in

როგორ მოვამზადოთ ბაღი ზამთრისთვის და როგორ მოვუაროთ მას ცივ სეზონზე? – გიორგი ლაბაურის რჩევები

ბაღს მოვლა და მზრუნველობა ყველა სეზონზე სჭირდება, რათა მუდმივად შეინარჩუნოს განსაკუთრებული იერსახე, მიმზიდველობა და საცხოვრებელში გამორჩეული ატმოსფერო შექმნას. ზამთარი  მცენარისთვის განსაკუთრებით რთული პერიოდია, ამიტომ აუცილებელია მათი საგანგებოდ მომზადება და სპეციალური სამუშაოების ჩატარება, რათა გაზაფხულსა და ზაფხულს  ჯანსაღად და წარმატებით შეხვდეს.

კომპანია „Buneba landscape design“-ის დამფუძნებელი, გიორგი ლაბაური შემოდგომა-ზამთარში მცენარეების მოვლის მნიშვნელობაზე გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს ვეგეტაციისა და ყვავილობის დასრულების დრო აქვს, რომლის შემდგომაც მოსამზადებელი პერიოდი იწყება, სპეციალური სამუშაოების ჩატარების გარეშე კი ბაღში სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ.

დარგის სპეციალისტი გვირჩევს, რომ უპირველესად, მცენარეები არასასურველი, დაბინძურებული ნაწილებისა და ნივთიერებისგან გავწმინდოთ. ფოთოლმცვენი მცენარეების შემთხვევაში, სასურველია, ხმელი და არასწორად გაზრდილი ტოტები მცენარეებს მოვაშოროთ, ისე, რომ ტოტები დიდ სიღრმეზე არ მოვჭრათ და მხოლოდ ზედაპირული გასხვლა ჩავუტაროთ. ამ პროცესში არ უნდა დაგვავიწყდეს მარადმწვანე მცენარეებიც და ისინიც ხმელი ფოთლებისა და წიწვებისგან გავათავისუფლოთ.

მცენარისათვის კვება მისი სიცოცხლისა და ნივთიერებათა ცვლის საფუძველია, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი საკვები დანამატებით მომარაგება და ზამთრისთვის საჭირო ნივთიერებების მიწოდება: „აუცილებელია, მცენარეები შემოდგომითაც მოამარაგოთ მათთვის განკუთვნილი სასუქით, რათა ზამთრის პერიოდში  ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეთ და გაზაფხულზე ყვავილობის პროცესიც წარმატებით განვითარდეს. ასევე, საჭიროა მცენარეების გარშემო მიწის დამუშავება – მცენარის ირგვლივ 10—15 სმ.-ის სიღრმეზე მიწა უნდა დაიბაროს და შემდგომ მიეწოდოს სასუქი“, — აღნიშნავს გიორგი.

კომპანიის წარმომადგენელი გვირჩევს, რომ დაბალი ტემპერატურის პირობებში, მცენარეებს მეტი სიფრთხილითა და ყურადღებით მოვეკიდოთ. ამისათვის იდეალური გზა მულჩას გამოყენებაა. მულჩა ნიადაგის საფარია, რომელიც ორგანული ნარჩენებისგან — ნამჯისგან, თივისგან, ნაჭუჭისგან და მზესუმზირას ნარჩევისგან მზადდება. იმისათვის, რომ მცენარეს ფესვები არ გაეყინოს,  უმჯობესია, მულჩა მის ირგვლივ 4-7 სმ-ის სიმაღლეზე დაყაროთ და ამით ისინი სიცივისგან დაიცვათ.

მცენარეების ნაწილი სიცივესა და ყინვას ვერ უძლებს. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი მათი შეფუთვაა: „ისეთი მცენარეები, რომლებიც ვერ უძლებენ დაბალ ტემპერატურას, სასურველია, რომ შეიფუთოს სპეციალური მცენარეების შესაფუთი მატერიით და არა ცელოფნით, რადგან ცელოფანი მას სუნთქვის საშუალებას არ მისცემს და მცენარეს სიცოცხლისუნარიანობას საფრთხეს შეუქმნის“, — ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

გიორგი გვიხსნის, რომ გავრცელებული აზრი, რომ ზამთარში მცენარეების მორწყვა საჭირო არაა, შეცდომაა, რადგან მათ წყალი ყველა სეზონზე სჭირდებათ.

„ძალიან ხშირად ზამთარში მცენარეებს არ რწყავენ, რაც დაუშვებელია. საშუალოდ, თუ 7-10 დღის განმავლობაში უნალექო ამინდებია და ტემპერატურაც -2 – -5 გრადუსზე არ ჩამოდის, მიწა გამოშრობას იწყებს. ამიტომ ამ დროს სასურველია, მცენარე მსუბუქად მოირწყოს, ამასთანავე, ჯობია, ეს დილით მოხდეს არა საღამოს“.

ლანდშაფტის დიზაინერი სარწყავ სისტემებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური სარწყავი სისტემაა ეზოში და ზამთარში ტერიტორიაზე საშუალოდ, -4 — -10 გრადუსი ფიქსირდება, აუცილებელია წყალი ცენტრალური სისტემიდან გამოვიყენოთ, რადგან მილებში არსებული წყალი შეიძლება გაიყინოს.

მცენარეებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია გაზონის მოვლა და ზამთრისთვის მისი მომზადება. ამ პროცესში კი გიორგი სამ ძირითად კომპონენტს გამოყოფს:

„თუ გსურთ, გაზონმა ეფექტური და ჯანსაღი იერი შეინარჩუნოს, აუცილებელია ისიც კომპლექსური სასუქით უზრუნველყოთ, რომელსაც მაღალი შემცველობის აზოტი არ ექნება. ასევე, არ უნდა დაგავიწყდეთ რეგულარული მორწყვა და თიბვა. ასევე გაზონს აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ სკარიფიკაცია  ­­– იგივე ჰაერაცია, როდესაც სპეციალური ინსტრუმენტით ხდება მიწის მოჭრა, ხმელი ბალახის ამოღება და ნიადაგში ჰაერის შეშვება, რაც მიწასა და ბალახს აცოცხლებს და აჯანსაღებს“.

აღნიშნული რჩევები დაგეხმარებათ ბაღის მიმზიდველობის შენარჩუნებასა და ზამთარში მის ეფექტურ მოვლაში, რათა თქვენი მცენარეები და ყვავილები მომხიბვლელად და სრულფასოვნად გამოიყურებოდნენ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

„Forarchitects.ge“ – ქართულ ბაზარზე არქიტექტურული მომსახურების ღირებულების საანგარიშო პლატფორმა გამოჩნდა

როგორ ამცირებს ხარჯებს პრემიუმ-ხარისხის საწმენდი საშუალებების გამოყენება?