების კოლექცია ასევე ნიუ-იორკიდანაა ჩამოტანილი.

სამზარეულო საკმაოდ სადა და დახვეწილია, სადა ფერებს ჰარმონიულად ერწყმის შავი ავეჯი და მწვანე მაცივარი, რომელიც იდეალურად ეხამება ცისფერ ფანჯარას. ღია ხის თაროები ამ ზონას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს და ალამაზებს.

სააბაზანო შედარებით მუქი ტონებით ხასიათდება, ნაცრისფერ ფილებს მუქი ხის ავეჯი და შავი ელემენტები ავსებს. ფართის სიმცირის მიუხედავად, ეს ზონა საკმაოდ კომპაქტურად და კომფორტულადაა დაპროექტებული.

ქეთი ჭიჭინაძის პროექტი ფუნქციური, მინიმალისტური, ნათელი და მყუდრო სივრცეა. მასში ქართული ტრადიციული ელემენტები ინტერიერს გემოვნებიანად ესადაგება, რაც  ეკლექტურ დიზაინს განაპირობებს. ბინა პატარაა, თუმცა თითოეული კუთხე მაქსიმალურადაა ათვისებული და საკმაოდ მოსახერხებელ ადგილს ქმნის, რომელიც მიმზიდველი ავეჯით, აქსესუარებითა და ორიგინალური ფორმის დიზაინობიექტებითაა გაფორმებული.

პროექტის ავტორები: ქეთი ჭიჭინაძე, თიკო გამყრელიძე, დავით ლომთაძე

აბაზანის ფილები: „გორგია“

განათება: „Isamu Noguchi“; „Bibi Element“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ლაშა გიგაური

იატაკის გათბობა თუ სტანდარტული რადიატორი – როგორ ავირჩიო?

რას ნიშნავს “უსაფრთხო ტაფა” და როგორია მისი მოვლის წესი?